ბლანმა ბერბატოვი იბრაჰიმოვიჩს შეადარა

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი დღეს შედგება: “მონაკო” “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა “მონაკოს” თავდამსხმელის, დიმიტარ ბერბატოვის შესახებ ისაუბრა და ბულგარელი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეადარა.

“ბერბატოვი “მონაკოსთვის” ძალზედ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის მეტად ტექნიკურია, შეუძლია პოზიციის შერჩევა და გუნდის შემოქმედებით თამაშში ჩართულია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც თავისი მოქმედებებით თანაგუნდელებს ამშვიდებს. ბერბატოვი ბურთით გონივრულად თამაშობს და ძალზედ იშვიათად კარგავს მას. ის ისეთივე მნიშვნელოვანია “მონაკოსთვის”, როგორც იბრაჰიმოვიჩი ჩვენთვის”, – ბლანის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

მატჩი “მონაკოსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

ბერბატოვი: “მონაკოს” უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა. ერთი გოლი დიმიტარ ბერბატოვის ანგარიშზეა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს უფრო სურდა გამარჯვება, ვიდრე “არსენალს”.

“ალბათ, ამას არავინ ელოდა, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. შექმნილი შანსები გამოვიყენეთ და მშვენიერი მოგება ჩაიწერეთ, თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა.

“არსენალი” კარგი გუნდია, თუმცა დღეს ჩვენ უფრო გვინდოდა გამარჯვება. მოედნის ყველა მონაკვეთზე ვიბრძოდით, ორთაბრძოლები მოვიგეთ და გოლები გავიტანეთ.

“არსენალს” საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა ჩვენი არდაფასების უფლება. თუ მათ ეს გააკეთეს, ისევ მათთვის არის ცუდი, რადგან ჩვენ ისინი დავამარცხეთ”, – ბერბატოვის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

“მონაკოსა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 17 მარტს გაიმართება.

 

ბერბატოვს ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს

„მონაკოს“ ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი, რომელიც თავის დროზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა, აცხადებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ერიკ კანტონას გზის არჩევა სურს. 33 წლის ფეხბურთელის მხრიდან საუბარია სამსახიობო კარიერის დაწყებაზე.

„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერის განმავლობაში მივაღწიე, თუმცა ძალისხმევას არც ახალი კლუბისთვის არ ვიშურებ. როდესაც ბუცებს ლურსმანზე დავკიდებ, თვითკმაყოფილი ღიმილით შემეძლება უკან გახედვა, რადგან ბევრ რამეს მივაღწიე.

ერიკ კანტონასთან ჩემი შედარება არასამართლიანია. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული ფეხბურთელი იყო. მის მიერ გატანილი გოლები საფირმო ნიშნებად იქცა. შესანიშნავი მოთამაშე იყო. შემდეგ კინოებში მონაწილეობის მიღება დაიწყო.

თავად მეც კინემატოგრაფიის დიდი მოყვარული გახლავართ. როდესაც კარიერას დავასრულებ, კინოში გადაღებაზე უარს მეც არ ვიტყვი“, – განაცხადა ბერბატოვმა „ევროსპორტის“ ეთერში.

იქვე ბულგარელი თავდამსხმელი აღნიშნავს, რომ მოთამაშის კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი