“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

ჩეხი: “მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობა მინდა”

ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტრ ჩეხი გამოტყდა, რომ მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო მუშაობის დაწყება სურს.

“მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად გახდომას ვისურვებდი. მინდა ვარჯიშების ხელმძღვანელობა და ისიც მაინტერესებს, რამდენად გაამართლებს ჩემი ფილოსოფია უშუალოდ თამაშში. მეკარეების მწვრთნელობაც შემიძლია, მაგრამ მე სამენეჯერო ფუნქციების განხორციელება უფრო მინდა.

იმედი მაქვს, რომ უმაღლეს დონეზე კიდევ სამი წლის განმავლობაში ვითამაშებ. ჩემი საქმით სიამოვნებას ვიღებ”, – ჩეხის სიტყვებს Canal+ ციტირებს.

33 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაუშვა.

 

ჩეხი: “ბარსელონას” რიგებში ყველაზე სახიფათო ინიესტაა”

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება. ლონდონის “არსენალი” “ემირეითსზე” “ბარსელონას” მიიღებს. ინგლისელთა კიპერმა პეტრ ჩეხმა აღნიშნა, რომ კატალონიელთა რიგებიდან ყველაზე მეტად ანდრეს ინიესტას უფრთხის.

“ბარსელონას” რიგებში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ანდრეს ინიესტაა. არც ლიონელ მესი, არც ლუის სუარესი და არც ნეიმარი ისე სახიფათო არაა, როგორც ინიესტა”, – ციტირებს ჩეხის სიტყვებს “მარკა”.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2008/09 წლების გათამაშების ნახევარფინალურ ეტაპზე სწორედ ინიესტას მიერ მატჩის ბოლო წუთზე ჩეხის კარში გატანილი გოლის გამო “ჩელსი” ტურნირის ფინალს მიღმა დარჩა.

მატჩი “არსენალსა” და “ბარსელონას” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

პეტრ ჩეხმა “ნირვანას” სიმღერის ქავერი ჩაწერა (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტრ ჩეხი დიდი ხანია, გატაცებულია დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრით და ფანებს დროდადრო სოციალური ქსელის საშუალებით სთავაზობს საკუთარი შემოქმედების ამსახველ ვიდეომასალას. ამჯერად ჩეხმა ჯგუფ “ნირვანას” სიმღერა”In Bloom”-ის ქავერი ჩაწერა.

“მიყვარს ამ სიმღერის შესრულება. ისიამოვნეთ”, – დაწერა ჩეხმა თავის მიკრობლოგზე.

 

ოფიციალურად: პეტრ ჩეხი “არსენალში” გადავიდა

ლონდონის “ჩელსის” მეკარე პეტრ ჩეხი კარიერას “არსენალში” გააგრძელებს. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება. ჩეხმა კიპერმა “მეთოფეებთან” გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

პრესაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალს” 33 წლის მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო უნდა გაეღო.

პეტრ ჩეხი “ჩელსიში” 2004 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

 

ჩეხმა “ბეშიქთაშთან” მოლაპარაკებები გამართა

“მირორის” ცნობით, ლონდონის “ჩელსის” კიპერმა პეტრ ჩეხმა თურქულ “ბეშიქთაშთან” მოლაპრაკებები გამართა. 32 წლის მეკარეს “პენსიონერებთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ჩეხმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ტიბო კურტუას დაუთმო, თვითონ კი ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა.

პეტრ ჩეხის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ, მათ შორის: მილანის “ინტერი”, “ნაპოლი”, ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული”.

შეგახსენებთ, რომ ჩეხი მეკარე “ჩელსის” ღირსებას ათი წელია იცავს.

 

ჩეხი: “თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც” (ფოტოები)

ლონდონის “ჩელსის” კიპერმა პეტრ ჩეხმა ინგლისის ლიგის თასზე “დერბი ქაუნთის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:1) მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა. შეხვედრის მიმდინარეობისას ჩეხი მეკარე და ლონდონელთა მცველი კურტ ზუმა ერთმანეთს თავებით შეასკდნენ, რის შემდეგაც ფრანგმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

“ერთმანეთს თავებით შევასკდით. ზუმას გაუმართლა, რომ თავი ჩემს თავსაბურავს დასცხო. სხვა შემთხვევაში, უფრო ძლიერ დარტყმას მიიღებდა.

ვფიქრობ, თავსაბურავმა გადამარჩინა მეც და ზუმაც. კურტი კარგად არის. სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა”, – ჩეხის სიტყვები “თაიმსმა” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე “ჩელსი” “ლივერპულს” დაუპირისპირდება. შესაბამისად, მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ტოტენჰემ ჰოთსპური” და “შეფილდ იუნაიტედი” შეხვდებიან. მატჩები იანვარში გაიმართება.

Zouma1Zouma2Zouma3Zouma4Zouma5Zouma6