ბარელა “ლივერპულთან” ორივე მატჩს გამოტოვებს

მილანის “ინტერის” ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში მადრიდის “რეალთან” გამართული შეხვედრის (0:2) ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელი ნახევარმცველი გაცხარდა და ედერ მილიტაოს დაუპირისპირდა, რის გამოც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მომხდარზე იმსჯელა და ბარელა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

“ინტერი” “ლივერპულს” “ჯუზეპე მეაცაზე” 16 თებერვალს მიიღებს, განმეორებითი მატჩი კი “ენფილდზე” 8 მარტს ჩატარდება.

ბარელა: “ჩვენ და ესპანელებს ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს”

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ნიკოლო ბარელამ ევრო-2020-ის ნახევარფინალურ ეტაპზე ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩის მოლოდინების შესახებ ისაუბრა.

“საოცარი ნახევარდაცვა ჰყავდა იმ ესპანეთის ნაკრებს, რომელმაც 2012 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ესპანელებს დღესაც მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ დონეს მივაღწევთ და შესაძლოა, მათზე უკეთესადაც კი ვითამაშოთ.

სერხიო ბუსკეტსი უკვე მრავალი წელია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. მათ ჰყავთ პედრი და კოკე. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, ესპანეთის ნაკრების დამარცხებას ვეცდებით. რთული შეხვედრა იქნება. ჩვენ ერთმანეთის მსგავსი ნაკრებები გვყავს, ორივე გუნდს უყვარს მოედანზე ბურთის ფლობით დომინირება. იმედია, კარგი თამაში გამოვა და ფანტასტიკურ სტადიონზე დიდ სიამოვნებას მივიღებთ”, – თქვა ბარელამ.

მატჩი იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა ლონდონში, “უემბლის” სტადიონზე გაიმართება.