როგორც მოგეხსენებათ, ამ რამდენიმე დღის წინ, გორის “დილას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში “ზესტაფონის” კაპიტანმა ჯაბა დვალმა “დუბლი” შეასრულა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ეს ამბავი იმიტომაა, რომ ეს გოლები 29 წლის ფორვარდისთვის ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში მარგველთა მაისურით გატანილი რიგით 50-ე და 51-ე გახლდათ.
ჯაბა დვალის ზესტაფონური მონაგარით დაინტერესებული სტატისტიკის მოყვარულები შეამჩნევდნენ ერთ უცნაურ გარემოებას – გორში გამართულ შეხვედრამდე იმერელთა თავდამსხმელის მიერ ეროვნულ ჩემპიონატში გატანილი ბურთების დაჯამებისას სხვადასხვა წყარო 48 ან 49 გოლს ასახელებდა…
ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ზოგი წყაროს ინტერპრეტაციით, ჯაბას საერთო მონაგარს აკლდება 2010 წლის 20 მარტს რუსთავის “ოლიმპთან” მატჩში გატანილი გოლი. როგორც გახსოვთ, ის სკანდალური შეხვედრა მოედანზე განვითარებული არასაფეხბურთო ამბების გამო შეწყდა, თუმცა მანამდე ზესტაფონელთა მხრიდან გატანილი გოლით სწორედ ჯაბა დვალმა მოახერხა თავის გამოჩენა.
იმის მიუხედავად, რომ იმ შეხვედრის მონაწილე ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა, ძალიან ბევრი წყარო (მათ შორის ისეთი ავტორიტეტულიც, როგორიცაა www.soccerway.com), იმერელთა კაპიტნის მიერ ჩემპიონატში გატანილი გოლების საერთო ციფრის გამოყვანისას, რუსთაველთა კარში გატანილ იმ გოლსაც ანგარიშობს.
უნდა ითქვას, რომ ეს 51 გოლი ფეხბურთელს ჩვენი გუნდის რიგებში გამართულ 104 შეხვედრაში (მოედანზე გატარებულ 8120 წუთში) აქვს გატანილი. სულ კი, ზესტაფონელთა მაისურით ჯაბას 138 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და მარგველთა მეტოქეთა კარი 70-ჯერ აქვს აღებული.
აღნიშვნის ღირსია ის, რომ ჩვენი კლუბის საუკეთესო გოლეადორთა ”ჭიდილში” ჯაბა დვალმა მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა – სადღეისოდ ზესტაფონელ მეგოლეთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს ნიკოლოზ გელაშვილი, რომლის ანგარიშზე ეროვნულ ჩემპიონატის მატჩებში გატანილი 63 გოლია, ხოლო მესამეზე 48 ზუსტი დარტყმით ზურაბ იონანიძე გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, სადღეისოდ ჯაბა მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა – მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მსვლელობისას მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია, მის ანგარიშზე უკვე 6 გატანილი გოლია და ამ მაჩვენებლით ის, გორელ ირაკლი მოდებაძესთან და ქუთაისელ ოთარ კვერნაძესთან ერთად, საუკეთესო გოლეადორთა სიას სათავეში უდგას…
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური