მიქელთაძე: “ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია ჩემი თამაშის ხარისხი”

ბექა მიქელთაძე კვიპროსის “ანორთოსისში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა “რუსთავი” სულ ცოტა ხნის წინ დატოვა და ლარნაკაზე გაფრინდა.

Fanebi.Com-ი ბექას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

– გქონდა თუ არა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე შემოთავაზებები სხვა უცხოური კლუბებიდან? რატომ აირჩიე “ანორთოსისი”?

– კი, მქონდა. თუმცა, ვთვლი, რომ “ანორთოსისი” კარგი ტრამპლინია უკეთეს გუნდში მოსახვედრად. ეს კლუბი იმიტომ ავირჩიე, რომ ევროტურნირებზე მუდმივად თამაშობს და არა მარტო თამაშობს. გვახსოვს, ქეცბაიას დროს რა და როგორ გააკეთა “ანორთოსისმა”.

– კიდევ რომელი ქვეყნებიდან იყო შემოთავაზება?

– ბევრი ქვეყანა იყო, თუმცა არ მინდა დაკონკრეტება. ევროტურნირებზე არცერთი კლუბი არ მონაწილეობს.

– ნიკა კაჭარავამ თუ ივარჯიშა შენთან ერთად? და, ზოგადად, როგორ მიდის ადაპტაციის პროცესი კლუბში?

– ჯერ ნიკა არ ჩამოსულა. დაახლოებით, 2-3 დღეში შევხვდები მას. ყველაფერი კარგად მიდის. აქ ქართველები ძალიან უყვართ.

 

– ამ ეტაპზე, როგორ აფასებ ნაკრებში შენი მოხვედრის შანსებს?

– ევროპაში წასვლა არაფერს წყვეტს, მთავარია, როგორ ვითამაშებ. დაიწყება ჩემპიონატი და მერე ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

ზინედინ ზიდანის პრესკონფერენცია “აპოელთან” შეხვედრამდე

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები შედგება. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” ნოქოზიის “აპოელს” დაუპირისპირდება.

თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა.

“მადრიდული დერბი რთული გამოდგა. გასაგებია, რომ ბენზემამ ცუდი შეფასება მიიღო, თუმცა, დამიჯერეთ, ის გუნდში პირველია, რომელსაც გაცილებით მეტის ჩვენება და გაკეთება უნდა, ვიდრე ამას ახლა ახერხებს. აქ ვარ, რათა დავეხმარო ყველა მოთამაშეს, არა მხოლოდ კარიმს.”

“გუნდში ახალაგზრდა ფეხბურთელები გვყავს. ერთ-ერთი ასეთი ასენსიოა, რომელსაც სათამაშო დრო ნამდვილად მოემატა. ის ყოველ დღე ვითარდება. ასევე, აღვნიშნავ დანი სებალოსის პროგრესს, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდში ყველას შეუძლია, რომ მაღალ დონეზე, სტაბილურად ითამაშოს.”

“ვიცით, ჩვენი სამუშაოს სირთულე. მადრიდის “რეალს” წარმოვადგენთ და გაცილებით მეტი ძალისხმევის გამოჩნეა გვმართებს, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ; ის დიდი შედეგი, რომელსაც ხალხი ელოდება. ყველას უნდა, რომ მეტი ითამაშოს. ჩემი გუნდის წევრები შანსებს ელიან. სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ რამდენ ხანს გავა მოედნაზე. ესაა ჩემი საქმე. ერთადერთს, რასაც სპორტსმენებს ვთხოვ, ისაა, რომ, როცა ვეტყვი, მოემზადონ და მაქსიმალურად კონცენტრირდნენ.”

“აპოელი” მშვენიერი გუნდია. მათ დაამტკიცეს, რა შეუძლიათ. მათ ჩემპიონატს არ ვუყურებ და კლუბის შესაძლებობებზე, იქიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფნას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. “ბერნაბეუზე” მათ კარგად ითამაშეს. ხვალ რთული მატჩი გველის და მას მომზადებულები უნდა შევხვდეთ,” – ამბობს “ზიზუ”.

 

ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

გარეტ ბეილმა უელსის ნაკრებს კვიპროსთან 82-ე წუთზე მოაგებინა(ვიდეო)

3 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვიპროსის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე უელსი მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

შეხვედრში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე უელსელთა ლიდერმა გარეტ ბეილმა გაიტანა.

კვიპროსულ „პაფოსში“ ოთხი ცნობილი ქართველი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და მარჯვენა მცველი გია გრიგალავა ახალი სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან. როგორც გაირკვა, ორივე ფეხბურთელი კვიპროსულ „პაფოსში“ ჩაირიცხა. სათქმელია, რომ ეს კლუბი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

გასულ სეზონში გრიგალაშვილმა „ოთელოსში“ ითამაშა, რომლის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გრიგალავას, მან რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჭყალის „ანჟის“ რიგებში ითამაშა, თუმცა ორხმვრივი შეთანხმების შემდეგ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

სათქმელი ისიცაა, რომ „პაფოსში“ აქამდე ასევე ორი ქართველი ჩაირიცხა. საუბარი მეკარე როინ კვასხვაძეზე და ნახევარმცველ ლევან ხმალაძეზეა. აღსანიშნავია, რომ ორივემ, გირალაშვილის მსგავსად, განვლილ სეზონში ასევე „ოთელოსში“ ითამაშა.

იონ არნე რიისემ კვიპროსის თასი ფინალში ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)

20 მაისს, კვიპროსის თასის ფინალში ერთმანეთშ “აპოელი” და “აელი” დაუპირისპირდნენ. მატჩი “აპოელის” გამარჯვებით. 4:2 დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი იონ არნე რიისემაც გაიტანა.

უჩა ლობჟანიძემ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

2 მაისს, კვიპროსის ჩემპიონატში, “აპოელმა” საკუთარ მოედანზე “ომონია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე, რომელმაც ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და საბოლოოდ, მოედნის დატოვება მოუწია. როგორც ირკვევა, ლობჟანიძეს პრობლემები “აპოელის” ფანებთან შეექმნა.

უჩა ლობჟანიძის თანაგუნდელმა მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

14 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში უჩა ლობჟანიძის “ომონიამ” საკუთარ მოედანზე “აია ნაპა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელმა ლეანდრომ მეტოქეს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

ლობჟანიძის 90 წუთი და გამარჯვება

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში “ომონიამ” “ეთნიკოსი” მიიღო და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლია.

მასპინძელთა შემადგენლობაში ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო უჩა ლობჟანიძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.

4 ტურის შემდეგ “ომონია” 28 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერებს, აპოელსა და “აპოლონს”, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით ჩამორჩება.

შოთა გრიგალაშვილმა ახალ კლუბში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა (ვიდეო)

4 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში, “ეთნიკოსმა” საკუთარ მოედანზე “ნეა სალამისი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი შოთა გრიგალაშვილი, რომელმაც 43-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 28 წლის ნახევარმცველი 69-ე წუთზე შეცვალეს.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვალდომ დააფიქსირა.

გიორგი აბურჯანიამ კვიპროსის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

22 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში, “დოქსამ” საკუთარ მოედანზე “ანორთოსისი” მიიღო და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. შეხვედრაში ერთ-ერთი გოლი ახალგაზრდა ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ 31-ე წუთზე გაიტანა, მან ანგარიში 0:2 გახადა.

აბურჯანიას გარდა, “ანორთოსისის” სასტარტო შემადგენლობაში იყო ირაკლი მაისურაძე, რომელმაც 38-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.