სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება. ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით ღია ფერი დაკრავდა.
სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.
ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.
ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com