მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტური რუსეთისა და ეგვიპტის ნაკრებებს შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელთა ლიდერი მოჰამედ სალაჰი მოედანს დაუბრუნდა. ის სასტარტო განაცხადში იყო და შეხვედრა სრულად ჩაამთავრა. რუსებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში მეტოქეს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა გატანილ გოლამდე საქმე არ მისულა. სადებიუტო წუთების შემდეგ თამაში გათანაბრდა და ეგვიპტელებმაც შექმნეს მეტნაკლებად სახიფათო მომენტები. საბოლოო ჯამში, ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა უგოლოდ მიილია.
რუსები მეორე ტაიმის სტარტზე კურიოზული ავტოგოლით დაწინაურდნენ: ეგვიპტელთა მეკარემ ჩაწოდების შემდეგ ბურთი მუშტებით მოიგერია, რომან ზობნინმა საჯარიმო მოედანზე ჩააბრუნა, იქ კი აჰმედ ფათჰიმ იმდენად უხეიროდ მოიგერია, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაიჭრა – 1:0. 59-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს: მარიო ფერნანდესმა დენის ჩერიშევს საჯარიმოში უპასა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე გაშვებულმა გოლმა ეგვიპტელები ფსიქოლოგიურად გატეხა და ზუსტად სამ წუთში ანგარიში გამანადგურებელი გახდა: არტიომ ძიუბამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბურთი მკერდით ჩამოიღო, ცენტრალურ მცველებს უმარტივესად გაუმკლავდა და ეგვიპტელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. 73-ე წუთზე აფრიკელებს მცირეოდები იმედი დაუბრუნდათ: თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოჰამედ სალაჰმა ზუსტად შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა – 3:1.
დარჩენილ დროში ეგვიპტის ნაკრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო. რუსებმა ანგარიშით 3:1 იმარჯვეს და ტურნირის მერვედფინალში თამაშის უფლება თითქმის გაინაღდეს.
მსოფლიოს ჩემპიონატი
A ჯგუფი (II ტური)
რუსეთი — ეგვიპტე 3:1 (0:0)
გოლები: ფათჰი 47′ (ა.გ.), ჩერიშევი 59′, ძიუბა 62′ — სალაჰი 73′.