„ბარსელონას“ მცველმა კარლეს პუიოლმა, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს, განაცხადა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუი ვან გალის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იქნება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ სწორედ ჰოლანდიელი სპეციალისტი თავკაცობდა, როდესაც პუიოლი პირველად მოხვდა კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში.
„ვან გალი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მან მე პირველ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა, რაც შეუფასებელი რამ გახლავთ. ის მომთხოვნი მწვრთნელია. მთავარი კი ისაა, რომ ვან გალი ყოველთვის პირდაპირი და გულწრფელია. მე ამას ვაფასებ. მას მშვიდად შეუძლია თქვას ის, რაც ფეხბურთელში არ მოსწონს, თუმცა მან შრომის დაფასებაც იცის. ამიტომ, ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოერგება“, – პუიოლის სიტყვებს „ასი“ ციტირებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლუი ვან გალი თავკაცის პოსტზე მომდევნო კვირაში უნდა წარადგინოს. ჰოლანდიელმა სპეციალიტმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უნდა დაიწყოს.