ლიხტენშტეინის ნაკრების თავკაცი: „ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ“

საქართველოსა და ლიხტენშტეინის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სტუმართა გუნდის თავკაცმა რენე პაურიჩმა, მარცხის მიუხედავად, განაცხადა, რომ კმაყოფილია.

„ანგარიში გასაკვირი არ არის. ქართველი ფეხბურთელები მზად იყვნენ. მეტოქე გუნდის შემადგენლობიდან მე-9 (თორნიკე ოქრიაშვილი) და მე-11 (გიორგი ჭანტურია) ნომრებს გამოვარჩევდი. ვამაყობ ჩემი გუნდით. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები გვაკლდნენ, მომენტები შევქმენით. ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. პრობლემები იყო, ეს ყველაზე კარგად მე ვიცი და ვეცდებით, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ“, – აღნიშნა პაურიჩმა.

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაია: „ლიხტენშტეინის ნაკრებთან მატჩი დადებითად შეიძლება შეფასდეს“

საქართველოსა და ლიხტენშტეინის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ ახლა ჩვენი გუნდის ფეხბურთელების ყველაზე დიდი პრობლემა სათამაშო პრაქტიკის უქონლობაა.

„კარგია, რომ ახალი სეზონი გამარჯვებით დავიწყეთ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უფრო ძლიერი მეტოქეები გველოდება. ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში და გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, მით უფრო მაშინ, როცა ბევრი მოსამზადებელ პერიოდს გადის, ზოგი მთელი წელიწადია უათამაშებელია, ფეხბურთელებს პრაქტიკა აკლიათ. ამის მიუხედავად, დღევანდელმა მატჩმა დადებითად ჩაიარა. იმედი მაქვს, მომავალში ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს მეტი პრაქტიკა ექნებათ“, – ამ სიტყვებით გახსნა პრესკონფერენცია ქეცბაიამ.

— როგორ შეაფასებდით დებიუტანტების თამაშს?
— ბევრი მათგანი ფორმაში არ არის, თუმცა მაინც დადებითად შევაფასებდი მათ თამაშს, გასაკეთებელი გააკეთეს. ჭანტურიამ გოლიც გაიტანა. პრაქტიკა როცა ექნებათ, უფრო უკეთ ითამაშებენ.

— გუნდში ოთხი-ხუთი ისეთი ფეხბურთელი გყავდათ, რომელსაც ხალხი მეტად მიესალმა. აპირებთ, რომ სხვა მატჩებშიც ასეთივე შემტევი შემადგენლობა დააყენოთ?
— ძალიან ძნელია, რომ სულ შეტევაზე ვითამაშოთ. იმასაც გააჩნია, თუ ვის ეთამაშები. თქვენ კი გინდათ, რომ სულ შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ ჩემი პოზიციიდანაც შეხედეთ. ყველა იმ შემტევ ფეხბურთელს გამოვიძახებთ, რომლებიც კლუბში შაბათ-კვირას ითამაშებს. სათამაშო პრაქტიკის უქონლობა და ფიზიკური მოუმზადებლობაა პრობლემა. გერმანიის ნაკრებთან შემტევი თამაში არ იქნება გამართლებული. ჩვენც გვინდა შეტევითი თამაში, მაგრამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს.

— ასეთი თამაშით აპირებთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას?
— ამდენ მომენტს თუ შევქმნით, ქვეჯგუფში პირველ ადგილზეც გავალთ (იცინის). დღევანდელი მატჩი დადებითად შეიძლება შეფასდეს. საბერძნეთსა და ლიხტენშტეინს შორის გამართულ მატჩს ვუყურე. იმ შეხვედრაში ბერძნებს ჩვენზე მეტი შანსი არ ჰქონიათ. დღეს მეტის გატანა შეგვეძლო. სათქმელია ისიც, რომ ქვეჯგუფში უფრო ძლიერი დონის გუნდები გვყავს.

— ჭანტურია ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ათამაშეთ და ასე იქნება მომავალშიც?
— ვეცდებით, სასურველი ფორმულა გამოვნახოთ. ჭანტურია ჯერ კიდევ შორს არის სასურველი ფორმისგან.

— ლიხტენშტეინის ნაკრებისგან მოელოდით ასეთ თამაშს?
— სტანდარტული მდგომარეობებიდან მოველოდი ხიფათს, რადგან მეტოქეს მაღალი მოთამაშეები ჰყავს, თუმცა არ მახსოვს, რომ მოწინააღმდეგეს რაიმე მომენტი შეექმნას.

— კობახიძემ ცენტრში ითამაშა. მომავალშიც ამ პოზიცაზე იქნება?
— ამხანაგური მატჩები იმისთვისაა, რომ ფეხბურთელები გასინჯო. კობახიძის ყველაზე დიდი პრობლემა სათამაშო პრაქტრიკის უქონლობაა. იმედია, მეტი სათამაშო დრო მიეცემა. გააჩნია, როგორ განვითარდება უკრაინაში სიტუაცია. მაისში კიდევ ჩავატარებთ მატჩს და იმედი მაქვს, მეტი ფეხბურთელის გამოძახების საშუალება მექნება.

— მაისში ვის ვეთამაშებით?
— ოფიციალურად არაფერი არ არის გადაწყვეტილი.

— ლიხტენშტეინის ნაკრებისგან უფრო აგრესიულ თამაშს ელოდით?
— ბერძნებთან უფრო მეტი სახიფათო მომენტი შექმნეს. მეტოქისგან ხიფათს კონტრშეტევებზე ველოდი, თუმცა ამას თავი გავართვით. უფრო მეტს ველოდი მათგან.

— ფიზიკური მომზადება აღნიშნეთ და კონკრეტულად რა პრობლემებია? ქვეჯგუფში ორი ისეთი მეტოქე გვყავს, რომ ამ მხრივ გაგვიჭირდება…
— პრობლემებზე საუბარი არ ვიცი, რითი დავიწყო და რითი დავასრულო. მინდა, რომ ეროვნული ჩემპიონატიდან მეტი ფეხბურთელი მყავდეს, მაგრამ ამის საშუალება არ არის, ამიტომ ლეგიონერებს ვეყრდნობი. ფიზიკური მომზადება, წონა…. არცერთ ქვეყანაში არ უწევთ ფიზიკურ მომზადებაზე საუბარი. ბიჭები გუშინწინ ჩამოვიდნენ. ამ დროში 5 კილოგრამს ვერ დააკლებინებ, ნაკრებში არც ფეხბურთის თამაში არ ისწავლება, უკვე უნდა იცოდე. ამიტომ ვამბობდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი. ასე ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის პერსპექტიულებად ითვლებიან, 30 წელს გადასცდებიან და იქ მთავრდება მათი ფეხბურთი. ახლა ქართული ფეხბურთი ყველაზე მძიმე სიტუაციაშია. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვერც ფეხბურთის ფედერაცია, ვერც მე და ვერც გულშემატკივრები ვერ მოამზადებენ. რაც შეეხება ქვეჯგუფს, ვეცდებით, რომ შეუძლებელი გავაკეთოთ.

ბექა დოგრაშვილი

საქართველოს ნაკრებმა „მიხეილ მესხზე“ ივარჯიშა

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს 5 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ლიხტენშტეინთან გამართავს. თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩისთვის მზადება 3 მარტს დაიწყო. ქართველმა ფეხბურთელებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე ივარჯიშეს.

გთავაზობთ ვიდეომასალას.

ლიხტენშტაინის 18-კაციანი განაცხადი

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2014 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 5 მარტს, ლიხტენშტაინის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

ჩვენი მეტოქე თბილისში 4 მარტს, გამთენიას ჩამოვა. სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან და ამავე საღამოს, 18:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. მათი 18-კაციანი განაცხადი კი, ასეთია:

მეკარეები: პეტერ იელე (FC Vaduz), ჩენგიზ ბიცერი (Mersin Idman Yurdu)

მცველები: ფრანც ბურგმეიერი (FC Vaduz), მარიო ფრიკი (FC Balzers), ოლქაი გიური (Gaziantep Buyuksehir Belediyespor), დანიელ კაუფმანი (FC Vaduz), დომენიკო მაკრი (FC Balzers), ივეს ოჰრი (YF Juventus), მარტინ სტოკლასა (FC St. Gallen)

ნახევარმცველები: ანდრეას კრისტენი (FC Balzers), ბურაკ ერისი (FC Balzers), რობინ გუბსერი (FC Balzers), ნიკოლას ჰასლერი (FC Vaduz), მიშელ პოლვერინო (Wolfsberger AC), სანდრო ვოლფინგერი (Chur 97)

თავდამსხმელები: მარტინ ბუჩელი (FC Unterfohring), ფილიპ ერნე (SC Pfullendorf), სეიჰან ილდიზი (FC Balzers)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლიხტენშტაინის ამხანაგური მატჩი 5 მარტს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. ბილეთები სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 3 ლარი ეღირება.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვას კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით შეძლებთ.

სფფ-ის პრესსამსახური