“ინტერი” ივან რაკიტიჩის დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. El Chiringuito-ს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელით მილანის “ინტერი” გახლავთ დაინტერესებული.

“ნერაძური” 30 წლის მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდება. მილანელები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ რაკიტიჩს კონკურენციის გაწევა ფრენკი დე იონგთან მოუწევს, რომელიც “ბარსელონაში” ივლისში გადავა.

ივან რაკიტიჩსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იკარდის მეუღლე: “მაურო “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, ირწმუნება, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც ცნობილია, 25 წლის ფეხბურთელის დამატებით მადრიდის “რეალი” გახლავთ დაინტერესებული.

“ინტერთან” კონტრაქტი გახანგრძლივდება. არ ინერვიულოთ. აქ პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, “ინტერს” მაუროს შენარჩუნება სურს”, – ციტირებს ვანდა ნარას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 23 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იკარდი: “ვიცოდი, რომ უნდა გამეტანა”

იტალიის სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალური მატჩის “ჯუზეპე მეაცაზე” შედგა, სადაც “ინტერმა” მაურო იკარდის ჰეთთრიკის წყალობით თანაქალაქელი “მილანი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ მატჩის გმირმა იკარდიმ ისაუბრა.

“სახლში ამ მატჩის ბურთის წაღება განსაკუთრებული გრძნობაა. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. თანაგუნდელებს ვუთხარი და მეც მესმოდა, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა. ამიტომ, ბურთთან ახლოს ვიყავი. კრიტიკოსებს სალაპარაკოს ვაძლევ, შემდეგ კი მოედანზე იმას ვაკეთებ, რაც აუცილებელია – გუნდს ვეხმარები და გოლები გამაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ გაიტან. გახარებული ვარ.

დღეს არგენტინაში დედის დღეს აღნიშნავენ და გატანილ გოლებს ჩემი შვილების დედას, ვანდას ვუძღვნი.

სკუდეტოსთვის ბრძოლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომლის ჩატარებაც საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან, “ნაპოლისთან” გვიწევს. ეს განსაკუთრებული შეხვედრა იქნება, ვინაიდან ისინი ლიდერები არიან და ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს Mediaset Premium-ი.

იკარდი: “დაუშვებელია 15 წუთის განმავლობაში 4 გოლის გაშვება”

იტალიის სერია А-ს 33-ე ტურში “ფიორენტინასა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. შეხვედრა “ნერაძურის” კაპიტანმა მაურო იკარდიმ შეაჯამა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. სხვათა შორის, არგენტინელი თავდამსხმელი 2001 წლის შემდეგ “ინტერის” პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სერია A-ში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში სამი გოლის გატანა მოახერხა.

“სიტყვები არ მყოფნის. მეორე ტაიმი უბრალოდ აუხსნელია. ვიგებდით და საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა. მეტოქემ 15 წუთის განმავლობაში ოთხი გოლი გაგვიტანა, რაც დაუშვებელია. საშინელი თვე გვაქვს და ამ პერიოდის გადალახვა გვიჭირს”, – ციტირებს იკარდის სიტყვებს TMW.

შეგახსენებთ, რომ “ინტერმა” უკანასკნელი ხუთი მატჩიდან ორი ფრედ, სამი კი მარცხით დაასრულა.

დისკვალიფიკაცია იკარდისა და პერიშიჩს

მილანის “ინტერის” ფეხბურთელები მაურო იკარდი და ივან პერიშიჩი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ტურინის “იუვენტუსთან” გამართულ მატჩში (0:1) მთავარი არბიტრის მიმართ გამოვლენილი აგრესიის გამო “ნერაძურის” ფეხბურთელები ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის კომპენსირებულ დროში პერიშიჩმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, იკარდი არ გაუძევებიათ, თუმცა მსაჯისთვის ხელის კვირს გამო არგენტინელს 10 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

პერიშიჩი და იკარდი “ემპოლისა” და “ბოლონიას” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებენ.