დავით თარგამაძეს, რომელსაც ტრავმის გამო ორი წელი გაუცდა, მოუდანს უბრუნდება – 28 წლის ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა “საბურთალოს” დაუკავშირა და დედაქალაქელებთან ერთად ეცდება წარმატების მიღწევას. ფეხბურთელს სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე კლუბის ოფიციალური გვერდი ესაუბრა.
– წვივის ძვლის მოტეხილობა მქონდა, რის გამოც ძალიან დიდი დრო გამიცდა. მადლობა ღმერთს, რომ ფეხი აღარ მაწუხებს და შემიძლია ვარჯიში. გუნდთან ერთად რომ ჩავერთე საწვრთნელ პროცესში, მივხვდი რომ ყველაფერი კარგად იყო. ამ ხნის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე, რთული დრო გავიარე, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დავიწყებულია და ცხოვრების ახალ ეტაპს ვიწყებ.
– როგორ დაიწყო თქვენი და “საბურთალოს” ურთიერთობა?
– საქართველოს ჩემპიონატს თვალს სისტემატურად ვადევნებ, “საბურთალომ” ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც ტრავმამ გამიარა და გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება, მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ვთხოვე კლუბში თუ იყო ვარჯიშის დაწყების შესაძლებლობა. გიორგი გვერდში დამიდგა და დავიწყე ვარჯიში. სწორედ, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს “საბურთალოს” ფეხბურთელი ვარ.
რამდენიმე შემოთავაზება მქონდა უკრაინიდან, სადაც კარიერის დიდი ნაწილი გავატარე, მაგრამ უარი ვთქვი. უცხოეთში რომ მიდიხარ, კარგად უნდა წარმოაჩინო თავი. ჯერ სპორტული ფორმა მაქვს აღსადგენი, ევროპაში ასპარეზობას მომავალშიც შევძლებ.
– “საბურთალოში” თვეზე მეტია ვარჯიშობთ. მანამდე რა ინფორმაცია გქონდათ თქვენს ახალ კლუბზე?
– ვიცოდი, რომ კლუბი ახალგაზრდული იყო, ამბიციური და პერსპექტიული. ფეხბურთელების უმეტესობას არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მათი დიდი ნაწილი ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა. “საბურთალოს” დიდი მიზნები და გეგმები აქვს, მჯერა ეტაპობრივად ყველაფრის მიღწევას შეძლებს.
– რა იყო პირველი, რაზეც “საბურთალოზე” არჩევანი შეაჩერეთ?
– თბილისური კლუბის სათამაშო სტილი, ჩემს გემოვნებაში ჯდება. “საბურთალო” სწრაფი, შემტევი და სანახაობრივი სტილის მიმდევარია. შეიძლება ითქვას, რომ მსგავს ფეხბურთს არცერთი ქართული გუნდი არ თამაშობს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ საქართველოში “საბურთალო” გამორჩეული კლუბია.
ბევრისგან მსმენია “საბურთალოს” ხელმძღვანელების სწორი ხედვა ფეხბურთისადმი. არ შეიძლება ამ ყოველივემ შედეგი არ მოიტანოს. უბრალოდ, ყველაფერს დრო სჭირდება.
– გამოცდილი ფეხბურთელი ხართ, რომელსაც ევროპის რამდენიმე წამყვან კლუბში გითამაშიათ. თქვენი გადმოსახედიდან, კლუბის ამ შემადგენლობას, შეუძლია ჩემპიონობის მოპოვება?
– არა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობა, არამედ ამ კონტიგენტს რომელიმე ევროტურნირებზე ღირსეული და წარმატებული თამაში შეუძლია. ევროსარბიელზე მთავარია ფიზიკურად კარგად წარმოაჩინო თავი და 90 წუთი ბოლომდე იბრძოლო. ქართველები ოდითგანვე გამოვირჩეოდით ტექნიკით, მაგრამ ჩვენი მთავარი პრობლემა ფიზიკური კონდიციების კარგად წარმოჩინებაა.
– ეროვნული ლიგის მატჩებს ესწრებით. რა სხვაობებს ხედავთ ახლანდელ პირველობასა და რამდენიმე წლის წინათ გამართულ ჩემპიონატებს შორის?
– ეროვნულ ლიგაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა დიდი ფეხბურთი ითამაშონ. უბრალოთ ამ ახალგაზრდებს სწორი მიმართულება და ხელშეწყობა უნდათ. რაც შეეხება უშუალოდ პირველობას, რა თქმა უნდა სათამაშო დონე არ არის სასურველი და გვინდა, რომ უფრო მაღალი დონის პირველობა გვქონდეს, მაგრამ ამაზე ფეხბურთის ფედერაციაში ბევრს მუშაობენ. მჯერა შრომა შედეგს გამოიღებს. ჩემპიონატი რომ არ არის სასურველი, სტადიონზე გულშემატკივრების დასწრების რაოდენობითაც გამოიხატება, თუმცა იმედი მაქვს ქომაგი სტადიონზე ისევ დაბრუნდება.
– საუბრის ბოლოს – რას ეტყვის დავით თარგამაძე თავის გულშემატკივარს?
– ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ხელმძღვანელობას, თითოეულ წევრს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის მადლობას გადავუხდი. ეს ფაქტორი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და ძალას მმატებს.
რაც შეეხება გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ ჯერ არ დამთავრებულა ჩემი საფეხბურთო კარიერა. მჯერა, “საბურთალოსთან” ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევ და ქართველი ქომაგების გულებს გავახარებ.