“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ახალ რეგულაციაზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც პრემიერ ლიგის კლუბებისთვის 9 აგვისტოს დაიხურება სატრანსფერო ფანჯარა. თუმცა სხვა კლუბებს მათი ფეხბურთელების ყიდვა 31 აგვისტომდე შეეძლებათ.
“ერთი მხრივ, ეს ცვლილება საკმაოდ სამართლიანია, რადგანაც სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს. მწვრთნელმა უნდა იცოდეს, რომ არსებულ გუნდთან მოუწევს თანამშრომლობა და სხვა მოთმაშის იმედი არ უნდა ჰქონდეს.
საკმაოდ უცნაურია, როდესაც ფეხბურთელი, რომელიც აგვისტოს თვეში ერთ კლუბში თამაშობდა, სექტემბერში მეორე კლუბის ღირსებას იცავდეს.
მეორე მხრივ კი მოგვიწევს, სხვა კლუბების სატრანსფერო შეტევების მოგერიება. ცხრა აგვისტოდან თვის ბოლომდე დიდი კლუბები ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი მოთამაშეების წასაყვანად,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
გეტყვით იმასაც, რომ კითხვას, აპირებს თუ არა საკუთარი კლუბის კიდევ უფრო გაძლიერებას, მოურინიომ ამგვარად უპასუხა: “დიდი სიამოვნებით მოვიყვანდი კიდევ ორ ფეხბურთელს”.