საჩხერის “ჩიხურამ” ბათუმის “დინამოს” სტუმრად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 31-ე ტურმა აიღო სტარტი.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ბათუმის “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუხვდა. ანგარიში მასპინძლებმა მეოთხე წუთზე გახსნეს. ამის გაკეთება თეიმურაზ შონიამ მოახერხა. ზუსტად 12 წუთში გიორგი გაბედავამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა გატანას. თუმცა, ერთადერთი შანსის გამოყენება იმერელთა შემტევმა, მიშიკო სარდალიშვილმა მოახერხა. მან გამარჯვების გოლი 74-ე წუთზე გაიტანა. შესაბამისად, ეს მატჩი ანგარიშით, 1-2 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ ბათუმური გუნდი 32 ქულით მერვე ადგილზეა. “ჩიხურას” 46 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

 

საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” დაამარცხა და ყიფიანის თასის 1/2 ფინალში გავიდა

დღეს დავით ყიფიანის თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

“ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში 38-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა გახსნა. ზუსტად ხუთ წუთში მიშიკო სარდალიშვილმა საჩხერელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

56-ე წუთზე დინო ჰამზიჩმა წითელი ბარათი მიიღო და “ჩიხურას” მეკარის შეცვლა მოუწია. 74-ეზე კი ტატანაშვილმა დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, 3:0 და “ჩიხურა” 1/2 ფინალში გავიდა!

სარდალიშვილი: “ჩიხურა” პროგრესირებს, მოტივიაცია დიდია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ!”

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” გორის “დილა” მიიღო და ანგარიშით, 4-2 დამაარცხა. ჰეთრიკი შეასრულა მიშიკო სარდალიშვილმა, რომელსაც Fanebi.Com-ი მატჩის დასრულებისთანავე დაუკავშირდა.

– შეაფასე მატჩი და გვითხარი, რის ხარჯზე მოახერხეთ მეტოქის ასე დაჯაბვნა?

– ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშიდან ჩანდა ის, რომ მეტად ორგანიზებულები ვიყავით, ვიდრე “დილა”. ჩვენ გვქონდა ბევრი საგოლე მომენტი, რომელებიც კარგად გამოვიყენეთ. ძირითადად, შეტევაზე ვიყავით ორიენტირებულნი – ამ ტაქტიკამ აშკარად გაამართლა, რაც შედეგზეც აისახა.

– შენ არც ისე სუსტ მეტოქეს სამი გოლი გაუტანე. შეაფასე საკუთარი ასპარეზობა.

– რაც შეეხება ჩემს თამაშს, ეს ჩემი გუნდელების  დიდი დამსახურებაა. რომ არა მათ მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და პასები, გოლებით ნამდვილად ვერ დავაგვირგვინებდი (იღიმის, ავტ.). რა თქმა უნდა, სასიხარულოა ის, რომ ჩემი ე. წ. “ჰეთრიკი” შედგა.

– ზოგადად რომ მითხრა, რა შანსები აქვს ჩემპიონატში “ჩიხურას” ამ სეზონში?

– რაც შეეხება “ჩიხურას” შანსებს წლევანდელ ჩემპიონატში, პროგრესის მიღწევა აშკარად შეგვიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ გვაკლია, ვიბრძოლებთ პირველობისთვის, ან მინუმუმ იმ შედეგს გავიმეორებთ, რაც შარშან დავაფიქსირეთ.

ოფიციალურად: საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” ორი მოთამაშე დაიმატა!

საჩხერის “ჩიხურამ” ეროვნული ლიგის განახლებამდე კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა.

იმერულ კლუბში 21 წლის შემტევი ნახევარმცველი, ცოტნე მესხი და 23 წლის ფორვარდი, ოთარ კვერნაძე ითამაშებენ. ცოტნე 35-ე სკოლის აღზრდილია. იგი სხვადასხვა დროს ,,ლოკომოტივში”, შუქურაში” და ბოლოს თბილისის ,,დინამოში” გამოდიოდა. რაც შეეხება ოთარ კვერნაძეს, მას ,,ზესტაფონის”, ქუთაისის ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” მასირუებით აქვს ნათამაშები.

საგულისხმოა, რომორივე ფეხბურთელი ,,დინამოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდნენ საჩხერულ კლუბში.

ბათუმის “დინამომ” და საჩხერის “ჩიხურამ” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბათუმში, “რაგბი არენაზე” “დინამო” “ჩიხურას” დაუპირისპირდა. არც ისე სანახაობრივ თამაშში რამდენიმე მომენტის მიუხედავად, გოლი არ გასულა. საბოლოოდ, გუნდები ნულოვან ფრეზე გაიყარნენ.

ამ მატჩის შემდეგ აჭარლებს 13 ქულა აქვთ და მერვე პოზიციაზე არიან. “ჩიხურა” 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

 

“ჩიხურა” – “დილა”: ნულოვანი ფრე ზესტაფონში (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის “ჩიხურა” და გორის “დილა” დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა კარის მშრალად შენახვას და თან აგრესიას აძლიერებდა. საბოლოოდ, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო გოლის გატანა. გუნდებმა პირველ ტურში ფრე ითამაშეს.

შემადგენლობა

“ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, გიორგი განუგრავა, გიორგი გაბედავა (თორნიკე მუმლაძე 79 წთ.), მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე (ბაქარ მირცხულავა 86 წთ.), დენის დობროვოლსკი, ზაზა ჭელიძე, შოთა კაშია (C), თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი ივანიშვილი 68 წთ.).

მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე.

“დილა”: მიხეილ მუჯირიშვილი (C), გოდერძი მაჩაიძე, რომარიკ ეტოუ, გიორგი პაპავა, ლეანდრო რიბეირო, ლევან ნონიკაშვილი (ირაკლი ძარია 79 წთ.), მალხაზ გაგოშიძე, გივი ქარქუზაშვილი, ლეონარდო (თენგიზ წიქარიძე 66 წთ.), დავით კირკიტაძე (სალიეუ ტარავალე 82 წთ.), ჟან დერეტი.

მთავარი მწვრთნელი: ზივ ავრაამ არიე.

გოლები:

გაფრთხილებები: გორგიაშვილი (64 წთ.) – ქარქუზაშვილი (75 წთ.)

წითელი ბარათი: არ იყო.

“სამტრედია” საქართველოს ჩემპიონია!

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ მატჩში საჩხერის “ჩიხურა” სამტრედიის “სამტრედიას” დაუპირისპირდა.

წინა მატჩი სამტრედიელებს, ანგარიშით, 2:0 ჰქონდათ მოგებული. შესაბამისად, “ჩიხურამ” აქტიურად დაიწყო პირველი წუთებიდანვე.  აღსანიშნავია რეხვიაშვილის სტანდარტული, რომელიც კარს გადსცდა. ამის შემდეგ ლობჟანიძე უტევდა მარცხენა ფლანგიდან, ბურთი განუგრავას დაუგორა, ამ უკანასკნელმაც ძლიერად დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია. ამის შემდეგ განუგრავა ასისტენტის როლში მოგვევლინა, მან ბურთი მუმლაძეს ჩუწოდა, ეს უკანასკნელი თავით ცდილობდა გატანას, თუმცა უშედეგოდ.

41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი წინ გაიგდო, მის შეჩერებას კაშია შეეცადა, რომელსაც სამტრედიელმა შემტევმა მარტივად გაუტარა ფეხებს შორის ბურთი. კაშიამ საჯარმოში შესული ზივზივაძე წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომლის გამოყენებაც 42-ე წუთზე არაბულმა შეძლო.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. დათუნაშივილმა 59-ე წუთზე ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და სამტრედიელი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა.

83-ე წუთზე დეკანოიძემ, ხოლო 90-ეზე ლობჟანიძემ პენალტიდან ორი გოლი გაქვითეს. საბოლოოდ – 2-2.

“სამტრედიამ” ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშით, 4-2 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ძირითადი შემადგენლიბები

“ჩიხურა”: ჰამზიჩი, გრიგაშავილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე, განუგრავა (გაბედავა 46 წთ), ლეკვთაძე, სარდალიშვილი, კაკუბავა, ლობჟანიძე, მუმლაძე (დეკანოიძე 46 წთ).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, სანდოხაძე (იმედაშვილი 77 წთ.), მანჯგალაძე, რაჟამაშვილი (გამყრელიძე 65 წთ.), არაბული (მარკოზაშვილი 73 წთ.), ზივზივაძე, ჯიქია, შერგელაშვილი, გოგიაშვილი, მჭედლშივილი, დათუნაიშვილი.

მთავარი მწვრნელი: გია ცეცაძე

გოლი: არაბული (პენალტი, 42 წთ.), დათუნაიშვილი (59 წთ.), დეკანოიძე (83 წთ.) ლობჟანიძე (პენალტი 90 წთ.)

“ცხინვალი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში საჩხერის “ჩიხურამ” “ცხინვალი” “დინამო არენაზე” მიიღო. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუმრებისთვის, რადგან ისინი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდნენ უმაღლეს ლიგაში.

შეხვედრა საჩხერლების უპირატესობით წარიმართა. ისინი თავიდან სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. პირველი მათგანი “ჩიხურას” მოთამაშემ, გიორგი გაბედავამ 29-ე წუთზე შეაგდო. ტატანაშვილმა კი 62-ე და 67-ე წუთებზე მოახერხა დუბლის შესრულება. 68-ე წუთზე მაქაცარიამ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. წერტილი 90-ე წუთზე კიდევ ერთი გატანილი გოლით საჩხერლებმა დასვეს. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საჩხერლებმა 29 ქულა დააგროვეს. ხოლო, “ცხინვალმა” კი ვერ შეძლო “გურიასთვის” გადასწრება და გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ეს გუნდი ამიერიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.

სოსო ფრუიძე: “თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, დიდი წარმატებისთვის “დინამოსთან” მოგება არის საჭირო-მეთქი”

დღეს უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

გამარჯვების შემდეგ, “ჩიხურას” მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართა.

“თამაშის წინ ბიჭებს ავუხსენი, რომ თუ დიდ წარმატებებზე გვინდა ფიქრი, მაშინ ეს მატჩი უნდა მოვიგოთ-მეთქი.”

“საერთო ჯამში, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. იყო უხეში ორთაბრძოლები და ლამაზი მომენტებიც.”

“წითელი ჯგუფიდან “სამტრედიას” გამოვარჩევ. მათი მწვრთნელი, შესანიშნავად მუშაობს. ასევე, აღსანიშნავია, ბათუმის “დინმოც.”

ჩვენი მიზანი მინიმუმ სამეულში შესვლა იქნება,” – განაცხადა ფრუიძემ.

 

“ჩიხურამ” “დინამოს” თბილისში მოუგო!

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა. ეს ტურის ცენტრალური მატჩი იყო, რადგან შარშანდელი ჩემპიონი და ჯგუფის ფავორიტი ლიდერს ხვდებოდა.

საჩხერლებმა აქტიურად დაიწყეს და მათ სულ რაღაც მეოთხე წუთზე მოახერხეს წინ გასვლა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი 22-ე ნომწერმა, ირაკლი ლეკვთაძემ გადაგზავნა თბილისელთა კარში.

ამის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. რამდენიმე წუთში პაპუნაშვილმა დაარტყა, თუმცა უშედეგოდ – ბურთი მეკარეს ხელებში მიუვიდა.  ამ მომენტს ძალიან მალე სარდალიშვილმა უპასუხა, თუმცა არც ამ შემთხვევაში შერხეულა კარის ბადე.

ცოტა ხნით, თამაში უინტერესო გახდა. ერთგავრი პაუზის მერე, 28-ე წუთზე ტატანაშვილმა საჯარიმოს მისადგომებიდან სცადა “დინამოსთვის” გატანა, მაგრამ ბურთი კარს გადასცდა.

34-ე წუთზე ლობჟანიძემ ჩააწოდა “ჩიხურას” საჯარიმოში, რეხვიაშვილმა ბურთი კარგად ვერ მოიგერია, ბურთი დვალიშვილს მიუვიდა, რომელმაც მეკარე ჰამზიჩს დაურტყა და ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. მოკლედ, ანგარიში გათანაბრდა.

მეორმოცე წუთზე ლექვთაძემ შესანიშნავი გარღვევა გააკეთა, ორ ფეხბურთელს შორის გაძვრა, რის შედმეგაც ბურთი ივანიშვილს მიუვიდა; ერთი შეხებით დარტყმა და 1-2, “ჩიხურა” წინაა!

პირველ ტაიმში საინტერესო აღარაფერი მომხდარა.

46-ე წუთზე ცინცაძემ ჩააწოდა, ბურთი რეხვიაშვილმა მოიგერია, რის შემდეგაც პაპუნაშვილმა სცადა ანგარიშის გათანაბრება შორეული გასროლით, მაგრამ ბურთი კარს გადასცდა. 53-ე წუთზე ივანიშვილმა სცადა შორეული დარტყმით კარის აღება, მაგრამ უშედეგოდ.

სულ რაღაც ორ წუთში ლექვთაძე ფლანგზე გაიჭრა, ტატანაშვილს უპასა, მან ძალიან ახლოდან დაარტყა, თუმცა ლომაიამ ბურთი კუთხურზე გადააგდო.

თბილისლების ჯერიც მოვიდა… ცინცაძემ საჯარიმოდან სახიფათოდ ჩააწოდა, თუმცა კორიფაძემ ბურთის გამოატანა მოახერხა.

68-ე წუთზე ლექვთაძესთან უხეშობის გამო ჭანტურიშვილი გააფრთხილეს. ამ მომენტში “ჩიხურას” მცველს, რეხვიაშვილს მსაჯთან შელაპარაკება მოუვიდა – იგი აპროტესტებდა, თუ რატომ არ გააგრძელა შეხვედრის არბიტრმა მატჩი; ასე რომ მომხდარიყო, “ჩიხურელთა” ფეხბურთელი მეკარესთან პირისპირ გავიდოდა.

ამის შემდეგ “დინამო” ცდილობდა ანგარიში გაეთანაბრებინა. საჩხერლებმა უკან დაიხიეს და ცდილობდნენ, ანგარიში შეენარჩუნებინათ. ბოლო ოც წუთში “დინამომ” რამდენიმე მომენტი შექმნა, თუმცა თბილისურმა კლუბმა ვეღარ მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრაც, ანგარიშით, 1-2 დასრულდა, “ჩიხურას” გამარჯვებით.

ამ მოგებით საჩხერულ გუნდს 16 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. რაც შეეხება “დინამოს”, ამ კლუბს 10 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს.

 

 

“დინამო”: გიორგი ლომაია, უჩა ლობჟანიძე, ზაზა ჭელიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (C), გიორგი თევზაძე, მათე ცინცაძე (ველევი), ოთარ კიტეიშვილი (ჯაბა ჯიღაური 64 წთ.), ვახტანგ ჭანტურიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვლადიმერ დვალიშვილი (ლილუაშვილი, 26 წთ.)

“ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიეხეილ სარდალიშვილი, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ივანიშვილი (გორგიაშვილი 82 წთ.), დენის დობროვოლსკი, ირაკლი ლექვთაძე (გაბედავა 77 წთ.), შოთა კაშია.

გაფრთხილებები: ჭანტურიშვილი (68 წთ.), რეხვიაშვილი (68 წთ.)

სოსო ფრუიძე: “წარმატებები “დინამოს” ევროპის ლიგაზე”

დღეს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში “ჩიხურამ” და “დინამომ” ნულოვანი ფრე ითამაშეს.

იმერული გუნდის მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველ რიგში, მე მინდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, თბილისის “დინამოს” ევროპის ლიგაზე წარმატება ვუსურვო. მათი გამარჯვება ევროასპარეზზე ნებისმიერი ქართველის სურვილია.”

“რაც შეეხება შეხვედრას, “დინამოს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. დიდი მადლობა ჩვენს გოლკიპერს, დინო ჰამზიჩს, რომელმაც გაშვებული გოლისგან გვიხსნა. თბილისური კლუბი თავმოყვარე გუნდია – სადაც არ უნდა იყვნენ, მუდამ პირველ ნომრად ცდილობენ ასპარეზობას. შესაბამისად, “ჩიხურამ” კონტრშეტევებზე ააგო თამაში.”

“ჩვენ გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, სადაც ნამდვილად შეიძლებოდა ანგარიშის გახნსა. ეს ვერ გავაკეთეთ. საბოლოოდ, ერთი ქულა პირველ შეხვედრაში “დინამოსთან”, ნამდვილად ძალიან კარგია!” – განაცხადა იმერული გუნდის მწვრთნელმა.

მარგველთა მორიგი დერბის მოლოდინში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 აგვისტოს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ესტუმრებიან.

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 10 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – 4 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 13:10.

გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძის, ერიკ რომეო ჩასემის, ნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ “ჩიხურას” ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.

საჩხერის “ჩიხურას” და “ზესტაფონს” შორის 16 აგვისტოს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური