ზამთრის თასი 2018 – “ლოკომოტივი” ჩემპიონია!

14 იანვარს, ზამთრის თასი 2018-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთს ეროვნული ლიგის წარმომადგენელი „ლოკომოტივი“ და ეროვნულ ლიგა 2-ში ახლად გადმოსული „შევარდენი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ლოკომოტიველთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა მატჩი პირველი წუთებიდან აქტიური შეტევებით დაიწყო და თეიმურაზ შონიამ უკვე მე-7 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა. ამ მომენტიდან ზუსტად 2 წუთში დავით ოდიკაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლოკომოტივმა“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. პირველი ტაიმის დასრულებამდე ლოკომ მეტოქის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-12 წუთზე გიორგი გაბაძემ სხვაობა სამამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში დაფიქსირდა, მე-18 წუთზე გიორგი ნადირაძის კარი გიორგი კიკნაძემ აიღო.

ფინალურ შეხვედრამდე გულშემატკივარმა მესამე ადგილისთვის მატჩი იხილა. „ნორჩი დინამოსა“ და “ვიტ ჯორჯიას“ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 5:5 დასრულდა. პენალტების სერია კი დინამოელებმა უკეთ შეასრულეს და მეტოქე ანგარიშით – 4:3 დაამარცხეს.

ზამთრის თასი 2018-ის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავა დასახელდა. ბომბარდირი კი 8 გატანილი გოლით თბილისის „ნორჩი დინამოს“ შემტევი, გიორგი ჯინიკაშვილი გახდა.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცეს. თბილისის „ლოკომოტივმა“ ჩემპიონის თასთან ერთად 15 000 ლარი მიიღო, მეორე ადგილოსან „შევარდენს“ 10 000 ლარი გადაეცა, მესამე ადგილზე გასულ „ნორჩ დინამოს“ კი – 5000.

Eliga.Ge

ზამთრის თასი 2018 – საქართველო ჩემპიონია!

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება ტრადიციულად უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების ტურნირით დასრულდა. წლევანდელ ტურნირზე საქართველოს ნაკრებთან ერთად, ესპანეთის, იტალიის, უკრაინის, თურქეთისა და უეფას გუნდები ასპარეზობდნენ.

საქართველოს ნაკრები „ა“ ჯგუფში იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჩვენმა გუნდმა ტურნირის პირველ შეხვედრაში იტალია დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 7:6 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან პოკერით ალექსანდრე იაშვილი გამოირჩა, თითო გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა და კახა კალაძემ გაიტანეს, ერთი ბურთი კი, საკუთარ კარში მასიმო პაგანინიმ ჩაჭრა. ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდა. დაძაბული და საინტერესო მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ქართველთა მხრიდან გოლები გიორგი დემეტრაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და „ა“ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, ესპანეთმა კი საკუთარი მატჩი იტალიასთანაც მოიგო, ანგარიშით – 3:2 და 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

„ბ“ ჯგუფი უკრაინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. უკრაინელებმა ჯგუფში ორივე თამაში მოიგეს და 6 ქულა დააგროვეს. პირველ შეხვედრაში მათ თურქეთს აჯობეს ანგარიშით – 3:2, მეორე მატჩი კი უეფას მოუგეს 4:1. მეორე ადგილზე სწორედ უეფას გუნდი გავიდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გუნდმა თურქეთი დაამარცხა, ანგარიშით 3:2 და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება სამი ქულით მოიპოვა.

პირველი ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 6:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლებით კახა კალაძე (4), მიხეილ ყაველაშვილი და ალექსანდრე იაშვილი გამოირჩნენ. მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრები უეფას დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საქართველო და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე ჩივაძისა და რევაზ ძოძუაშვილის გუნდმა ჯგუფში განცდილი მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში აიღო, გადამწყვეტ შეხვედრაში მეტოქე 6:3 დაამარცხა და ზამთრის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა. ჩემპიონთა მხრიდან ჰეტ-თრიკით გუნდის კაპიტანი, კახა კალაძე გამოირჩა, თითო გოლი კი, ალექსანდრე ამისულაშვილის, ზურაბ ხიზანიშვილისა და ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ უეფას გუნდის წევრი, მილენკო აჩიმოვიჩი დასახელდა, ბომბარდირი 8 გატანილი გოლით საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე გახდა, საუკეთესო მეკარეს წოდება კი ესპანელმა ხულიო იგლესიასმა მიიღო. გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ გადასცეს.

დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის საფეხბურთო ვარსკვლავების გათამაშების გამარჯვებულს- საქართველოს ნაკრებს თასი დავით პეტრიაშვილის მეუღლემ – ლიკა იოსელიანმა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცეს.

Gff.ge

ზამთრის თასი 2018 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში

12 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშებააიღებს სტარტს.

ტრადიციად ქცეულ ტურნირზე, რომლის მთავარი მიზანი საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის შესვენებისგამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა, დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალია.

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 12-13 იანვარს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 გუნდსშორის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 14 იანვარს ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ.

2018 წლის გათამაშებაში სიახლეა: ამჯერად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის სრული დაფინანსებით, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდები გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი მიიღებს.

წლევანდელ ზამთრის თასზე შარშანდელი გათამაშების მსგავსად გულშემატკივარს ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ხილვა შეეძლება. 14 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ზამთრის თასისთვის“ ერთმანეთს უეფას, საქართველოს, უკრაინის, ესპანეთის, თურქეთისა და იტალიის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

თბილისში „ზამთრის თასის“ გათამაშებაზე დეიან სტანკოვიჩი, ნიკოლა ამორუზო, კრისტიან კივუ, მაურიციო განცი, ჟოან კაპდევილა და სხვა საფეხბურთო ვარსკვლავები ითამაშებენ. „ზამთრის თასის“ ჯგუფური ეტაპისა და პლეი-ოფის მატჩებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იხილავთ.

14 იანვარს, 19 საათიდან ფინალური შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: „ზამთრის თასზე“ დასწრების მსურველი მედიასაშუალებები დაუკვაშირდით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს. ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიცემა. 12 და 13 იანვარს მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 საათიდან დაიწყება. ვარსკვლავური შემადგენლობით დაკომპლექტებული გუნდები 14 იანვარს, 11.30-დან ითამაშებენ.

Gff.ge

უბილავა: “ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება”

მიმდინარე წლის 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირის მიზანი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ეროვნული ლიგის ვებგვერდთან, ზამთრის თასის შესახებ, თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ ისაუბრა.

“მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა. კარგია, რომ ზამთრის თასზე ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად მაყურებლს კარგი სანახაობა ელოდება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირები ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. თანაც, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან მოგვიწევს ყოფნა და ვფიქრობ, ეს თამაშები მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება”. – ამბობს უბილავა.

ზამთრის თასზე, ლოკომოტივი დ ჯგუფში, საბურთალოსთან, მარტვილის მერანთან და ცხინვალთან ერთად იასპარეზებს.

Fcloco.Ge

ზამთრის თასზე ჯგუფები დაკომპლექტდა

საქარველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2018 წლის იანვარში რიგით მეორე ზამთრის თასი გაიმართება. ტურნირი ემსახურება ქართული საკლუბო ფეხბურთის პოპულარიზაციას და ზამთრის შესვენების გამრავალფეროვნებას. მასში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი 16 გუნდი.

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების მონაწილე 16 გუნდისგან ოთხი ჯგუფი დაკომპლექტდა:

ჯგუფი “ა”: “გაგრა”, “ტორპედო”, “რუსთავი”, “თელავი”.

ჯგუფი “ბ”: “დინამო თბ”, “კოლხეთი 1913”, “ვიტ ჯორჯია”, “ნორჩი დინამო”.

ჯგუფი “გ”: “სამტრედია”, “დილა”, “სიონი”, “შევარდენი 1906”

ჯგუფი “დ”: “საბურთალო”, “ლოკომოტივი”, “მერანი”, “ცხინვალი”.

ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშება გაიმართება უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზში.

ზამთრის თასი 2018 – იანვარში საქართველოს რამდენიმე ვარსკვლავიც ესტუმრება

2018 წლის „ზამთრის თასის“ გათამაშება 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს და სამ დღეს გაგრძელდება. აწ უკვე ტრადიციულ ტურნირს, რომლის მთავარი მიზანიც ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება, ფეხბურთის პოპულარიზაცია და გულშემატკივრისთვის კომფორტულ გარემოში საახალწლო საჩუქრის შეთავაზებაა, ამჯერად გაცილებით მეტი მონაწილე ეყოლება. ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის 16 კლუბისა და ვეტერანი ვარსკვლავების გარდა, ზამთრის თასს 14-წლამდე გუნდებიც გაითამაშებენ. 14-წლამდელთა გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის 12 რეგიონული ნაკრები, თბილისის ელიტ-ლიგის სამი პრიზიორი („დინამო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და სფფ-აკადემიის გუნდი.

რაც შეეხებათ ვარსკვლავებს – მთავარი სიახლეა, რომ ამჯერად ტურნირს იტალიელი ვეტერანებიც შეუერთდებიან. იტალიის გარდა, „ზამთრის თასზე“ შარშანდელი მონაწილეებიც ითამაშებენ: საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და ესპანეთის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებები. ამათ გარდა კი თბილისს, ტრადიციულად, უეფას გუნდიც ესტუმრება, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ისეთი ვარსკვლავიც იქნება, როგორებიც რუმინელი კრისტიან კივუ, სლოვენიელი მილენკო აჩიმოვიჩი და სერბი დეიან სტანკოვიჩი არიან.

Gff.Ge