“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლუკა ტონი: “იკარდი ამ კლუბისთვის ზედგამოჭრილია”

ლუკა ტონი თვლის, რომ მაურო იკარდი “ბაიერნისთვის” ზედგამოჭრილი ფეხბურთელია. 41 წლის ექს-ფეხბურთელი იკარდის რობერტ ლევანდოვსკის ღირსეულ ჩამნაცვლებლად მიიჩნევს.

“თუ ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა, მაშინ კლუბმა მას ხელი არ უნდა შეუშალოს,” – აცხადებს “ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი Sport Bild-თან საუბრისას.

“ინტერში” მოთამაშე იკარდი ზედგამოჭრილია “ბაიერნისთვის”. ის დიდებული თავდამსხმელია და ყველაფერთან ერთად ლევანდოვსკიზე ახალგაზრდაც არის,” – დაამატა ლუკამ.

როგორც იცით, “რეკორდმაისტერი” ერთ-ერთია იმ კლუბთაგან, რომელსაც 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა (110 მილიონი ევრო) შეუძლია.

სპალეტი:”იკარდი მილანში ბედნიერია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ, საკმაოდ გარკვევით და გულწრფელად ისაუბრა მაურო იკარდის მომავალზე. გამოცდილი სპეციალისტის თქმით, მას არ შეუძლია იკარდის დარჩენა აიძულოს.

“მაუროს რამდენიმეჯერ შევხვდი და ის ძალიან გარკვევით საუბრობდა.

იკარდი “ინტერში” თავს ბედნერად გრძნობს, მაგრამ არიან კლუბები, რომელთა მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ყველაფერი შეიცვლება.

ჩვენ მაინც ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. თუმცა ვიმეორებ, რომ ამ მომენტისთვის ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავ, რომ ის წასვლას აპირებდეს,” – აცხადებს “ინტერის” თავკაცი.

იკარდი: “თუ “ინტერს” დასჭირდება, კლუბიდან წავალ”

მილანის “ინტერის” არგენტინელი ვარსკვლავი, მაურო იკარდი, პრესასთან საუბრისას საკმაოდ თამამ განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, ის მზადაა, კლუბის სასარგებლოდ “ინტერი” დატოვოს.

“ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, ყველაფერს კლუბთან შეთანხმებულად ვაკეთებ. თუ მათთვის უკეთესი იქნება, წავალ, წინააღმდეგ შემთხვევაში – დავრჩები. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც კლუბისთვის უკეთესია.

სეზონი საკმაოდ კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდგომ ყველაფერი აირია. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – ვამაყობ ჩემი გუნდით და იმით, რაც გავაკეთეთ.

ჩვენი მიზანი ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, თუ ამას ვერ შევძლებთ, სეზონი წაგებულია,” – აცხადებს მაურო იკარდი, რომელსაც მადრიდის “რეალსაც” უკავშირებდნენ.

რა შემთხვევაში წაიყვანენ იკარდის მსოფლიო ჩემპიონატზე?

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი დღეს მაურო იკარდის შეხვდა და როგორც იტალიური პრესა იუწყება, იმედები გაუცრუა.

როგორც იცით, არგენტინის ნაკრებში თავდამსხმელის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა და იკარდის ძირითადში თამაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, როგორც სჩანს, საქმე კიდევ უფრო რთულად არის.

წყაროს ცნობით, მაურო 35-კაციან განაცხადში შევა, თუმცა ერთადერთი პირობა, მისი მსოფლიო ჩემპიონატზე წაყვანისა, სერხიო აგუეროს ტრავმა იქნება. სამპაოლიმ ამის მიზეზი იკარდის მარტივად აუხსნა – მისი თქმით, იკარდი ნაკრების სისტემას ვერ ეწყობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 25 წლის იკარდიმ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 27 გოლის გატანა შეძლო (31 მატჩში).

სამპაოლი: “იკარდის ვესაუბრე და ვიცი, რომ “რეალზე” ფიქრობს”

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ დაადასტურა პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მაურო იკარდის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

“გუნდში საკმაოდ სასიამოვნო პრობლემა დგას – ძალიან ბევრი კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი გვყავს,” – განაცხადა ბუენოს აირესის აეროპორტში მყოფმა სამპაოლიმ, როდესაც ნაკრების შეტევით პოტენციალზე ჰკითხეს.

იკარდის ვესაუბრე და ის ვუთხარი, რაც სხვა ფეხბურთელებს: არ უნდა მოისვენოს, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, მას მუნდიალზე წავიყვანთ. ვიცი, რომ “რეალი” მას საკმაოდ ახლოდან აკვირდება და ისიც ვიცი, რომ იკარდიც ფიქრობს “რეალზე”, – დაამატა “სევილიას” ყოფილმა თავკაცმა.

იკარდიმ მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 18 გატანილი გოლით გამოიჩინა (მეტით, ვიდრე BBC-მ საერთო ჯამში).

ბენზემას ხელშეუხებლის სტატუსი მოეხსნა, ზიდანს იკარდი სურს

ფრანგულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა საბოლოოდ მიიღო გუნდის შეტევითი ხაზის გაძლიერების გადაწყვეტილება. ფრანგი სპეციალისტი მზადაა, ბენზემა გაუშვას და მისი შემცვლელი მოიყვანოს.

როგორც იცით ზიდანის მისვლის შემდეგ ბენზემა ხელშეუხებელი იყო, მაგრამ ორი დღის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ახლა “ბლანკოსის” ხელმძღვანელები მაურო იკარდის ტრანსფერზე მუშაობენ.

მადრიდული კლუბი უკვე ნანობს მორატას გაყიდვას და მზადაა საკმაოდ სოლიდური თანხაც გადაიხადოს ახალი შემტევის სანაცვლოდ. L’Équipe-ს ცნობით, განიხილება “ლაიფციგის” შემტევის, ტიმო ვერნერის დამატების ვარიანტიც.

ბოლო დროს უცხოური გამოცემები არ წყვეტენ საუბარს ჰარი კეინსა და მადრიდის “რეალს” შორის კონტაქტის არსებობაზეც. ასე რომ, ბენზემას მადრიდული დღეები უკვე დათვლილია.

“მილანის” ყოფილი ფეხბურთელი: “იკარდი მომავალი სეზონიდან “რეალში” ითამაშებს”

“მილანის” ყოფილი ფეხბურთელის, დანიელ მასაროს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა მილანის “ინტერთან” მაურო იკარდის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მომავალი სეზონიდან იკარდი “რეალის” შეტევის ხაზში კარიმ ბენზემას შეცვლის,” – ციტირებს მასაროს სიტყვებს Premium Sport.

შეგახსენებთ, რომ “ნერაძურის” არგენტინელი თავდამსხმელი გუნდის მთავარ ძალას წარმოადგენს და მას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 24 წლის არგეტნინელი შემტევის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 100 მილიონი ევროა მითითებული.