ზიდანი: “კარვახალი ერთ ან ორ კვირაში დაბრუნდება”

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მერვე ტურის შეხვედრის (“ხეტაფეს” წინააღმდეგ, სტუმრად) პრესკონფერენცია გამართა, სადაც მას დანიელ კარვახალის მდგომარეობაზეც ჰკითხეს. როგორც იცით, ესპანელ მარჯვენა მცველს გულზე აქვს პრობლემა და მოედანზე გასვლას ჯერ ვერ ახერხებს.

“იცით, რაც სჭირს დანის. ეს გულს უკავშირდება და ჩვენ ოდნავადაც არ შეგვიძლია გარისკვა. გმართებთ, ცოტათი მეტი მოთმინება გამოიჩინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ის კარგად ირჯება და ცდილობს, მალე გამოჯანმრთელდეს. ადამიანები, რომლებიც ახლა  მას მკურნალობენ, თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.”

“გვსურს, დანი ასი პროცენტით მზად იყოს. შესაძლოა, მას ამისთვის ერთი ან ორი კვირა დასჭირდეს. მასაც ძალიან სურს დაბრუნება, თუმცა ყველაზე მთავარი ჯანმრთელობაა,” – ამბობს ფრანგი.

კეილორ ნავასი “ხეტაფესთან” დაისვენებს

კეილორ ნავასი ლა ლიგა სანტანდერის მერვე ტურში მადრიდის “რეალს” არ დაეხმარება. ზინედინ ზიდანმა მას დასვენების საშუალება მისაცა. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

სანაკრებო პაუზის დროს კოსტა რიკის ეროვნული გუნდის მეკარე თავისი ქვეყნის სამსახურში იყო და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა. ნავასი ხვალ გამთენიისას არც პანამის წინააღმდეგ ითამაშებს.

30 წლის კიპერს 17 ოქტომბერს ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ უნდა ველოდოთ. სწორედ ამ დღეს შედგება ჩემპიონთა ლიგის ჯუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა.

კარვახალი: “განვითარებისთვის არავისთან კონკურენცია არ მჭირდება”

დანიელ კარვახალი რამდენიმე სეზონია, რაც “რეალის” ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. მისი კონკურენტები – ალვარო არბელოა და დანილო იყვნენ, თუმცა კლუბი ორივემ დატოვა. ამჟამად, ესპანელს მეტოქეობას 18 წლის ფეხბურთელი, აჩრაფ ჰაკიმი უწევს. მოროკოელი სპორტსმენი “ბლანკოსის” აღზრდილია და გასულ ზაფხულში დაწინაურდა მთავარ გუნდში.

კარვახალმა ჟურნალისტებთან საკუთარ თავსა და თავის კონკურენტებზე ისაუბრა.

“აჩრაფი ფანტასტიკური ბიჭია. ის ბევრ რამეს სწრაფად ითვისებს და ამ სეზონში აქვს შესაძებლობა, რომ განვითარდეს. პირადად მე, არ მჭირდება სხვა მარჯვენა მცველი იმისთვის, რომ, როგორც ფეხბურთელი, გავიზარდო. ჩემი თავის კონკურენტი ისევ მე ვარ. მსურს, მაღალ დონეს მივაღწიო და გუნდს კიდევ უფრო დავეხმარო,” – აცხადებს დანი.

ზიდანი: “ბორუსიასთან” შეხვედრაში ეს დამატებით მოტივაციას მოგვცემს”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსია” მადრიდის “რეალს” მიიღებს.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“თავს მშვენივრად ვგრძნობთ. უქმეებზე შესანიშნავი გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ნებისმიერ მოედანზე თამაში რთულია. თუმცა, დორტმუნდში “რეალს” არასდროს მოუგია და ეს დამატებითი მოტივაცია იქნება. გვინდა, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს თავი წარმატებული ასპარეზობით დავამახსოვროთ.”

“ყოველ სამ დღეში ახალი გამოცდის ჩაბარება გვიწევს. პირველ რიგში, ამით ჩვენს თავს ვუმტკიცებთ, რა ძალასაც წარმოვადგენთ.”

“კაზემირო შესანიშნავი მოთამაშეა. ის შესაძლოა, შევადაროთ დეშამსა და მაკელელეს. იბრაზილიელი აბალანსებს თამაშს შეტევასა და დაცვას შორის. რასაც მან მიაღწია, არავის აკვირვებს. კაზემირო განვითარებას განაგრძობს,” – აცხადებს “ზიზუ”.

ნაჩო: “რეალს” არასდროს მოუგია დორტმუნდში და ახლა ამის გაკეთება სურს!”

ხვალ მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დორტმუნდის “ბორუსიას” სტუმრად დაუპირისპირდება.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“აქ არასდროს მოგვიგია. სწორედ ამიტომ, გვინდა, ახლა ვიმარჯვოთ და სახლში სამი ქულით დავბრუნდეთ. თავს მშვენივრად ვრძნობთ და მონდომებულები ვართ, წარმატებულად წარმოვაჩინოთ თავი. კონკრეტულ ასპექტებში ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ამას ადრე ვაკეთებდით. ვგულისხმობ ერთ გუნდად თამაშს, მეტოქეზე მეტ სირბილს. შეტევა შესანიშნავად შეგვიძლია და მეტოქეს დიდ ზიანს მივაყენებთ.”

“ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ვფიქრობ, სეზონი წარმატებულად დავიწყეთ, რადგან მოვიგეთ ესპანეთისა და ევროპის სუპერ თასები. იქ ძლიერი მეტოქეები გვყავდა, თუმცა მათ ვაჯობეთ. ახლაც ძალიან მონდომებულები ვართ – როცა ამ მაისურს ატარებ, სხვანაირად არც შეიძლება იყოს,” – აცხადებს ნაჩო.

მადრიდის “რეალი” მარკო ასენსიოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მარკო ასენსიოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.

როგორც ირკვევა, ახალი ხელშეკრულება ხელმოსაწერად უკვე მომზადებულია. კონტრაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის (დორტმუნდის “ბორუსია” – მადრიდის “რეალი”) შემდეგ დღეებში გაფორმდება. ეს დოკუმენტი გაითვალისწინებს იმას, რომ 21 წლის ფეხბურთელი 2023 წლის ივნისამდე დარჩება “ბლანკოსში”. მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.

ასენსიო “რეალში” 2014 წელს ჩაირიცხა, თუმცა ამ სეზონამდე იგი “მალიორკასა” და “ესპანიოლში” იყო განათხოვრებული. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა.

ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში უკვე 21 სხვადასხვა ფეხბურთელი ათამაშა

მადრიდის “რეალში” დიდი ტრავმიანობაა. ამ მომენტში ლაზარეთში ექვსი ფეხბურთელია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ზინედინ ზიდანი თავის ფილოსოფიას არ ღალატობს და მუდმივ როტაციას მიმართავს.

ლა ლიგა სანტანდერის ბოლო, მეექვსე ტურის შეხვედრაში ფრანგმა მწვრთნელმა გარეთ ბეილი და ლუკა მოდრიჩი დასვა სათადარიგოთა სკამზე. სამაგიერდო, მან ათამაშა დანი სებალოსი, რომელმაც დუბლი გაიფრომა. საგულისხმოა, რომ ახალ სეზონში სწორედ ესპანელი ახალგაზრდა აღმოჩნდა ის ფეხბურთელი, რომელმაც სასარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში.

აქვე გეტყვით, რომ “ზიზუს” ძირითადში, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ვაჟი, ლუკა, ხესუს ვალეხო და აჩრაფი არ უთამაშებია.

ზიდანი: “26 თუ 27 მომენტი გვქონდა, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “რეალ ბეტისი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ეს ძალიან ცუდია… ცუდია, როცა ბურთს კარში შესვლა არ უნდა. ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება. კარგად არ გვითამაშია, თუმცა არც ცუდად გამოვიყურებოდით. მეორე ნახევრის პირველი წუთები კარგი იყო, თუმცა შემდეგ რიგ მომენტებში კონცენტრაცია დავკარგეთ. 26 თუ 27 მომენტი გვქონდა, მაგრამ ბურთს კარის ხაზის გადაკვეთა არ უნდოდა. არასასიამოვნოა, როცა ასეთი რამ საკუთარ მოედანზე გემართება.”

“სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ახალ სეზონში, ლა ლიგის სამი შეხვედრა ჩავატარეთ “ბერნაბეუზე” და ნამდვილად არ დავტოვეთ სათანადო შთაბეჭდილება. რა უნდა ვქნათ? მომავალ თამაშებში ყველა შანსის მაქსიმალურად გამოყენებას უნდა შევეცადოთ, რათა მოგება შევძლოთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

“რეალმა” სან სებასტიანში” “სოსიედადთან” სამი ქულა აიღო (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში სან სებასტიანის “რეალ სოსიედადი” მადრიდის “რეალს” დაუხვდა. ანგარიში სერხიო რამოსის პასით ბორხა მაიორალმა მე-19 წუთზე გახსნა. ზუსტად ცხრა წუთში კევინ როდრიგესმა გაათანაბრა. ხოლო, 36 წუთზე ისევ მაიორალის აქტიურობას როდრიგესის ავტოგოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარში, 61-ე წუთზე “რეალის” კონტრშეტევაში ისკო ჩაერთო, მან მარჯვენა ფლანგზე მყოფ გარეთ ბეილს “უპასა”, რომელმაც დიდი სიჩქარე განავითარა, გაასწრო მცველს, საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი აიღო.

საბოლოოდ, “ბლანკოსმა” ანგარიშით, 3-1 იმარჯვა. მას რვა ქულა აქვს და ახლა ცხრილში მეოთხეა. “რეალ სოსიედადი” ერთით მეტი ქულით ერთით მაღალ საფეხურზეა.

 

ისკომ “რეალთან” გაახანგრძლივა

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ესპანელი მოთამაშე ახალი ხელშეკრულების თანახმად 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება “ბლანკოსში”.

მალაგელმა ნახევარმცველმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბარსელონასგან” ბევრი შემოთავაზება მიმიღია, თუმცა მათ არასდროს ვუსმენდი. ჩემი მიზანი ყოველთვის იყო ის, რომ აქ წარმატებას მიმეღწია. ვფიქრობ, ამ კლუბში მენდობიან. მინდა, ჩემი პოზიცია კიდევ უფრო გავიმყარო, სასტარტოში ადგილი დავიმკვიდრო და ბევრი ტიტული მოვიგო. ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით!” – აცხადებს 25 წლის მოთამაშე.

 

მადრიდის “რეალი” ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია! (ვიდეო)

დღეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ევროპის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა: მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, თუმცა ესპანელებმა პირველი ტაიმის შუა ფაზაში უპირატესობა მოიპოვეს, რაც მალე გოლში აისახა: კარვახალის ჩაწოდების შემდეგ კაზემირომ ვარდნაში მოახერხა დარტყმა და ანგარიშის გახსნა.

მეორე ნახევარში, 52-ე წუთზე ბეილი-ისკოს ლამაზი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა. 62-ე წუთზე მატიჩმა შორიდან ძლიერად დაარტყა, ნავასმა ბურთი უხერხულად მოიგერია, დამატებაზე ლუკაკუმ ივარგა და ბელგიელმა ერთი ბურთი გაქვითა.

ამის შემდეგ ინგლისელები ცდილობდნენ გათანაბრებას, “რეალსაც” ჰქონდა მომენტები, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით, 2-1 დასრულდა: მადრიდის “რეალმა” მეოთხედ მოიგო ევროპის სუპერთასი!

ბეილი: “იმისთვის, რომ კარდიფში მეთამაშა, დღე-ღამეში 12 საათს ვვარჯიშობდი”

გარეთ ბეილს გასული სეზონი, ფაქტობრივად, ჩაუვარდა. მადრიდის “რეალის” ვარკსვლავმა საკმაოდ დიდი ხანი გაატარა ლაზარეთში და მოედანს მხოლოდ სეზონის ბოლოს დაუბრუნდა.

უელსელმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად წინასასეზონო სამზადისს გადის, Marca-სთან ისაუბრა.

“სეზონისთვის მზადება ყოველთვის რთულია. ახლაც დიდ დატვირთვას ვღებულობთ, რათა მალე ჩავდგეთ სათანადო ფორმაში.”

“პირადად მე, მუხლის არეში ნამდვილად აღარ ვგრძნობ ტკივილებს. აღდგენითი პროცესი კარგად გავიარე და ახლა მშვენივრად ვარ. შარშან რთული პერიოდი მქონდა, ოპერაციის შემდეგ ბევრი მუშაობა მომიხდა, რომ ლაზარეთიდან გამოვსულიყავი და ფორმაში ჩავმდგარიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ახლა გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და მთლიან წინასასეზონო სამზადისს გავივლი.”

“ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩემი ქვეყნის დედაქაალქში ჩატარდა. თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ მინიმუმ სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარიყავი. ფინალამდე ექვსი კვირით ადრე სრული დატვირთვით დავიწყე ვარჯიში. იმისთვის, რომ კარდიფში მეთამაშა, დღე-ღამეში 12 საათს ვმუშაობდი. საბოლოოდ, ამან შედეგი გამოიღო. კარდიფში ასპარეზობა ჩემთვის დიდი ჯილდო იყო.”

“ახალი სეზონისგან იმას ველი, რომ, პირველ რიგში, მას ასი პროცენტით მომზადებული შევხვდები. როცა გაზაფხულში დავბრუნდი, მაშინ მხოლოდ 50%-ით ვიყავი მზად. ვცდილობდი, სიტუაცია გამეუმჯობესებინა, თუმცა მუხლი მაინც მაწუხებდა. ახლა, ჩემი მთავარი მიზანი “რეალისთვის” ბოლოდე დახარჯვა და დიდი მიზნების მიღწევაა,” – განაცხადა გარეთმა.