ფიფამ არგენტინა დააჯარიმა

ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 300 ათასი შვეიცარული ფრანკით (247 050 ევრო) დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, „ალბისელესტემ“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტი დაარღვია. კერძოდ, საუბარია პრესასთან ურთიერთობის წესზე.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არგენტინელებმა მიჯრით მესამედ დაარღვიეს წესი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გუნდის მხრიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ესწრებოდა, როცა მასთან ერთად მინიმუმ კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა ნიგერიის (3:2), შვეიცარიის (დ.დ. 1:0) და ბელგიის (1:0) ნაკრებების წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ მოხდა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამდეც (0:0, პენ 4:2).

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს არგენტინის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ტევესი არგენტინის ნაკრებში არგამოძახებას ხუმრობით გამოეხმაურა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესანიშნავ ფორმაშია. 30 წლის ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაქალაქელი „ტორინოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.

მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ტევესის სამუნდიალო განაცხადში შეყვანას ჯიუტად არ აპირებს, რასაც თავად ფეხბურთელი ხუმრობით გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების თავკაც საბელიას „სქაი“ (ტელეარხი) არ აქვს, რომ „იუვენტუსის“ მატჩებს უყუროს“, – აღნიშნა ტევესმა „სქაის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი