გიორგი ჭიაბრიშვილი “საბურთალოში” დარჩა

დედაქალაქურ “საბურთალოს” კვლავ გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა წლეულს ეროვნულ ლიგაში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ჩვენს მკითხველს ეცოდინება, რომ ჭიაბრიშვილს კლუბთან ხელშეკრულება ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაუმთავრდა, მხარეები კი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
ახლა თბილისელები საზამთრო არდადეგებზე იმყოფებიან. საბურთალოელები ახალი სეზონისთვის მზადებას იანვრის პირველ რიცხვებში შეუდგებიან.

შეგახსენებთ, რომ ჭიაბრიშვილი “საბურთალოს” 2014 წლიდან 2016 წლამდე წვრთნიდა, თუმცა ამის შემდეგ მან ცოტახნით კლუბი დატოვა. ექვს თვეში ის ისევ დაბრუნდა დედაქალაქელთა დამრიგებლის პოსტზე. მას 2017 წლის სეზონის შემდეგ “საბურთალოსთან” კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გახანგრძლივდა და მომავალ სეზონში ჭიაბრიშვილი ისევ თბილისელთა მწვრთნელი იქნება.

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ყველაფერი კვირის ბოლოს გაირკვევა”

2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება დედაქალაქურმა “საბურთალომ” ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაამთავრა და ცოტა დააკლდა, რომ მომავალ წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე ეთამაშა.
დასრულებულ პირველობაზე და მომავალ გეგმებზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს გავესაუბრეთ, ლაპარაკი კი ეროვნული ლიგის პირველობაზე დავიწყეთ:

– თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ, ფეხბურთის განვითარების ფონდმა, რომ ეროვნული ლიგა მაღალ დონეზე ჩატარებულიყო. ბოლო წლებში გამართული პირველობებიდან, წლეულს გამორჩეული ჩემპიონატი გვქონდა. იყო დრამატული და გამოსაყოფი მატჩები, ასევე მთელი პირველობა, როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილში დაძაბულად მიმდინარეობდა. გულშემატკივარსა თუ ნებისმიერ ადამიანს, ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ქონდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მჯერა, მომავალში კიდევ გვექნება გარკვეული სიახლეები და ჩემპიონატის დონე ნელ-ნელა მოიმატებს.
მომავალში ვისურვებდი, რომ კლუბებს გამართული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ – რაც შეიძლება მეტ ბუნებრივსაფრიან მინდვრებზე გვიწევდეს თამაში. ასევე მეტი ხიბლი აქვს განათების ფონზე მატჩების მიმდინარეობას. ჩვენს ჩემპიონატს რაც ძალიან აკლია, ეს არის გულშემატკივარი – იმედი მაქვს, ქომაგი ნელ-ნელა დაბრუნდება სტადიონზე.

– განსხვავებული ჩემპიონატი იყო, მარათონული. რა დაგანახათ განვლილმა პირველობამ “საბურთალოსთვის”?

– დავინახე ის, რომ “საბურთალო” საგრძნობლად გაზრდილია. აქამდე თუ არასტაბილურობა გვახასიათებდა, ახლა სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ყველა მეტოქესთვის უხერხულ მოწინააღმდეგედ ვიქეცით. “საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ კლუბად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თამაშს დიდი დანაკლისით შევხვდით, მეოთხე ადგილზე გასვლა მაინც მოვახერხეთ, რაც ვფიქრობ ამ დროისთვის მისაღები შედეგია. მიუხედავად დანაკლისისა, ბევრ მატჩებში გავიმარჯვეთ, თუმცა რომელშიც დავმარცხდით, მხოლოდ ბრძოლაში. აქამდე, კი ეს ყველაფერი ასე არ იყო.

– პირველ-ორ წრეში “საბურთალომ” 25 ქულის მოგროვება შეძლო, მესამე-მეოთხე წრეში კი 35 ქულას მოუყარა თავი. როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე?

– პირველ წრეში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ფაქტობრივად დაცვითი ხაზის მთლიანი რგოლი – იაშვილი, ნადარაია, ჩაბრაძე, გრიგალაშვილი. დიდ ხნით დაგვაკლდნენ ალთუნაშვილი და ბიძინაშვილი, აღარაფერს ვამბობ გოშთელიანზე. რამდენიმე თვის შემდეგ ფეხბურთელების ნაწილი შემოგვიერთდა, ამავდროულად რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელეთ და გავძლიერდით – თარხნიშვილის, ვოლკოვისა და მუიეცის სახით. თურქეთში კარგ პირობებში მოვემზადეთ, ფიზიკურად კარგად იყო გუნდი მომზადებული და ამიტომაც იყო, რომ ამ კუთხითაც არანაირი პრობლემები არ შეგვქმნია.

– ისტორიის განმავლობაში “საბურთალო” წლეულს ძალიან ახლოს იყო ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებასთან. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა კლუბს ამ მიზნის მისაღწევად?

– ზემოთ ტრავმებზე და ფეხბურთელების დიდ დანაკლისზე ვისაუბრე. მიუხედავად ამისა, “საბურთალომ” ყველაფერი გააკეთა რა შესაძლებლობებიც ჰქონდა. დაგვაკლდა ის, რომ არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. კლუბი მესამე წელია უძლიერესთა რიგებში ასპარეზობს, აქედან ბოლო ორი წელიწადია ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის. ალბათ, გათვითცნობიერებული გექნებათ, რომ მომავალში თუნდაც მეოთხე ადგილის დაკავება წარუმატებლად ჩაითვლება. მოლოდინი ყველას დიდი გვაქვს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ შედეგი. რა თქმა უნდა, “საბურთალო” მომავალ წელს ეცდება უფრო მეტის მიღწევასა და სამეულში მოხვედრას. ეს იქნება ჩემთან ერთად თუ სხვასთან ერთად, დრო გვიჩვენებს.

– “საბურთალოსთან” დაკავშირებით როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი თბილისურ კლუბთან დამიმთავრდა. რა თქმა უნდა, “საბურთალოსთან” მაქვს მოლაპარაკება. როდესაც დასრულდა ეროვნული ლიგა, შევხვდი კლუბის ხელმძღვანელობას და ვისაუბრეთ. ამ კვირის ბოლოს გადავწყვიტავთ, დავრჩები თუ არა “საბურთალოში”.

თბილისის “საბურთალოს” პრესსამსახური.

ჭიაბრიშვილი: „დღევანდელი მარცხი ჩემი ბრალია“

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „მიდტიულანდთან“ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში იმდენი  მომენტი გვქონდა, რომ, მინიმუმ, არ უნდა წაგვეგი. ერთადერთი მიზანი დღეს შემდეგომ ეტაპზე გასვლა იყო, არასასურველი ანგარიშით მოგებითაც უკმაყოფილო ვიქნებოდი.

რაღაც პოზიციები დავთმეთ, დაცვაშიც პრობლემები გვქონდა, რის შემდეგაც გოლები გავუშვით.

სამწუხაროდ, ასეთი მატჩების ნაკლებობა გვაქვს, მსგავს დონეზე უფრო ხშუირდ უნდა ვთამაშბდეთ. კლასის ნაკლებობას არ განვიცდით, გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს.

ვინც კი სათადარიგოთა სკამზე გვეჯდა, დუბლების შემადგენლობიდანაა. სასტარტო შემადგენლობაც დაბალანსირებული არ იყო. საქართველოში მატჩები, რომლებშიც ფეხბურთელებს ბოლომდე გარჯა უწევთ, ძალიან ცოტაა.

ყველაფერი ჩემი ბრალია, გუნდი იქამდე ვერ მივიყვანე, რომ ნაკლები ტრავმა ყოფილიყო და ფეხბურთელები თამაშისთვის უკეთესად მომზადებულები ყოფილიყვნენ. ამ მოთამაშეებს წინა კვირის ბოლოს უმაღლეს ლიგაში გამოსვლა მოუწიათ. ასე სწრაფად ერთი ტურნირიდან მეორეში გადასვლა რთულია. უმაღლესი ლიგის დებიუტანტები ვართ და ჩემპიონატში თამაში ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთი უბრალო სპორტი არაა. ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ მომენტებს ქმნი და უპირატესობასაც ფლობ, მაგრამ გოლს ვერ იტან. დღეს ბევრი მომენტი შევქმენით, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ კი, პირიქით, თავისი შანსები კარგად მოიყენა. მსგავსი რამ „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის გუშინდელ მატჩშიც მოხდა.

თავს არ ვიმართლებ. ბოდიშს ვიხდი, რომ დღეს თქვენი მოლოდინი ვერ გავამართლე“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

ჭიაბრიშვილი: „ჩემი ფეხბურთელები მოსაგებად არაფერს დაიშურებენ“

დანიურ „მიდტიულანდთან“ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის შესახებ პრესკონფერენციაზე „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ისაუბრა.

„ზედმეტი სიტყვები არ მიყვარს. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელების მჯერა და ისინი მოსაგებად არაფერს დაიშურებენ და მინდორზე ყველაფერს გააკეთებენ“ , – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ გასვლაზე პირველი შეხვედრა საბურთალოელებმა ანაგრიშთ 1:3 დათმეს.

გიორგი ჭიაბრიშვილმა თურქული შეკრება შეაფასა

აფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” დღეს მოკლე ვარჯიში გამართა, ხვალ კი მეორე წრის პირველი ოფიციალური მატჩია. გუნდის დღევანდელ მდგომარეობაზე, თურქულ შეკრებასა და მოახლოებულ პირველობაზე კლუბის მთავარი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი გიორგი ჭიაბრიშვილი გვესაუბრება.

– გიორგი, როგორ ჩაიარა თურქულმა შეკრებამ და რამდენად კმაყოფილი ხართ?
– ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული – იდეალური პირობები, შესანიშნავი სასტუმრო, კარგი სპარინგ-მატჩები, საუკეთესო მინდვრები. ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავ გარემოში ვემზადებოდით, ყველაფერს კი მოახლოებული ოფიციალური მატჩები გვაჩვენებს.
– რა უარყოფითი და დადებითი მხარეები დაგანახათ შეკრებამ?
– თურქულ შეკრებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია. გვაქვს იმის რესურსი, რომ კიდევ უფრო მოვუმატოთ თამაშს და უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთ მაღალ დონეზე თუ ვითამაშებდით. შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული გამოცდა იყო ჩვენი ფეხბურთელებისთვის. მართალია, ამხანაგური მატჩები იყო, მაგრამ ისეთი დონის კლუბებთან გაჯიბრება, როგორებიც თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეს – აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე მეტოქეზე ბევრად ნაკლებს ვმოძრაობთ. ეს არა მარტო “საბურთალოს”, არამედ მთლიანად ქართული კლუბების პრობლემაა. ისეთ პირველობაზე გვიწევს ასპარეზობა, რომ ტემპი დაბალია, მოძრაობები ნაკლები. ამადაცაა, რომ ევროპულ ასპარეზზე გვიჭირს თამაშები. უნდა ვეცადოთ, რომ ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომარეობა.
– თურქეთში ხუთი ამხანაგური მატჩი გამართეთ, როგორ დაახასიათებთ ყოფილ მეტოქეებს?
– “ბეროე” ათლეტური, მოძრავი კლუბი იყო, არც ფიზიკა-ტაქტიკა დაეწუნებოდა. ბულგარელებს პირველ შეხვედრაში დავუპირისპირდით, ჩვენ ვიწყებდით მზადებას, ისინი კი ასრულებდნენ შეკრებას. ასეთ დროს მეტოქეს უპირატესობა აქვს, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტოლ-სწორად გვებურთავა. ჩვენთან თამაშის შემდეგ, “ბეროემ” რამდენიმე დღეში ჩემპიონატში “ლუდოგორეცს” იმ ანგარიშით მოუგო, რა შედეგითაც ჩვენ დაგვამარცხა. არადა, “ლუდოგორეცი” ბოლო წლებში აღმავლობას განიცდის, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს, მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს.
რაც გამოჩნდა ამ შეკრებაზე ის იყო, რომ ჩვენს 18-19 წლის ფეხბურთელებს მოწინააღმდეგის რიდი და შიში არა აქვთ, ყველასთან გამოდიან და ბოლომდე ბრძოლობენ, გამოცდილ ფეხბუღთელებს არაფერს უთმობენ.
– “საბურთალო” ძირითადა 4-3-3 განლაგებით ასპარეზობს, თუმცა შეკრებაზე     4-4-2 ტაქტიკას ამუშავებდით. მეორე წრიდან, ხომ არ გეგმავთ ტაქტიკის შეცვლას?
– არ ვუყურებ იმას, თუ როგორ მოწინააღმდეგეს ვხვდებით, ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რაც იმ მომენტისთვის იდეალურია. ახალგაზრდა ფეხბურთელები, რაც უფრო მეტ ტაქტიკას აუღებენ ალღოს, მათთვის უკეთესი, რადგან შემდგომ ნებისმიერ ევროპის წამყვან კლუბში გაუადვილდებათ ასპარეზობა. არ გამოვრიცხავ მომავალში 3-5-2 ტაქტიკით ვითამაშოთ. უნდა გვქონდეს რამდენიმე ვარიანტი დამუშავებული, რადგან არ ვიცით, რა დროს რა განლაგებით მოგიწევს თამაში.
– კლუბში ორი ახალწვეულია – სოფრომაძე და ჯიქია. ისინი როგორ შეეწყვნენ?
– ხანდახან ხდება, რომ ადაპტაცია ახალ კლუბში უჭირთ ფეხბურთელებს, თუმცა ორივე მათგანმა ეს ბარიერი მარტივად გადალახა. ჯიქია და სოფრომაძე ისეთ სტილში თამაშობენ, რა ფეხბურთსაც “საბურთალო” თამაშობს, ამ ფეხბურთელებზე გვქონდა ინფორმაცია და ამადაცაა, რომ უკვე კლუბის სრულუფლებიანი წევრები არიან. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ და მჯერა მომავალში სარგებლობას მოგვიტანენ.
– შეკრებაზე “საბურთალომ” შვიდი გოლი გაიტანა, აქედან შვიდივე ბურთი ნახევარმცველების ანგარიშზეა. თავდასხმის ხაზში გარკვეულ პრობლემები ხომ არ არის?
– არა აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, ან საგოლე გადაცემას ვინ გააკეთებს, მთავარია გუნდმა აჩვენოს შედეგი და წარმატებები იყოს. ფუნქციები ყველა ფეხბურთელს თანაბრად აქვს გადანაწილებული. მოხარული ვარ, რომ იმ კლუბის მთავარი მწვრთნელი ვარ, სადაც გუნდური სულისკვეთება სუფევს და ყველა ერთ მუშტად არის შეკრული.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ხუთივე შეხვედრაში გოლის გატანა მოვახერხეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ბევრად გამოცდილ კლუბებს ვეთამაშეთ, ყველა მატჩებში შევძელით თავის გამოჩენა.
– ტრავმებზე მინდა გკითხოთ – ამ მრივ რა მდგომარეობაა კლუბში, რამდენად ჯანმრთელად არიან ფეხბურთელები?
– ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა ისე, რომ გუნდი დაბრუნდა შეკრებიდან ფაქტობრივად ტრავმების გარეშე. შესაძლოა მიკრო დაზიანება რამდენიმე მათგანს აქვს, მაგრამ განსაკუთრებით არაფერი. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც საწვრთნელ პროცესს ბოლო დღეებში გამოეთიშა, ეს ლუკა ბლიაძე იყო, მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ სერიოზული არაფერია და იგიც მალე განაახლებს ვარჯიშს.
– პირველი წრის დიდი ნაწილი გამოტოვა კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა და გამოცდილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმა. მართალია, გუნდს შეუერთდა და ვარჯიშობს, თუმცა ამ ეტაპზე ინდივიდუალურად. როდის შეუდგება “მენთეშა” სრულად საწვრთნელ პროცესს?
– როგორც მეუბნებიან მენთეშაშვილი მალე შეუდგება გუნდთან ერთად ვარჯიშს, თუმცა მას კიდევ სჭირდება გარკვეული დრო იმისათვის, რომ ტრავმა სრულად მოირჩინოს. სიმართლე გითხრათ მის ტრავმაზე არ ვნერვიულობ, რადგან მას აქვს დრო იმისათვის, რატა სრულად მომჯობინდეს. კარგი იქნება თუ მეორე წრეში რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს… თუ ისე მოხდა, რომ უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოვიპოვეთ, ზურას გამოცდილება ძალიან წაგვადგება.
– მეორე წრის პირველი მატჩი კარსაა მომდგარი, ხვალ ხელვაჩაურის “მაჭახელას” ვუმასპინძლებთ. რას იტყვით მომავალ მეტოქეზე?
– როგორი ინფორმაციაც მაქვს, პირველ წრეს თუ ავიღებთ, დიდი ცვლილებები გუნდში არ მომხდარა, თუმცა მოწინააღმდეგე მებრძოლი კლუბია. ხელვაჩაურელთა რიგებში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. მართალია, პირველ წრეში ორივეჯერ შევძელით მათი დამარცხება, მაგრამ წარმატების მიღწევა რთული იყო, განსაკუთრებით სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში.
მჯერა რომ გუნდი კარგად არის მომზადებული და სათანადოდ ხვდება ჩემპიონატის განახლებას. ვნახოთ, ყველაფერს დარჩენილი მეორე წრე დაგვანახებს.

fcsaburtalo.ge 

გიორგი ჭიაბრიშვილი: “ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა”

საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” 2014-2015 წლების სეზონისთვის მზადება პრაქტიკულად დაასრულა – გუნდი რამდენიმე დღეა დაბრუნდა დუშეთიდან, სადაც სამი კვირის განმავლობაში ემზადებოდა. საბურთალოელები წლევანდელ ჩემპიონატს 25 აგვისტოს, “მაჭახელასთან” საშინაო მატჩით იწყებენ, თუმცა მანამდე სათასო ბატალიებია – ხვალ, გიორგი ჭიაბრიშვილის კრებული უმაღლეს ლიგელ “სპარტაკს” დაუპირისპირდება და სასურველი შედეგის დაფიქსირებას ეცდება. 1/16 ფინალური შეხვედრის პირველ მატჩს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს, შეხვედრა 17:30 დაიწყება.

მოახლოებულ სეზონთან დაკავშირებით გუნდის მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს რამდენიმე კითხვით მივმართეთ, საუბარი მოსამზადებელი ეტაპით დავიწყეთ:

– მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ნაყოფიერი შეკრება გამოგვივიდა, ბიჭები სრულად დაიხარჯნენ და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდნენ. თუმცა, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ რამდენიმე ფეხბურთელმა მზადების პერიოდში ტრავმა მიიღო და სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა.
დუშეთში მშვენიერი პირობები იყო, როგორც კლიმატური, ასევე სავარჯიშო მოედნები. აქცენტი ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე გვქონდა გაკეთებული, ასევე დავხვეწეთ რამდენიმე სათამაშო ტაქტიკა. მართალია, გუნდი ახალგაზრდულია, მაგრამ მზად ვართ სეზონის დაწყებისთვის.

– მზადების პარალელურად გუნდმა ამხანაგური მატჩებიც გამართა. რა შეგძინათ წლევანდელმა სპარინგ-მატჩებმა?

– პირველ რიგში დიდი გამოცდილება, რადგან საკონტროლო მატჩების უმეტესობა უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან გვქონდა. ვეთამაშეთ “ტორპედოს, “ვიტ ჯორჯიას”, “სპარტაკს”, ასევე პირველ ლიგელებს – “ლოკომოტივსა” და “გაგრას”. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ხარვეზებზე, სხვა და სხვა კომბინაციების დამუშავებაზე. სეზონი ახლა იწყება და ბუნებრივია, გუნდი საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, თუმცა უახლოეს ტურებში ნელ-ნელა მოვუმატებთ.
მეორე მხრივ რომ მივუდგეთ, ამხანაგური მატჩები სრული შემადგენლობით ვერ ჩავატარეთ, რადგან ჩვენი ფეხბურთელების უმეტესობა ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი. ამ ყოველივემ მზადებაში ცოტათი ხელი შეგვიშალა, მაგრამ ნაყოფიერი სპარინგ-მატჩები გავმართეთ.

– უმაღლეს ლიგელებთან სპარინგები მომავალში აუცილებლად წაგადგებათ. მით უფრო მაშინ, როდესაც გუნდს თასის პირველ ეტაპზე მეტოქედ ცხინვალის “სპარტაკი” ერგო. რას იტყვით მოახლოებულ შეხვედრაზე
?
– “სპარტაკი” წლების განმავლობაში უძლიერესთა რიგებში თამაშობს, საკმაოდ გამოცდილი კლუბია. თავისთავად, რომ მძიმე მატჩები გველის, თუმცა უშანსოდ ნამდვილად არ ვართ. მაქსიმუმს გავიღებთ, რომ ორი თამაშის ჯამში კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ოფიციალური მატჩები მაინც განსხვავდება ამხანაგურებისგან. “სპარტაკთან” დაპირისპირებები ასევე დიდ გამოცდილებას შეგვმატებს, რაც მომავალში უთუოდ წაგვადგება.

– გასული სეზონისგან განსხვავებით, გუნდი კიდევ უფრო გაახალგაზრდავებულია. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, წამსვლელ-მომსვლელთა ვინაობა?
– რამდენიმე ფეხბურთელმა უცხოეთში გააგრძელა კარიერა, რამდენიმე მათგანთან განშორება გადავწყვიტეთ. გასული სეზონიდან, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა რევაზ გოცირიძეა, ახლა იგი სამწვრთნელო შტაბშია. გოშაძე, თვარაძე, ჩომახიძე, მამუჩიშვილი, სტეფნიაშვილი, ლორენცო და ალენი – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ჩვენს კლუბში აღარ არიან. რა თქმა უნდა, მათი წასვლა გუნდიდან დიდი დანაკლისია, მაგრამ გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც მჯერა სრულფასოვნად შეცვლიან მათ. დავიმატეთ გამოცდილი გიორგი რეხვიაშვილი, ვფიქრობ იგი საგრძნობლად გააძლიერებს “საბურთალოს”.

– იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე რას იტყვით, რომლებიც ჭაბუკთა ლიგიდან დააწინაურეთ პირველ გუნდში?
– ჩვენს კლუბში პროფესიონალები და თავიანთ საქმეში უზომოდ შეყვარებული ადამიანები არიან თავშეყრილნი. “საბურთალოს” სხვა და სხვა ასაკობრივ გუნდებში მწვრთნელები წარმატებით მუშაობენ, ნიჭიერ ფეხბურთელებს სწორ მიმართულებას აძლევენ. შემიძლია გითხრათ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებზეც არჩევანი გავაკეთეთ, ნამდვილად იმსახურებენ პირველ გუნდში ყოფნას, მჯერა მალე კიდევ უფრო მოუმატებენ.

– საუბრის ბოლოს: რა იქნება “საბურთალოს” მიზანი მომავალ სეზონზე?

– მიზანი ერთია – ფეხბურთელების გაზრდა და ევროპაში მათი დაბინავება. დანარჩენს კი უკვე დრო გვიჩვენებს. ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად ასპარეზობენ სხვა და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში, რაც ჩვენი სკოლისა და კლუბის წარმატებაზე მიუთითებს.

fcsaburtalo.ge