“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იკარდის მეუღლე: “მაურო “ინტერთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს”

მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარა, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, ირწმუნება, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. როგორც ცნობილია, 25 წლის ფეხბურთელის დამატებით მადრიდის “რეალი” გახლავთ დაინტერესებული.

“ინტერთან” კონტრაქტი გახანგრძლივდება. არ ინერვიულოთ. აქ პრობლემა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, “ინტერს” მაუროს შენარჩუნება სურს”, – ციტირებს ვანდა ნარას სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 23 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იკარდიმ აგენტად საკუთარი მეუღლე დანიშნა

მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ აგენტ აბიან მორენოსთან ათწლიანი თანამშრომლობა გაწყვიტა.

22 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მის ინტერესებს მისი მეუღლე და ყოფილი მოდელი ვანდა ნარა უკეთ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ვანდა ნარა მანამდე სხვა არგენტინელი ფეხბურთელის, კერძოდ – მაქსი ლოპესის მეუღლე იყო, თუმცა წყვილი მას შემდეგ დაშორდა ერთმანეთს, რაც არგენტინელმა მოდელმა იკარდისთან გააბა რომანი.

 

მარადონა: „ჩემს დროს იკარდის კარგად მიბეგვავდნენ“

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მილანის „ინტერის“ 20 წლის არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა. მარადონას თქმით, იკარდიმ „კატანიას“ კიდევ ერთ არგენტინელ ფორვარდ მაქსი ლოპესს მეუღლე წაართვა.

არგენტინის ერთ-ერთი ტელევიზიის 27 წლის წამყვანი და მოდელი ვანდა ნარა დიდი ხნის განავლობაში მეგობრობდა იკარდისთან, ბოლოს კი, მის გამო ქმარიც მიატოვა, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავს. ეს ფაქტი მარადონას ყურადღების არეალში მოექცა, რომელმაც ყველაფერში იკარდი დაადანაშაულა.


„იკარდი მოღალატეა. ის სტუმრად დადიოდა მაქსი ლოპესთან, მეგობრულად ესაუბრებოდა მას, ბოლოს კი ცოლი წაართვა. იცით, რას უზამდნენ ასეთ ადამიანს ჩემს დროს? ალყას შემოარტყამდნენ და კარგადაც მიბეგვავდნენ“, – ციტირებს მარადონას სიტყვებს არგენტინული პრესა.

ბექა დოგრაშვილი