“ბარსელონას” ფანები მარტინოს გათავისუფლებას ითხოვენ

ესპანური პრესის ცნობით “ბარსელონას” გულშემატკივრები გუშინდელი მატჩის შემდეგ ხერარდო მარტინოს გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთს თასის ფინალში “ბარსელონა” მადრიდის “რეალთან’ დამარცხდა. კატალონიაში ჩასულ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს გულშემატკივართა ჯგუფი დახვდა, რომელიც თავისი საყვარელი გუნდის წევრებს არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვებით ეგებებოდა.

გარდა ამისა, გულშემატკივრები ხერარდო მარტინოს დაუყონებლივ გადადგომას ითხოვდნენ.

„ბარსელონამ“ ბრენდან როჯერსს თვალი დაადგა

ბრიტანული „დეილი მირორის“ცნობით, „ბარსელონა“ დიდი ინტერესით ელის „ლივერპულსა“ და კლუბის მთავარ მწვრთნელ ბრენდან როჯერს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებას.

მხარეებს შორის ხელშეკრულება 2015 წლამდეა გაფორმებული, კონტრატის გახანგრძლივებაზე კი კონკრეტული დეტალების განხილვას არ ჩქარობენ. კატალონიელები როჯერსს „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ მიმდიანრე სეზონის ბოლოს ხერარდო მარტინო კატალონიელთა გუნდის თავკაცის თანამდებობას დატოვებს.

თავად როჯერსმა აღნიშნა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება მხოლოდ იმიტომ არ დაწყებულა, რომ მას აგენტი არ ჰყავს. თუმცა, ფეხბურთის ჩრდილოირლანდიელმა სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ მერსისაიდული გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

ტატა მარტინო არგენტინის ნაკრებს ჩაიბარებს?

არგენტინული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ იმ მწვრთნელის ძიება დაიწყო, რომელიც ზაფხულში ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე ალეხანდრო საბელიას შეცვლის. ერთ-ერთ ვარიანტად „ბარსელონას“ ამჟამინდელი დამრიგებელი ხერარდო მარტინო მოიაზრება.

ფეხბურთის არგენტინელ სპეციალისტს კატალონიურ გუნდში საქმეები ჯერჯერობით კარგად არ მისდის და არის იმის არცთუ მცირე ალბათობა, რომ მან სეზონის ბოლოს „ბარსელონა“ დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ ტატა მარტინო კატალონიურ გუნდს 2013 წლის ზაფხულიდან თავკაცობს.

„ბარსელონა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას შეუდგა

ესპანური პრესის ცნობით, „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსთვის კატალონიური გუნდის თავკაცის პოსტზე მიმდინარე სეზონი  შესაძლოა, პირველი და უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ესპანური წყაროების თანახმად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის ძიებას უკვე შეუდგა. კლუბის სპორტულ დირექტორ ანდონი სუბისარეტას უკვე იმ სპეციალისტების სიაც აქვს შედგენილი, რომლებიც „ბარსელონას“ თავკაცის პოსტზე დანიშვნის შესაძლო ვარიანტებად განიხილებიან. სია ისეთი მწვრთნელებით იწყება, როგორებიც არიან ერნესტო ვალვერდე, ლუის ენრიკე, ანდრე ვილაშ-ბოაში, დიეგო სიმეონე და იურგენ კლოპი.

ხერარდო მარტინო: „იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნება. ყურადღების ცენტრშია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის „ეტიჰადზე„ გასამართი შეხვედრა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ხაზი გაუსვა ინგლისელთა ძლიერ მხარეებს და იმის შესახებაც ისაუბრა, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი მეტოქის განეიტრალებას.

„ეს დაპირისპირება ფინალის ღირსია. კარგი იქნებოდა, მათ ცოტა მოგვიანებით რომ შევხვედროდით, თუნდაც მეოთხედფინალურ ეტაპზე. „სიტი“ შეუდარებლად გამოიყურება როგორც პრემიერლიგაში, ასევე ევროთასებზე.

არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ გატანასა და არგაშვებას შორის. პირველ რიგში, უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც გვიყვარს და როგორც შეგვიძლია. თუ გოლს გავიტანთ, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! „მანჩესტერ სიტი“ ბევრ რამეში წააგავს „ბარსელონას“ შესაძლოა, ინგლისელები უფრო მარტივად თამაშობენ, მაგრამ ბურთს შესანიშნავად აკონტროლებენ. ვფიქრობ, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევს.

„მანჩესტერ სიტი“ ამ დროისთვის პლანეტის ერთ-ერთი წამყვანი კლუბია. მათ სხვადასხვა ხერხებით შეუძლიათ ხიფათის შექმნა. კარგად უტევენ როგორც პირველი, ასევე მეორე ტემპით, შეუძლიათ თამაში როგორც ცენტრში, ასევე ფლანგებზე, მშვენივრად თამაშობენ „მეორე სართულზე“, სახიფათოდ ასრულებენ სტანდარტებს და იტანენ ბევრ გოლს. მეტოქის გასანეიტრალებლად ბურთის ფლობა იქნება საჭირო“, – მარტინოს სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

მატჩი „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას შვედი არბიტრი იონას ერიქსონი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ხერარდო მარტინო: „მესის თავი უნდა დავანებოთ“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თავისი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში კატალონიური გუნდის ლიდერს ლიონელ მესის მხარი დაუჭირა.

„მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მას თავი უნდა დავანებოთ. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე მისი თამაშისგან კვლავ ჩვეულ სიამოვნებას მივიღებთ“, – განაცხადა ფეხბურთის არგენტინელმა სპეციალისტმა.

ყველა გზა ლეოსთან მიდის

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, „ვისენტე კალდერონზე“ შედგება, სადაც მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ მიიღებს. გათამაშების ლიდერთა მატჩზე დასასწრები ბილეთების შოვნა უკვე შეუძლებელია. ესპანელი ჟურნალისტები უბილეთოდ დარჩენილ ინჩასებს თანაუგრძნობენ და იუწყებიან, რომ მატჩზე მოხვედრის ერთადერთი საშუალება მოლოდინია, რომ სეზონური აბონემენტის მქონე რომელიმე ქომაგი სტადიონზე არ მივა. თუმცა, რომელი ჭკუათმყოფელი ამჯობინებს ამ შეხვედრის შინ ყურებას?

დაბრუნება — ნახევარ საათში გაგიჟებული მსოფლიო
მიმდინარე სეზონი ლეო მესისთვის ცოტა უცნაურია. არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება, რის გამოც ორი თვე და 12 მატჩი გამოტოვა. ამის მიუხედავად, მესიმ ორიოდე დღის წინათ, „ხეტაფესთან“ გამართულ სათასო მატჩში ტრიუმფალური დაბრუნება მოიწყო და შეხვედრის ბოლო 30 წუთში ორი გოლი გაიტანა.

შესრულებულმა დუბლმა ლეო „ბარსელონას“ ბომბარდირთა სათავეში მოაქცია, მატჩის შემდეგ კი ნამდვილი სიგიჟე დაიწყო. ლიდერის დაბრუნებით გახარებულმა თანაგუნდელებმა მესის გასახდელში ცეკვა მოუწყვეს, არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. „მონსტრი დაბრუნდა!“ – ასეთი კომენტარი დატოვა ალექს სონგმა ერთ-ერთ სურათზე.

ჭკუიდან ქომაგებიც გადავიდნენ. „ბარსელონას“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყებოდა, რომ დუბლის შესრულების მომენტში მესის გვარი „ტვიტერზე“ 24 ათასჯერ დაიწერა, მთლიანად მატჩის მიმდინარეობისას კი – 300 ათასჯერ.

კატალონიურ გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივოს“ ზედიზედ სამი დღის განმავლობაში პირველი გვერდიდან მესის სურათი არ ჩამოუშორებია. არგენტინულმა გაზეთმა „ოლემ“ კი ერთი დღით გამოცემის სახელწოდება შეცვალა და „ლეო“ დაირქვა. მესის მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ საფეხბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გაეგიჟებინა.

ყველა ესპანელი ჟურნალისტი არ არის დარწმუნებული, რომ დღევანდელ მატჩში ლიონელ მესი სასტარტო წუთებიდანვე მოედანზე იქნება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ გარისკვას სჯობს, მესი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ათამაშონ, თუმცა სპორტულ ჟურნალისტთა უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ლეო ძირითად შემადგენლობაში იქნება. სავარაუდოდ, სასტარტო განაცხადში მოხვდება ნეიმარიც, რომელმაც „ხეტაფესთან“ გამართული შეხვედრა მცირე დაზიანების გამო გამოტოვა.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მესიმ დღეს აუცილებლად უნდა გაიტანოს. მისთვის „ატლეტიკო“ ყველაზე სასურველი მეტოქეა. ესპანეთის ჩემპიონატში არგენტინელმა ფეხბურთელმა მადრიდული კლუბის წინააღმდეგ 14-ჯერ ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მესიმ „ატლეტიკოს“ ქომაგთა დამწუხრება სათასო დაპირისპირებაში სამჯერ მოახერხა.

შეხვედრა — სიმულანტი სიმეონე
ცალკე ინტრიგას იწვევს დღეს მონაწილე გუნდთა არგენტინელი თავკაცების დუელი. საუბარია „ბარსას“ მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოსა და „ატლეტიკოს“ დამრიგებელ დიეგო სიმეონეზე.

ესპანელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში სიმეონემ 1987/88 წლების სეზონში მომხდარი ერთი საინტერესო შემთხვევა გაიხსენა. თურმე, „ნიუელს ოლდ ბოისსა“ და „ველესს“ შორის გამართულ მატჩში სიმეონემ მარტინოსთან ორთაბრძოლისას სიმულაციას მიმართა, რის გამოც ხერარდო მოედნიდან გააძევეს. მოგვიანებით წითელი ბარათი თავად დიეგომაც მიიღო, თუმცა მისმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

აი, მწვრთნელის რანგში სიმეონეს ხერარდოსთვის არასდროს არ მოუგია. ეს მწვრთნელები სეზონის სტარტზე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასისთვის გაჩაღებულ ორრაუნდიან დაპირისპირებაში. ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით ტიტული კატალონიელებს დარჩათ. ვნახოთ, ვინ აჯობებს დღეს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება და მას 36 წლის არბიტრი ანტონიო მატეუ განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მსოფლიო ფეხბურში

ბრაზილიურმა სპორტული ბიზნესის კომპანია Pluri Consultoria-მ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა სია გამოაქვეყნა.

სიაში პირველ ადგილს მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა იკავებს. ესპანელი სპეციალისტი ბავარიული კლუბისგან, წელიწადში, ხელფასის სახით 17 მილიონ ევროს იღებს.

მეორე პოზიციას იკავებს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, რომელსაც ინგლისურ კლუბში 10 მილიონ ევროს უხდიან.

გთავაზობთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ათეულს:

1. პეპ გვარდიოლა (მიუნხენის “ბაიერნი”) – 17 მილიონი.
2. ჟოზე მოურინიო (ლონდონის “ჩელსი”) – 10 მილიონი.
3. მარჩელო ლიპი (“გუანჟოუ ევერგრანდი”) – 10 მილიონი.
4. არსენ ვენგერი (ლონდონის “არსენალი”) – 8.2 მილიონი.
5. ფაბიო კაპელო (რუსეთის ნაკრები) – 7.8 მილიონი.
6. კარლო ანჩელოტი (მადრიდის “რეალი”) – 7.5 მილიონი.
7. დევიდ მოიესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 5.9 მილიონი.
8. ხერარდო მარტინო (კატალონიის “ბარსელონა”) – 5.4 მილიონი.
9. იურგენ კლოპი (დორტმუნდის “ბორუსია”) – 4.3 მილიონი.
10. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”) – 4.1 მილიონი.

დიტო ჭიჭინაძე