გაბრიჩიძე: „იმედია, ევრობასკეტზე პირველი ადგილიდან გავალთ“

დღეს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საპრესკონფერენციო დარბაზში, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ბერძენი ილიას ზუროსი წარადგინეს. პრესკონფერენციას ასევე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩძე და ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა დაესწრნენ. Fanebi.com-ი მიხეილ გაბრიჩიძის კომენტარს წარმოგიდგენთ.

„ძალიან მნშვნელოვანი წელი გვაქვს. ქალთა ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის გარდა, რა თქმა უნდა, 2017 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი გველის. ევრობასკეტი ამ ფორმატით ბოლოჯერ ტარდება. ფიბა-ს ახალი, ფეხბურთის მსგავსი სისტემა შემოაქვს, რაც საქართველოს მსგავს ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის უფრო დიდ შანსს აძლევს.

მნიშვნელოვანია, ნაკრების მატჩები სხვა ქალაქებშიც ჩავატაროთ. ყველამ ვიცით, რომ სერიოზულ ჯგუფში ვართ.

თავკაცის პოსტისთვის რამდენიმე კანდიდატი გვყავდა. შეხვედრების შემდეგ არჩევანი ზუროსზე გავაკეთეთ. ის ნაკრებს ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის. იმედია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილიდან გავალთ. 30 წელია, რაც ზუროსი კალათბურთში მოღვაწეობს. იმედია, მისი ცოდნა საქართველოს ნაკრებს გამოადგება“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

98%-ით, საქართველო თბილისში რუსეთს შეხვდება

თბილისის მერიის თასზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქეთა ვინაობა თითქმის გადაწყვეტილია. როგორც ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწრვთნელის ილიას ზუროსის წარდგენის შემდეგ პრესკონფერენციაზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ განაცხადა, ზაფხულში ჩასატარებელ ტურნირზე საქართველოს მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებები ეწვევიან, მესამე სტუმარი კი, 98%-ით, რუსეთი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის თბილისის მერიის თასის მონაწილეები მასპინძელ საქართველოსთან ერთად ესტონეთის, ლატვიისა და იტალიის ნაკრებები იყვნენ. ტურნირი იტალიელთა გამარჯვებით დასრულდა.

კოკოშკოვის წერილს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა

ქართული საკალათბურთო საზოგადოებისადმი მოწერილი იგორ კოკოშკოვის ღია წერილის შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა – “ტოვებს თუ არა სერბი მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?” ამ კითხვით ქართულმა მედიასაშუალებებმა დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ გაბრიჩიძეს მიმართეს, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო იგორს, რომელმაც ძალიან რთულ პერიოდში ჩაიბარა ნაკრები და მოახერხა მისი მაღალ დონემდე აყვანა. ეს ნამდვილად დასაფასებელია. მინდა, გითხრათ, რომ იგორი არის ჩვენი მეგობარი, უაღრესად დადებითი პიროვნება, ძალიან კარგი სპეციალისტი და რა თქმა უნდა, ფედერაცია მასთან კონტაქტებს არ დაკარგავს და ითანამშრომლებს. დიდი მადლობა მას ასეთი თბილი წერილისთვის. ჩემი აზრით, მას ამით სურდა ჩვენთვის ეთქვა, რომ ფედერაცია თავისუფალი ყოფილიყო მწვრთნელის არჩევაში – ეს იქნება იგორი თუ სხვა სპეციალისტი. არ გამოვრიცხავთ, რომ იგი კვლავ მოისაზრებოდეს კანდიდატად, ეს იგორთან საუბრის შემდეგ საბოლოოდ გადაწყდება. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობთ სხვა მწვრთნელებზე. იგორის გარდა არის კიდევ 3 კანდიდატი და მომავალი გვიჩვენებს, თუ რომელ მათგანთან გადავა მოლაპარაკება უფრო კონკრეტულ ფაზაში“.

gbf.ge

კალათბურთის ფედერაციისთვის ახალი წესდება გამომუშავდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი კოსტა ილიევი იმყოფება.

დღეს ილიევი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტ ლევან ყიფიანს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანური „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენედელური დირექტორი ხესუს ვასკესიც დაესწრო.

IMG_0972

ლევან ყიფიანი: „პირველ რიგში, შეხვედრა კალათბურთის განვითარების პროგრამას ეხება. მიხარია, რომ აქ ბატონი კოსტა ილიევი იმყოფება, რომელიც ფიბა-ს სპორტის განვითარების მენეჯერი და ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი გახლავთ. ასევე თბილისში იმყოფება ბატონი ხესუს ვასკესი, რომელიც კლუბ „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორია. ეს კლუბი კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მობრძანებისთვის. კალათბურთის ფედერაციამ ბევრი საინტერესო იდეა წარადგინა. ჩვენ ერთობლივად საფუძველს ვუყრით ბევრ საინტერესო საკითხს და არსებული პრობლემები უახლოეს ხანში უნდა მოვაგვაროთ. ეს ეხება ნაკრებებს, კლუბებსა და ქვეყანაში კალათბურთის ზოგად განვითარებას. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი კალათბურთის შესახებ დადებითი გამოხმაურებაა. როგორც სამინისტროს, ასევე ფედერაციას, მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ეხება სამართლებრივი კუთხით წესდებების ჩამოყალიბებას და საბაზისო პრობლემების გადაწყვეტას, საბავშვო კლუბების და მათი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, 3X3-ზე კალათბურთის, ქალთა კალათბურთისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის კალათბურთის პოპულარიზაციას. განვიხილეთ თანამშრომლობა ერთ-ერთ წარმატებულ ესპანურ კლუბთან „კაჩა ლაბორალთან“, რომელშიც ჩვენი თანამემამულე თორნიკე შენგელია წარმატებით ასპარეზობს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს“.

IMG_0995

მიხეილ გაბრიჩიძე: „დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გვიხარია, რომ ფიბა-სთან და „ბასკონიასთან“ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს. მადლობა დახმარებისთვის, რომელიც ფედერაციის მხრიდან ახალი წესდების გამომუშავებაში გამოიხატა, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედება. ამ წესდებაზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფიბა-ს”.

IMG_1027

კოსტა ილიევი: „კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინსიტროს აქ ერთი წლის წინ შევხვდი. მაშინ საქართველოში კალათბურთის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას განვიხილავდით. საქართველოში კალათბურთის განვითარებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ერთი წლის შემდეგ აქ დაბრუნების შემდეგ შედეგს ვხედავ. პირველ რიგში, ეს ახალ წესდებას ეხება, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის კალათბურთის განვითარებას. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება თანამშრომლობის კარგ მაგალთს წარმოადგენს“.

IMG_0972

ხესუს ვასკესი („კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორი): „ჩვენთვის აქ ყოფნა და პარტნიორებთან შეხვედრა დიდი პატივია. ჩვენი გამოცდილებითა და რჩევებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ. მომავალში ბევრი მწვრთნელი და წარმატებული გუნდი გეყოლებათ. მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ჩვენ ბევრი მოთამაშე გავზარდეთ და, მზად ვართ, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. იმედია, საქართველოს თორნიკე შენგელიას მსგავსი ბევრი კალათბურთელი ეყოლება“.

გაბრიჩიძე, ქართველიშვილი და რატიშვილი ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიებში აირჩიეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიების წევრებად აირჩიეს. ეს  გადაწყვეტილება ფიბა-ევროპის აღმასკომმა მიიღო.

ფიბა-ევროპიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ფიბა-ევროპის ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრად დაამტკიცეს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიულ საქმეთა კომისიაში იმუშავებს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფიბა-სთან და უცხოეთთან ურთიერთობის დირექტორი, ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ევროპის სააპელაციო კომისიის წევრად დამტკიცდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიებში აღმასკომის გადაწყვეტილებით 4 წლის ვადით იმუშავებენ, რომლის განმავლობაშიც ისინი ევროპის მასშტაბით თავ-თავიანთი სფეროების მოწესრიგებაში აქტიურ წვლილს შეიტანენ.

აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ფიბა-ევროპის მიერ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისადმი დიდ ნდობას და აქტიური მოღვაწეობის დაფასებას.

gbf.ge