ვისი ფანები იყვნენ „ბითლზის“ წევრები?

„ბითლზები“ გასული საუკუნის 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როკ-ჯგუფია, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავდა, თუმცა საინტერესოა, თავად „ბითლზის“ წევრები ვისი ფანები იყვნენ. ამ შემთხვევაში, ფეხბურთს ვგულისხმობთ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფი არამხოლოდ მშობლიურ ქალაქ ლივერპულთან, არამედ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულთანაც“ ხშირად ასოცირდება, მაგრამ „ბითლზის“ არცერთი წევრი სახელგანთქმულ „ლივერპულს“ არ ქომაგობდა. ჯგუფის წევრთა საფეხბურთო გემოვნებაზე მერსისაიდული ფეხბურთის მთავარი ისტორიოგრაფი ენდი ტომპსონი მოგვიყვება.

 

პოლ მაკარტნი საყვარელი კლუბი:
„ევერტონი”

„პოლი „ბითლზის“ შემადგენლობაში ფეხბურთის ყველაზე აქტიური ქომაგი იყო, თუმცა აქ სიტყვა „აქტიური“ ცოტა გადაჭარბებულია. აი, მისი ციტატა: „ფეხბურთის გაგებაში არ ვარ, მსგავსად დანარჩენი „ბითლებისა“. მაკარტნის ოჯახი ლივერპულის რაიონ ევერტონში ცხოვრობდა და ისიც უიმედოდ „კანფეტებს“ („ევერტონის“ მეტსახელია. – ავტ.) ქომაგობდა, რადგან სხვა არჩევანი არც ჰქონია. უბრალო ფაქტის წინაშე აყენებდნენ: „შენ „ლურჯებისკენ“ ხარ, გასაგებია?“ პოლი „გუდისონ პარკზე“ თავის ბიძებს – ჰარისა და რონს დაჰყავდათ, თუმცა პატარა მაკარტნი აღტაცებული რჩებოდა არა იმდენად თამაშით, რამდენდაც გულშემატკივართა ქომაგობით. პოლის თქმით, მატჩებს ბევრი ხუმარა კაცი ესწრებოდა და სტადიონზეც უმეტესწილად იმიტომ დადიოდა, რომ სხვადასხვა ხუმრობები გაეგონა. მსოფლიოს ვარსკვლავად ყოფნის პერიოდში მაკარტნი საფეხბურთო მატჩზე მხოლოდ ერთხელ შენიშნეს – 1968 წელს ინგლისის თასის ფინალურ მატჩზე, რომელიც „ევერტონსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გაიმართა. ამის დოკუმენტური მტკიცებულებაც არის ფოტოს სახით: „უემბლის“ ტრიბუნაზე მჯდომი მაკარტნი დანარჩენ ფანებთან ერთად გაშმაგებული გაჰყვირის. რამდენიმე წლის წინათ მაკარტნიმ განაცხადა, რომ „ლივერპულის“ მიმართ სიმპათიები გაუჩნდა, რითაც „ევერტონის“ გულშემატკივრებს გული ატკინა. ეს მაშინ მოხდა, როცა მის ერთ-ერთ კონცერტზე „წითლების“ ლეგენდარული ფეხბურთელი კენი დალგლიში მივიდა. კულისებში გასაუბრების შემდეგ, პოლი მიხვდა, რომ აზრი არ აქვს გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების კათოლიკეებად და პროტესტანტებად დაყოფას (ტრადიციულად, „ევერტონს“ კათოლიკეები ქომაგობენ, „ლივერპულს“ – პროტესტანტები. – ავტ.), გამოვიდა სცენაზე და თქვა, რომ „ლივერპულს“ გულშემატკივრობს, თუმცა მერსისაიდულ დერბიში, რა თქმა უნდა, „ევერტონს“ დაუჭერდა მხარს“. პოლ მაკარტნი: “ზოგჯერ ვესწრები საფეხბურთო მატჩებს. ჩემი ოჯახი „ევერტონს“ ქომაგობდა. სტადიონზე ძირითადად ხუმრობების მოსასმენად დავდიოდი. გულშემატკივართა შორის ყოველთვის იყვნენ ხუმარა კაცები, რომლებიც თავად იგონებდნენ ხუმრობებს. მახსოვს, ერთ-ერთ მატჩზე ვიღაც ბიჭმა მილი მოათრია და თამაშს მუსიკალურად აფორმებდა. როცა ფეხბურთელი არაზუსტად დაარტყამდა, ტრიბუნაზე მსხდომი ქომაგები ბურთის დაჭერას ცდილობდნენ. ესეც ძალიან მახალისებდა“. ბავშვობაში მაკარტნის ერთ-ერთი ფეხბურთელისთვის ავტოგრაფიც უთხოვნია: „როგორც წესი, ავტოგრაფის მთხოვნელს მშვიდად ვხვდები ხოლმე. ერთი ხანობა მეც ვაგროვებდი ავტოგრაფებს. ერთხელ საფეხბურთო კლუბ „ფულემს“ ჯონი ჰეინსის ავტოგრაფის თხოვნით მივწერე. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი, როცა ფოსტით მისი ავტოგრაფი მივიღე“.

 რინგო სტარი საყვარელი კლუბი:
„არსენალი“

„რინგო თითქმის სამი წლის იყო, როცა მამამისმა ოჯახი მიატოვა, – გვიყვება ტომპსონი. – მიუხედავად იმისა, რომ მამინაცვალი ლივერპულში ცხოვრობდა, მისი მშობლიური ქალაქი ლონდონი იყო და „არსენალს“ ქომაგობდა. როცა „მეთოფეები“ მერსისაიდში გასვლით მატჩებს ატარებდნენ, მამინაცვალს პატარა რინგო აუცილებლად მიჰყავდა „ენფილდზე“ ან „გუდისონ პარკზე“. ბუნებრივია, რინგოს „არსენალის“ მიმართ სიმპათიები გაუჩნდა. ლივერპულში ღალატს არ პატიობენ და რამდენიმე წლის წინათ რინგოს ქანდაკებას ბაღის მაკრატლით თავი მოკვეთეს. სამართალდამცავებმა მოგვიანებით გამოაცხადეს, რომ ეს ბარბაროსული აქტი „ლივერპულის“ ქომაგებმა ჩაიდინეს. სხვათა შორის, ამბობენ, რომ რინგო სტარის ორივე ვაჟი სწორედ „ლივერპულს“ ქომაგობს და „წითლების“ სასეზონო აბონემენტებიც აქვთ“.

ჯორჯ ჰარისონი საყვარელი კლუბი:
„ევერტონი“

„ამბობენ, რომ ჯორჯ ჰარისონი პოლ მაკარტნისთან ერთად რამდენჯერმე შენიშნეს „ევერტონის“ მატჩზე, თუმცა ამის რაიმე მტკიცებულება არ არსებობს, – აგრძელებს ენდი ტომპსონი. – ჰარისონს ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ერთი ციტატა ეკუთვნის და ისიც მეტად გაუგებარი არსის მატარებელია: „ლივერპულში არსებობს სამი გუნდი, მაგრამ მე სულ სხვა გუნდს ვქომაგობ“. იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულში მხოლოდ ორი საფეხბურთო კლუბი არსებობს, ჰარისონის სიტყვები ხუმრობად უნდა მივიღოთ. ანდაც, მან „ბითლზის“ რომელიმე ფანის წყენინება არ ისურვა. ამბობენ იმასაც, რომ ჯგუფის მენეჯერი ეპშტეინი „ბითლზის“ წევრებს თავიანთ საფეხბურთო გემოვნებაზე საუბარს უკრძალავდა, რათა მუსიკოსებს ქომაგები არ დაეკარგათ. სხვათა შორის, ჯორჯის შვილი დჰანი ჰარისონი „ლივერპულის“ დიდი გულშემატკივარია“.

ჯონ ლენონი საყვარელი კლუბი:
„ნიუკასლი“

„ბითლზის” პირველი დრამერი პიტ ბესტი ამტკიცებდა, რომ თავისუფალ დროს ჯგუფის წევრებს ბურთით თამაში უყვარდა, მათ შორის ტექნიკით კი სწორედ ჯონ ლენონი გამოირჩეოდა, – ყვება ენდი ტომპსონი. – ჯონი ბავშვობაში ფეხბურთელობაზეც კი ოცნებობდა, მაგრამ ცუდმა მხედველობამ ხელი შეუშალა ოცნების ახდენაში. შეხედეთ ლენონის სოლო ალბომ „Walls and Bridges“-ის გარეკანს. ნახატზე დაინახავთ რამდენიმე ფეხბურთელის გამოსახულებას – წითელ-თეთრი ფორმის მქონე მოთამაშეები შავ-თეთრი ფორმის მქონე ფეხბურთელების წინააღმდეგ. ეს ჯონმა ბავშვობაში დახატა, 1952 წელს, როცა ის 11 წლისა იყო. ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ლენონმა 1952 წელს გამართული ინგლისის თასის ფინალური მატჩის ფრაგმენტი გამოსახა. იმ შეხვედრაში „ნიუკასლმა“ „არსენალი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ხოლო 9-ნომრიანი მაისურით ნახატზე გამოსახულია ლეგენდარული ჯეკი მილბერნი.

სხვათა შორის, ლენონის შემოქმედებას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ მის სიმღერებში ხშირად არის ნახსენები „ცხრიანი“. სტადიონზე არასდროს არ დადიოდა, მაგრამ გასაკვირია, რატომ ხატავდა ლივერპულელი ბიჭი არა „ლივერპულის“, არამედ „ნიუკასლის“ ფეხბურთელებს“.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com