გრიგალავას “ტულამ” ნავალოვსკის “ხაბაროვსკი” დაამარცხა

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთექვსმეტე ტურში “ხაბაროვსკმა” “არსენალს” უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში მონაწილე ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი. საბედნიეროდ ნავალოვსკიც და გრიგალავაც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გიამ მოედანზე 73 წუთი გაატარა და 42-ზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რაც შეეხება ნავალოვსკის მან სრული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ გუნდის დახმარება ვერაფრით შეძლო. თავდაპირველად “ტულა” დაწინაურდა. მე-5 წუთზე ანგარიში კანგვამ გახსნა (5′) , მასპინძლებმა წონასწორობა 33-ე წუთზე ფედოტოვის შედეგიანი დარტყმით გაათანაბრეს. გადამწვეტი გოლი ჯორჯევიჩის ანგარიშზეა, რომელმაც 86-ე წუთზე შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. საბოლოოდ შეხვედრა “არსენალის” გამარჯვებთ 2-1 დასრულდა.

ამ წარმატების შემდეგ “ტულას” 23 ქულა აქვს და მე-6 პოზიციას იკავებს, რაც შეეხება “სკა”-ს ისინი ბოლო ადგილზე არიან.

“ანჟიმ” “არსენალს” სძლია – ლორია კვლავ სასტარტოშია!

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთოთხმეტე ტურში მახაჩყალაში ადგილობრივმა “ანჟიმ” ტულას “არსენალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3-2 სძლია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კიპერმა კარგად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში, რაც მართლაც სასიხარულოა. “ტულას” სათადარიგოთა შორის იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 33-ე წუთზე ჩაერთო.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ანჟიმ” ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. რაც შეეხება გრიგალავას გუნდს, ისინი მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

კვირკველიას “ლოკომოტივი” “უფასთან” დამარცხდა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” სტუმრად ეწვია “უფას” და 1-0 დამარცხდა. მინდორზე 90 წუთი გაატარა კვირკველიამ და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. “ლოკომოტივს” ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ამ გამარჯვების შემთხვევაში “ზენიტისთვის” გადაესწრო და პირველ ადგილზე გადასულიყო.

თავის მხრივ დღეს რუსეთში მეორე ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშა მე-13 ტურის შეხვედრაში. “არსენალ ტულას” სათადარიგოთა შორის იყო გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, სტუმრად მისმა გუნდმა “ზენიტი” დაამარცხა.

კვირკველიას “ლოკომოტივი” მეორე ადგილზეა, გრიგალავას “ტულა” კი მეცხრეზე.

კვიპროსულ „პაფოსში“ ოთხი ცნობილი ქართველი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და მარჯვენა მცველი გია გრიგალავა ახალი სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან. როგორც გაირკვა, ორივე ფეხბურთელი კვიპროსულ „პაფოსში“ ჩაირიცხა. სათქმელია, რომ ეს კლუბი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

გასულ სეზონში გრიგალაშვილმა „ოთელოსში“ ითამაშა, რომლის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გრიგალავას, მან რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჭყალის „ანჟის“ რიგებში ითამაშა, თუმცა ორხმვრივი შეთანხმების შემდეგ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

სათქმელი ისიცაა, რომ „პაფოსში“ აქამდე ასევე ორი ქართველი ჩაირიცხა. საუბარი მეკარე როინ კვასხვაძეზე და ნახევარმცველ ლევან ხმალაძეზეა. აღსანიშნავია, რომ ორივემ, გირალაშვილის მსგავსად, განვლილ სეზონში ასევე „ოთელოსში“ ითამაშა.

გრიგალავა “ამკარს” ელაპარაკება

რუსული პრესის ცნობით გია გრიგალავა მოლაპარაკებებს პერმის “ამკართან” აწარმოებს. წყარო იუწყება, რომ მის მიმართ ინტერესს რუსული პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბიც იჩენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველმა “ანჟისთან” კონტრაქტი გუშინ გაწყვიტა. მახაჩკალური გუნდის ღირსებას გრიგალავა 2013/14 წლების სეზონიდან იცავდა.

გრიგალავამ “ანჟი” დატოვა

მახაჩყალის “ანჟისა” და გია გრიგალავს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

“კლუბი მადლობას უხდის გიას კეთილსინდისიერებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და უსურვებს წარმატებას როგორც საკლუბო კარიერაში, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში”, – ნათქვამია “ანჟის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრიგალავას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს.

კონტრაქტის გაწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა “ანჟის” გენერალური დირექტორი სერგეი კორაბლევი.

“კლუბი გაგებით ეკიდება იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც გია გრიგალავა ბოლო პერიოდში აღმოჩნდა. მე, როგორც “ანჟის” ხელმძღვანელს, ადამიანურად მესმის ფეხბურთელის ის ემოციური განცხადებები, რომელიც მედიის საშუალებით გავრცელდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პროფესიონალებად ვრჩებით და ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ გიას რეპუტაციის დაცვაში”, – ციტირებს კორაბლევის სიტყვებს “ანჟის” ოფიციალური ვებგვერდი.

გია გრიგალავა “ანჟის” ღირსებას 2013/14 წლების სეზონიდან იცავდა. 25 წლის ფეხბურთელმა დაღესტნური კლუბის რიგებში რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში
მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ფეხბურთელმა “ანჟის” ფორმით ევროპის ლიგის შვიდ შეხვედრაში ითამაშა.

ცნობისთვის, გია გრიგალავას მიმართ ინტერესს რუსეთის პრემიერლიგის ბინადარი პერმის “ამკარი” იჩენს.

 

გია გრიგალავა: “სუფთა ვარ და ნებისმიერ შემოწმებას გავივლი”

“ანჟის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად გია გრიგალავას სისხლში აკრძალული პრეპარატი აღმოჩინეს. ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

– აქამდე “ანჟისთან” ჩემი ურთიერთობის შესახებ არაფერი მითქვამს. ახლა კი ვითარება შეიცვალა და დუმილის უფლება აღარ მაქვს. გუნდის მიერ გავრცელებული განცხადება უბრალოდ სასაცილოა. მიდის საუბრები, თითქოს აკრძალული პრეპარატები 15 იანვარს აღმოაჩინეს. თუმცა, ამ ანალიზების შემდეგ 4-5 დღეში გუნდის ექიმმა განაცხადა, რომ ყველაფერი კარგად არის და ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა არ აქვთ, არადა ახლობლები მაფრთხილებდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი და ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები.

საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. არ ვეწევი, არ ვსვამ და უფრო სერიოზულ რაღაცებზე საუბარიც კი ზედმეტია.

ერთი დღეში მეორე გუნდის ვარჯიშზე გენერალური დირექტორი მოვიდა და მწვრთნელს უთხრა, რომ მოთამაშეები გასახდელში შესულიყვნენ, სადაც ანალიზებისთვის შარდს ჩააბარებენ. აღსანიშნავია, რომ მოსულ ექიმებს თან არანაირი მოწყობილობები არ ჰქონდათ. შარდს მასაჟისტისგან ნათხოვარ ჩაის ჭიქებში ვაბარებდით.

ერთ-ერთი უკანასკნელი ვიყავი. ბიჭების უმრავლესობის ანალიზები გადაღვარეს და ტესტერებიც გადააგდეს. ჩემს შემთხვევაში კი ექიმმა ტესტერი შეინახა, რაც გავაპროტესტე და ვუთხარი, რომ ტესტერი დაებრუნებინათ, თუმცა ჩემი თხოვნა იგნორირებული იყო. მითხრეს, რომ მათთან ერთად წავსულიყავი, რაზეც უარი განვაცხადე. ყველაფერს მივხვდი და იმავე დღეს ვიყავი მზად მოსკოვში წასასვლელად, რათა დამოუკიდებელი ანალიზები ჩაგვეტარებინა. ექიმებს ვუთხარი, რომ მათ არ ვენდობი.

– “ანჟიში” ამბობენ, რომ ამის შემდეგ გაუჩინარდით და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდით. 

– არსად არ წავსულვარ და ვარჯიშებიც არ გამიცდენია. ტელეფონი 24 საათის განმავლობაში ჩართული მქონდა. ვინც მიცნობს, ყველა ხვდება, რომ ეს პროვოკაციაა.

– რა არის ამის მიზეზი?

– ყველაფერი ჩემი კონტრაქტის გამო ხდება. ხელფასის შემცირებას არ ვთანხმდები, რის გამოც მეორე გუნდში გადამიყვანეს და დამატებითი დატვირთვებიც დამინიშნეს. ახლა კი ჩემი მოშორება ამ გზით გადაწყვიტეს.

– როგორი იყო თქვენი შემდგომი ნაბიჯები?

– მოსკოვში ანალიზების ჩასაბარებლად გავემგზავრე და თვითმფრინავში გენერალურ დირექტორს შევხვდი, რომელსაც ჩემი ნახვა ძალიან გაურკვირდა. თვითმფრინავის აფრენამდე 5 წუთი რჩებოდა, როცა კლუბის ვებგვერდზე სკანდალური განცხადება გამოქვეყნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერი ანალიზებისთვის და სიცრუის დეტექტორისთვისაც მზად ვარ. საკითხავია, სხვები თუ არიან ამისთვის მზად?

– მახაჩკალაში ტესტებზე უარი რატომ თქვით?

– ადგილობრივ სისტემას აღარ ვენდობი… ჩემს სისხლში რაღაც რომ ყოფილიყო მოსკოვში ხომ არ გავემგავრებოდი? ტესტები ჩავაბარე და ხვალ დილის 10 საათზე “ანჟის” მეორე გუნდის ვარჯიშზე ვიქნები. მოსკვოში ყველანაირი ანალიზი ჩავაბარე, რომლის პასუხებიც უკანასკნელი ნახევარი წლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ამოაგდებს. სუფთა რომ არ ვიყო, ამას რატომ გავაკეთებდი?

არ მესმი რატომ გამიკეთეს ეს? მგონი ფეხბურთში მსგავსი ფაქტები არც ყოფილა.

– მოსკოვის ანალიზების პასუხები როდის გამოქვეყნდება?

– დაახლოებით 10 თებერვალს.

– იანვარში თქვენი შეძენა “ამკარს” სურდა. რატომ არ განხორციელდა ტრანსფერი?

– პირობებზე ვერ შევთნახმდით, თუმცა სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ამ ეტაპზე კი ჩემთვის მთავარი ამ ისტორიის დასრულებაა.

გრიგალავას აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს და დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე უარს ეუბნებიან

გია გრიგალავას სისხლში აღმოჩენილი აკრძალული პრეპარატის გამო “ანჟი” 25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.

ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა აღნიშნულ საკითხზე რუსულ პრესასთან ისაუბრა: “გიამ ყველა მოთამაშესთან ერთად იანვარში ჩააბარა ანალიზები და ტესტმა აკრძალული პრეპარატები არ დააფიქსირა. მაგრამ, რამდენიმე დღის წინ კლუბმა გრიგალავას და კიდევ რამდეინმე მოთამაშეს დამატებითი ანალიზების გავლა სთხოვა. ტესტმა დადებითი რეზულტატი აჩვენა, თუმცა შესაბამისი ცნობა მოთამაშეს არ მისცეს და მიანიშნეს, რომ მან კლუბის გამოცვლაზე უნდა იფიქროს. აღსანიშნავია, რომ გიას საკუთარი ხარჯებით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება სურდა, რაზეც კლუბიდან უარი მიიღო.”

გრიგალავა “ანჟის” ერთ-ერთი მაღალანზაღაურებადი ფეხბურთელია და კონტრაქტით მახაჩკალურ კლუბს კიდევ წელიწადნახევრით ეკუთვნის. რუსეთის პირველ ლიგაში გავარდნილმა გუნდმა ქართველი მცველი ტრანასფერზეც დააყენა, თუმცა მისი გასხვისება ვერ შეძლო და როგორც ჩანს ახლა ამის გაკეთებას არც თუ ისე სუფთა ხერხებით აპირებს. აქვე შეგახსენებთ, რომ გრიგალვას მიმართ ინტერესს პრემიერლიგის ბინადარი პერმის “ამკარი” იჩენს.

გრიგალავა კარიერას “ამკარში” გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა კარიერას “ამკარში” გააგრძელებს. რუსული პრესის ცნობით კონტრაქტი კლუბსა და მოთამაშეს შორის უახლოეს მომავალში გაფორმდება.

25 წლის ფეხბურთელი უკანასკნელი კლუბი “ანჟი” იყო, თუმცა რუსეთი პირველ ლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტის გამო მას ფაქტობრივად არ უთამაშია.

გრიგალავას “ამკარში” გადაბარგებაში მნიშვნელოვანი როლი პერმული კლუბის ახალმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა შეასრულა, რომელთან ერთადაც ქართველ მცველს “ანჟიში” და “ვოლგაში” უმუშავია.

გრიგალავა ანჟის დუბლებში გადაიყვანეს

მახაჩკალის “ანჟის” მოთამაშეები ბენუა ანგბვა და გია გრიგალავა გუნდის დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კორაბლიოვმა დაადსტურა.

“ანგბვა და გრიგალავა “ანჟი” – 2-ში ვარჯიშობენ. მათი ბედი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მათ მიმართ გარკვეული ინტერესი არსებობს” – განაცხადა კორაბლიოვმა.

გია გრიგალავამ კავკასიურ დერბიში გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მახაჭკალის „ანჟისა“ და გროზნოს „ტერეკს“ შორის კავკასიური დერბი შედგა. მატჩი დაღესტნური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი „ანჟის“ ქართველმა მცველმა გია გრიგალავამაც შეიტანა.

ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვლადიმირ ბისტროვმა გახსნა. 33-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გია გრიგალავამ „ანჟის“ უპირატესობა განამტკიცა. მე-60 წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა დმიტრი ბილიალეტდინოვმა.

ამრიგად, ბოლოადგილოსანმა „ანჟიმ“ 20 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგაში დარჩენისთვის გასამართ საპლეიოფო მატჩებში ასპარეზობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ანჟის“ სასურველ მე-14 პოზიციამდე, რომელიც სამარის „კრილია სოვეტოვი“ აქვს დაკავებული,  6 ქულა აშორებს. „ტერეკს“ 29 ქულა დარჩა და ახლა ჩეჩნური გუნდი იმისთვის იბრძვის, რომ საპლეიოფო მატჩებში არ მოხვდეს.

ბექა დოგრაშვილი