ჩირო იმობილე “ლაციოს” უახლოვდება

რომის “ლაციო” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებს. დედაქალაქურ კლუბს “სევილიადან” ჩირო იმობილეს გადმობირება აქვს განზრახული.

გავრცელებული ინფორმაციით, რომაელებს საწყის ეტაპზე სურთ, რომ 26 წლის იტალიელი ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანონ. არენდა 2 მილიონ ევროდ ფასდება, 8 მილიონი ევროს დამატების შემთხვევაში კი, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც მიეცემათ.

“ლაციო” ჩირო იმობილეს ოთხწლიან კონტრაქტსა და წელიწადში ჯამაგირის სახით ორ მილიონ ევროს სთავაზობს.

ჩირო იმობილემ გასული სეზონის ნახევარი იჯარის წესით “ტორინოში” გაატარა. იტალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ს გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

იმობილეს აგენტი: “ჩიროს “იუვენტუსზე” შურისძიება უნდა”

იტალიის სერია A 30-ე ტურში “ტორინო” თანაქალაქელ “იუვენტუსს” მიიღებს. მატჩამდე “ტორინოს” თავდამსხმელ ჩირო იმობილეს აგენტმა მარკო სომელამ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

“ჩიროს შურისძიება უნდა. მას “იუვენტუსის” ფანებთან კარგი დამოკიდებულება არ აქვს. ისინი განსაკუთრებით უარყოფითად რეაგირებენ იმ მატჩების მიმდინარეობისას, როდესაც იმობილეს გუნდს ხვდებიან.

იმედი გვაქვს, რომ “ტორინო” ამ დერბიში ქულებს მოიპოვებს. იმობილეს განსაკუთრებული მოტივაცია აქვს, ვინაიდან სურს დაამტკიცოს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებს”, – ციტირებს ჩირო იმობილეს აგენტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა ფეხბურთელმა პროფესიონალური კარიერა სწორედ “ბებერი სინიორას” რიგებში დაიწყო. მატჩი “ტორინოსა” და “იუვენტუსს” შორის კვირას გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

იმობილე დაშავდა

“სევილიას” ახალწვეული ჩირო იმობილე “უოტფორდის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩი (1:0) დაშავდა.

იტალიელმა თავდამსხმელმა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო, რამდენიმე წუთი მოედანზე იწვა, მეხუთე წუთზე კი მინდორი საკაცით დაატოვებინეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია იმობილეს ტრავმა. იტალიელი ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სიმძიმე.

 

“სევილიამ” იმობილე დაიმატა

“სევილიამ” ოფიციალურად დაადასტურა ჩირო იმობილეს ტრანსფერი.

25 წლის იტალიელი ფეხბურთელი ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.

იმობილე “სევილიაში” იჯარის წესით მომავალი წლის ზაფხულამდე ითამაშებს. კონტრაქტში ჩაიწერა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომავალი სეზონის ბოლოს ესპანურ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება მიეცემა. ამისთვის “სევილიამ” 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.

გასული სეზონი ფეხბურთელმა დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა. მან გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. იმობილეს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

“მილანს” “დორტმუნდის” თავდამსხმელი სურს

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “მილანი” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ ჩირო იმობილეთი დაინტერესდა.

25 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, თუმცა იმობილემ კლუბი შესაძლოა, ვადამდე ადრე 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს. “ბორუსიას” ხელმძღვანელობა იტალიელი თავდამსხმელის ასპარეზობით უკმაყოფილოა.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩირო იმობილემ 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

იმობილე დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა

„ტორინოს“ თავდამსხმელი ჩირო იმობილე, როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადაბარგდა.

დღეს იტალიელი ფეხბურთელი დორტმუნდს ეწვია და გერმანულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იმობილე „ბორუსიაში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, რომელიც მანამდე რობერტ ლევანდოვსკის ემოსა. როგორც მოგეხსენებათ, პოლონელი ფორვარდი მიუნხენის „ბაიერნში“ გადადის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა კლუბმა 24 წლის იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 19,5 მილიონი ევრო გაიღო.

„მოხარული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. მოუთმებლად ველი სადებიუტო მატჩს“, – აღნიშნა იტალიელმა თავდამსხმელმა.

იტალიის სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში ჩირო იმობილემ 33 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბექა დოგრაშვილი