დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ (ვიდეო)

“რომას” თავდამსხმელები სეიდუ დუმბია და ჟერვინიო რომში კოტ დივუარის საელჩოს ეწვივნენ. სტუმრების პატივსაცემად სპეციალური საღამო მოეწყო, ფეხბურთელებს იტალიურ ენაზე სიმღერაც მიუძღვნეს.

შეგახსენებთ, რომ კოტ დივუარის ნაკრები აფრიკის თასის 2015 წლის ჩემპიონი გახდა.

ჟერვინიომ სოციალურ ქსელში საღამოს ერთ-ერთი ეპიზოდის ვიდეო ატვირთა.

“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

„ნაპოლიმ“ „რომა“ გაანადგურა და თასის ფინალში გავიდა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „ნაპოლისა“ და „რომას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი ნეაპოლელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა რომაელებს ანგარიშით 3:2 ჰქონდათ მოგებული.

„სან პაოლოზე“ გამართულ მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე ხოსე კალეხონმა გახსნა. 48-ე წუთზე გონსალო იგუაინმა „ნაპოლის“ უპირატესობა განამტკიცა. მატჩს საბოლოო წერტილი 51-ე წუთზე ჟორჟინიომ დაუსვა — 3:0. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს „რომას“ ნახევარმცველი კევინ სტროტმანი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ზედიზედ ორი ყვითელი ბარათი მიიღო. სხვათა შორის, მატჩს ესწრებოდა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა.

„ნაპოლი“ იტალიის თასის ფინალში „ფიორენტინას“ შეხვდება.

იტალიის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ნაპოლი“ — „რომა“ 3:0 (1:0)

გოლები: კალეხონი 33′, იგუაინი 48′, ჟორჟინიო 51′.
გაფრთხილებები: მაჯო 57′, კალეხონი 74′ — ბენატია 15′, ლიაიჩი 21′, სტროტმანი 79′, ლეანდრო კასტანი 83′.
გაძევება: სტროტმანი 79′.

ჟერვინიო: „ბურთით უსეინ ბოლტსაც გავუსწრებ“

„რომას“ თავდამსხმელი ჟერვინიო საკუთარ თავს კარგ მორბენალს უწოდებს.

მოგეხსენებათ, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში, რომელშიც „რომამ“ „ნაპოლი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ჟერვინიომ დუბლი შეასრულა. შეხვედრის შემდეგ 26 წლის თავდამსხმელი ხუმრობის ხასიათზე დადგა და თქვა, რომ ბურთით 100 და 200-მეტრიან დისტანციაზე მსოფლიოს ჩემპიონს, სახელგანთქმულ სპრინტერ უსეინ ბოლტსაც გაუსწრებს.

„ბურთით ბოლტსაც კი გავუსწრებ. ბურთის გარეშე ის ჩემზე სწრაფი იქნება“, – აღნიშნა კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა.

ჟერვინიოს ეს განცხადება ცნობილი კარიკატურისტის, ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და მხატვარმა ამ ფრაზას კარიკატურაც მიუძღვნა. აქ ამ ნახატის გარჩევას არ დავიწყებთ, თუმცა მომანმა ჟერვინიოს ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა და სარბენ ბილიკზე მისი უპირატესობა არა ბურთის ფლობით, არამედ წაგრძელებული კისრითა და თავსაბურავის ფორმით გამოხატა.

ჟერვინიო მანამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა, თუმცა პრემიერლიგაში ფეხი ვერ მოიკიდა და იტალიურ „რომაში“ გადაბარგება არჩია. ფეხბურთელმა სერია А-ს მიმდინარე გათამაშებაში 18 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი მიითვალა.

ბექა დოგრაშვილი

„რომამ“ „ნაპოლი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე „რომასა“ და „ნაპოლის“ შორის გამართული პირველი მატჩი დრამატულად წარიმართა და საბოლოო ჯამში, ის რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით განვითარდა და რომაელები უკვე მე-13 წუთზე დაწინაურდნენ, როცა ფრანჩესკო ტოტიმ ჟერვინიო მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, კოტ დივუარელმა ფეხბურთელმაც არ დაახანა და მასპინძლები დააწინაურა. „მგლებმა“ უპრატესობა 32-ე წუთზე განამტკიცეს, შორი მანძილიდან კევინ სტროტმანის დარტყმულს პეპე რეინამ ვერაფერი მოუხერხა.

მეორე ტაიმში ნეაპოლელები გონს მოეგნენ და შეხვედრის 47-ე წუთზე გონსალო იგუაინის გამჭოლი პასი რომაელთა მეკარე მორგან დე სანკტისმა ვერ შეაჩერა, მეტიც – ბურთი კარში წავიდა და სხვაობაც შემცირდა. მატჩის 70-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელებმა ანგარიში სულაც გაათანაბრეს, გოლი დრის მერტენსის ანგარიშზეა. „ჯალოროსომ“ შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე მაინც მოახერხა მესამე გოლის გატანა და მატჩის გამარჯვებით დასრულება, თავი ამჯერადაც ჟერვინიომ გამოიჩინა.

განმეორებითი შეხვედრა ნეაპოლში, 12 თებერვალს გაიმართება.

 

იტალიის თასი
ნახევარფინალი
„რომა“  — „ნაპოლი“ 3:2 (2:0)

გოლები: ჟერვინიო 13′, 88′, სტროტმანი 32′  — დე სანკტისი 47′ (ა.გ.), მერტენსი 70′.
გაფრთხილებები: ნაინგოლანი 39′ — ინლერი 85′.