მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი “გრძელი ენის” გამო ესპანეთის ჩემპიონატის ორ მატჩს გამოტოვებს.
“ჟირონას” წინააღმდეგ შაბათს გამართულ მატჩში (2:2) ფრანგმა ფეხბურთელმა სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც გრიზმანმა მთავარ არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო “ატლეტიკოს” ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.
ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარზე იმსჯელა და ანტუან გრიზმანს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარა, თუმც მას ოთხი შეხვედრის გამოტოვების საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, ფეხბურთელს ჯარიმის სახით 600 ევროს გადახდა მოუწევს.
ამრიგად, გრიზმანი “ატლეტიკოს” “ლას პალმასისა” და “ვალენსიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.