როგორ ჩატარდება მუნდიალის შესარჩევი ეტაპის წილისყრა

25 ივლისს, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა ჩატარდება. ფიფაში შემავალი ექვსიდან ხუთი კონფედერაციის წარმომადგენლებისთვის მუნდიალისკენ სავალი გზა განისაზღვრება. ეს წილისყრა მხოლოდ აზიის კონფედერაციას არ ეხება, ვინაიდან აზიაში შესარჩევი ეტაპი უკვე დაწყებულია. ფიფამ უკვე გაასაჯაროვა წილისყრის პროცედურული საკითხები. გაგაცნობთ დეტალებს, თუ როგორ ჩატარდება წილისყრა უეფაში შემავალი ნაკრებებისთვის.

ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მონაწილეობას მიიღებს 52 ეროვნული ფედერაცია. ერთადერთი გამონაკლისი რუსეთია, რომელიც ტურნირის მასპინძელი ქვეყანაა და ჩემპიონატზე თამაშის უფლება ავტომატურად მიენიჭა. 52 ნაკრები 7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდება. გუნდები ერთმანეთთან ორ მატჩს ჩაატარებენ — შინ და სტუმრად. შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. უეფას მოთხოვნით, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ექვსგუნდიან ქვეჯგუფებში უნდა გადანაწილდნენ. 9 ქვეჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. 8 ქვეჯგუფის საუკეთესო მეორეადგილოსნები ერთმანეთში პლეი ოფის მატჩებს ითამაშებენ, რომელიც 2017 წლის ნოემბერში ჩატარდება.

წილისყრა 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ბოლო, მეექვსე კალათშია. აქვე წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას.


პირველი კალათა: გერმანია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, ინგლისი, უელსი, ესპანეთი, ხორვატია.

მეორე კალათა: იტალია, ავსტრია, სლოვაკეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ისლანდია, დანია, ბოსნია.

მესამე კალათა: პოლონეთი, უკრაინა, შოტლანდია, უნგრეთი, შვედეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, საბერძნეთი, სერბეთი.

მეოთხე კალათა: თურქეთი, სლოვენია, ისრაელი, ირლანდია, ნორვეგია, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, მონტენეგრო, ესტონეთი.

მეხუთე კალათა: კვიპროსი, ლატვია, სომხეთი, ფინეთი, ბელორუსია, მაკედონია, აზერბაიჯანი, ლიტვა, მოლდოვა.

მეექვსე კალათა: ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტეინი, საქართველო, მალტა, სან მარინო, ანდორა.

 

ფიფას ვიცეპრეზიდენტი: “ასეთ პირობებში რუსეთში მუნდიალის ჩატარება არ შეიძლება”

ფიფას ვიცეპრეზიდენტი და კონკაკაფის ხელმძღვანელი ჯეფრი უები თვლის, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს. მიზეზი რასიზმის პრობლემაა, რომელმაც უახლოესი წარსულის განმავლობაში არაერთხელ იჩინა თავი.

“ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარება რასიზმის პრობლემის გამო ფიფასთვის დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო მუშაობის გატარებაა საჭირო. ამას რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკოც აღიარებს, რომელიც ამავე დროს ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

იმედია, მათ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები აქვთ. კარგი შესაძლებლობაა უახლოეს სამ წელიწადში ამის გამოსასწორებლად, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. არ შეიძლება, მსოფლიოს ჩემპიონატის ასეთ პირობებში ჩატარება”, – ჯეფრი უების კომენტარი ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: „რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება უნდა ჩამოერთვას“

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი ფიფას მოუწოდებს, რომ რუსეთს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოართვას.

„ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთმინებას, დესტაბილიზაცია შეაქვს მეზობელ ქვეყანაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებულ სეპარატისტებს იცავს. ამავე დროს, რუსეთს აქვს პრივილეგია და პატივი, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.

ვთვლი, რომ თუ პუტინი ამ კურსს არ შეიცვლის, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში არ უნდა გაიმართოს.

რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსების ამ აგრესიის ფონზე ფეხბურთის ზეიმი ვერ შედგება“, – განაცხადა ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა „სანდი თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინათ, ფიფაში თქვეს, რომ 2018 წლის მუნდიალის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას არ აპირებენ.

КГБ — World Cup 2018

როგორც ჩვენი ჟურნალის წინა ნომრებში ვწერდით, ამერიკელმა სენატორებმა ფიფას პრეზიდენტ იოზეპ ბლატერს რუსეთისთვის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევის თხოვნით წერილი მიწერეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმაც არ დაახანა და განაცხადა, რომ ბოიკოტზე არავინ ფიქრობს და მუნდიალს, უეჭველად, რუსეთი მიიღებს.

ამ საკითხს უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ყაზახეთში გამართულ კონგრესზე გამოეხმაურა: „უკვე დავიღალეთ ასეთი მოთხოვნების მოსმენით. ბოიკოტი გამოუცხადეთ საელჩოებს, მიმართეთ ეკონომიკურ სანქციებს. რატომღაც ყოველთვის სპორტი ხდება სამიზნე. ბევრს არ უყვარს სპორტი და ამიტომ ითხოვენ ამგვარ ბოიკოტს. ვთვლი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკას უნდა მიხედონ, სპორტი კი გამაერთიანებელი ელემენტი უნდა გახდეს“.

დიახ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება. ქვეყანა, რომელსაც არად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ხელყოფს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, სადაც ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ, ოთხ წელიწადში უდიდეს საფეხბურთო ზეიმს უმასპინძლებს.

„ბებერმა“ ევროპამ თვალი დახუჭა ყოველგვარ მორალურ ფაქტორზე და არც ჩვენ ვაპირებთ ვინმე კონკრეტული ადამიანის (ქვეყნის წარმომადგენლის) პატიოსნებაზე მსჯელობას, თუმცა განვიხილოთ რამდენიმე სრულიად ობიექტური მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში:

როდესაც გადაწყდა, რომ 2010 წლის მუნდიალი სამხრეთ აფრიკაში უნდა გამართულიყო, კოხტაპრუწა ევროპელებმა ვიშვიში ატეხეს: აქაოდა, აფრიკაში საშინელი კრიმინოგენური ვითარებაა და ვინ იცის, საერთოდაც, იქნებ ლომმა იმსხვერპლოს რომელიმე გზააბნეული ფანიო (ზოგიერთი იმაზეც შეშფოთდა, აფრიკაში პროსტიტუცია მძვინვარებს და შიდსს არ გადავეყაროთო… პროსტიტუცია და შიდსი რუსეთში ნახეთ, ბატონო ევროპელებო).

აფრიკულმა მუნდიალმა მეტნაკლებად ექსცესების გარეშე ჩაიარა. აი, რუსეთში კი, ნამდვილად აქვთ ევროპელ ფანებს შიშის მიზეზი. ქვეყნა, რომლის საგარეო პოლიტიკა შოვინიზმზეა აგებული და ქუჩებში ასობით შეიარაღებული ნეოფაშისტი დაძრწის, აშკარად საშიშია მოწინააღმდეგე ნაკრებების ფანებისათვის. სხვა საქმეა რასიზმი. ერი, რომელიც კავკასიელებს „შავებს“ ეძახის, არამგონია, აფრიკული ქვეყნის ნაკრებების გულშემატკივრებს სტუმართმოყვარეობით შეხვდეს. გავიხსენოთ შარშან მოსკოვში მომხდარი ინციდენტი, როდესაც „ცსკა“-ს ქომაგებმა „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი იაია ტურე რასისტული შეძახილებით „შეამკეს“.

რუსეთში ჩასულ ქომაგს, სამწუხაროდ, არც იქაური მილიციის იმედია არ უნდა ჰქონდეს. თავად რუსები აღიარებენ, რომ მათ სამართალდამცავ სტრუქტურებში საშინელი კორუფცია მძვინვარებს.

კიდევ ერთი: მუნდიალის მასპინძელ ქვეყანას სამ რეგიონში თითქმის საომარი მდგომარეობა აქვს. დღე არ გავა, ჩრდილოეთ კავკასიაში (ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში) ინციდენტი არ მოხდეს. ყირიმის ანექსიაზე, აფხაზეთსა და შიდა ქართლში მათ მიერ განხორცილებულ ბარბაროსობაზე აღარც ღირს საუბარი.

მოკლედ, რუსეთში ფეხბურთის საქომაგოდ ჩასულ კაცს ცალი თვალი უნდა გეჭიროს, ვინმე მუსლიმანმა ტერორისტმა მძევლად არ აგიყვანოს და მერე რუსმა სამართალდამცავმა ორივეს ერთად არ გაგიხვრიტოთ შუბლი (ჩვენ მეზობლად ხომ მძევლის „გამოხსნის“ ასეთი მეთოდი დიდი ხანია დანერგილია).

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ფიფას სულ არ ანაღვლებს. მუნდიალის ჩატარების სურვილი ისეთ ქვეყნებს ჰქონდათ, როგორებიცაა: ჰოლანდია-ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ინგლისი, თუმცა… ფიფამ ყველას რუსეთი არჩია.

ევროპაში უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, რომ ფიფა რუსული მაფიის გავლენას განიცდის. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მუშაობა კა-გე-ბესაც კი შეადარეს.

ფაქტი ერთია, 2018 წლის მუნდიალი რუსეთში გაიმართება. ალბათ, მას ვლადიმირ პუტინი გახსნის… ალბათ, ალა პუგაჩოვაც იმღერებს…

ცოტნე ცხვედიანი
ჟურნალი Fanebi.com