ბილიჩი: “არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით”

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა აღნიშნა, რომ გუნდი ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს გაყიდვას არ აპირებს. ხორვატი სპეციალისტი 28 წლის ფრანგი ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილია.

“მსოფლიოში არ არსებობს თანხა, რის სანაცვლოდაც პაიეს შეველევით. მიხარია, რომ გუნდში ასეთი ფეხბურთელი გვყავს. იგი ნამდვილი პროფესიონალია, არ აცდენს ვარჯიშებს და ყოველდღიურად დიდი მოტივაციით მუშაობს. სწორედ ამიტომ არის იგი ასეთი კარგი ფეხბურთელი”, – ბილიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

სლავენ ბილიჩი “ბეშიქთაშიდან” “ვესტ ჰემში”?

“ბეშიქთაშის” მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი მიმდინარე სეზონის ბოლოს პოსტს დატოვებს. ამ ინფორმაციას თურქული კლუბის პრეზიდენტი ფიქრეთ ორმანი ადასტურებს.

“ერთმანეთს კარგი პირობებით ვშორდებით. მომავალი მთავარი მწვრთნელი იქნება ჩვენი სამომავლო წარმატებების არქიტექტორი, რომელიც ახალ დონეზე გადაგვიყვანს”, – ციტირებს ორმანის სიტყვებს “გარდიანი”.

ამავე წყაროს ცნობით, სლავენ ბილიჩმა შესაძლოა, “ვესტ ჰემ იუნაიტედი” ჩაიბაროს, რომლის ამჟამინდელი თავკაცი სემ ელერდაისი სეზონის ბოლოს დაკავებულ პოსტს დატოვებს.

 

ელერდაისი: “დიეგო კოსტა პროვოკაციების შემდეგ უკეთ თამაშს იწყებს”

დღეს ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურის უმრავლესი შეხვედრები გაიმართება. დიდ ინტერესს იწვევს “აპტონ პარკზე” გასამართი შეხვედრა — “ვესტ ჰემ იუნაიტედი” თანაქალაქელ “ჩელსის” მასპინძლობს, აღმოსავლეთ ლონდონი დასავლეთ ლონდონის წინააღმდეგ.

მატჩამდე “ჩაქუჩების” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა დიეგო კოსტას შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

Diego Costa

“ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე სახის დაპირისპირება მოვაწყოთ დიეგო კოსტასთან. ჩვენი ცენტრალური მცველები ამის გაკეთებას არ გეგმავენ, რადგან ამან შეიძლება ისევ ჩვენ გვავნოს.

ხალხი ამბობს, რომ ის ძველი სტილის ცენტრფორვარდია, რადგან ფიზიკური და აგრესიული პროვოკაციებით მოტივაციას იზრდის. ასე რომ, ჩვენ პროვოკაციებს უნდა მოვერიდოთ.

მისი პროვოცირება სულელური ნაბიჯი იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ის უკეთ ათამაშდება. დიეგო კოსტა თავადვე იწვევს მცველებს. სწორედ ეს უნარები წარმოაჩენს მას ასეთ კარგ ფეხბურთელად”, – ელერდაისის სიტყვები espn-მა გამოაქვეყნა.

“ვესტ ჰემსა” და “ჩელსის” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

ფიფამ “ვესტ ჰემი” 71 ათასი ფუნტით დააჯარიმა

ფიფამ “ვესტ ჰემ იუნაიტედი” 71 ათასი ფუნტ სტერლინგით დააჯარიმა.

ლონდონურმა კლუბმა სენეგალელი თავდამსხმელი დიაფრა სახო აფრიკის თასზე იმ მიზეზით არ გაუშვა, რომ მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა ფეხბურთელი გასაკვირად სწრაფად გამოჯანმრთელდა და ინგლისის თასზე “ბრისტოლ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) გოლიც გაიტანა. ამ დროს სენეგალის ნაკრები ჯერ კიდევ მონაწილეობდა აფრიკის თასის გათამაშებაზე.

დაჯარიმების გარდა, კლუბსაც და ფეხბურთელსაც საყვედური გაუგზავნეს.

 

“ვესტ ჰემმა” კანადელი მცველი დაიმატა

კანადის ნაკრების ცენტრალური მცველი დონიელ ანრი კვიპროსული “აპოლონიდან” “ვესტ ჰემ იუნაიტედში” გადავიდა.

21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ის უკანასკნელად იჯარის წესით “ტორონტოში” თამაშობდა.

ცნობილია, რომ დონიელ ანრიმ ლონდონურ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედს” “ჩელსისთან” რუნი არ ეყოლება

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი, რომელმაც “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო სამ მატჩს გამოტოვებს. ამრიგად, “წითელი ეშმაკების” კაპიტანი “ევერტონთან” (5 ოქტომბერი) და “ჩელსისთან” (26 ოქტომბერი) გასამართ საშინაო და “ვესტ ბრომვიჩთან” (20 ოქტომბერი) გასამართ გასვლით შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ რუნი “ვესტ ჰემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედნიდან 59-ე წუთზე გააძევეს. კუთხურის მოწოდების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ბურთი დაკარგა და მეტოქე გუნდის სწრაფი კონტრშეტევის ჩასაშლელად ინგლისელმა თავდამსხმელმა “ვესტ ჰემის” ფეხბურთელს მუხლში ფეხი ჩაარტყა. მთავარი არბიტრი იქვე იდგა და რუნის უხეში თამაში არ გამოპარვია.

აღნიშნული შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში მე-5 წუთზე სწორედ რუნიმ გახსნა.

ინგლსის პრემიერლიგის VI ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნატედს” სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადთ ბმულზე: ცხრილები

ინგლისის პრემიერლიგაში ჯარიმა ფეხბურთელის ნაცვლად ფანმა შეასრულა

კურიოზული შემთხვევა მოხდა ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ მატჩში (0:1). შეხვედრის 64-ე წუთზე “დეზების” ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა, ამ დრომს მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა და ბურთს ფეხი დაარტყა. უნდა აღინიშნოს, რომ ქომაგმა მოულოდნელად კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი იოლად დაიჭირა.

მოედანზე შეჭრილი ფანის მიერ შესრულებული დარტყმის შემდეგ ერიქსენმა თავში ხელები წაიშინა, თუმცა უცნობია, ეს იმის გამო გააკეთა, რომ ქომაგს გოლის გასატანად ცოტა დააკლდა თუ იმის გამო, რომ ის მოედანზე გამოვარდა.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები სამართალდამცავებმა დააკავეს და აღმოსავლეთ ლონდონის პოლიციის განყოფილებაში აყურყუტეს.

გთავაზობთ მომხდარის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალას.

„არსენალმა“ 16 წლის ნახევარმცველი გაიფორმა

16 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ბენ შიფი „ვესტ ჰემ იუნაიტედიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადავიდა. შიფს, რომელსაც ინგლისის ახალგაზრდულ გუნდში დებიუტი გასულ სეზონში ჰქონდა, ქვეყნის ერთ-ერთ პერსპექტიულ ფეხბურთელად თვლიან.

ბენ შიფს „ვესტ ჰემის“ მომავალ ვარსკვლავადაც მოიხსენიებდნენ, თუმცა ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის „ჩაქუჩების“ მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტის დეტალები მიუღებელი აღმოჩნდა და „არსენალში“ გადაბარგება გადაწყვიტა.

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

 

„ვესტ ჰემი“ პატარა ქომაგს ეძებს, რომელიც გუშინდელ მატჩზე ცრემლებს ვერ იკავებდა

გუშინ, ინგლისის თასზე „ნოტინგემ ფორესტსა“ და „ვესტ ჰემს“ შორის გამართული შეხვედრა მასპინძლების დიდი უპირატესობით, ანგრიშით 5:0 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობისას, ტელეკამერების ობიექტივში მოხვდა ლონდონელთა პატარა ქომაგი, რომელიც მარცხისგან გამოწვეულ ცრემლებს ვერ იკავებდა.

„ვესტ ჰემმა“ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე საზოგადოებას ბიჭუნას მოძებნა სთხოვა.

„ვესტ ჰემი“ მომდევნო მატჩზე პატარა ქომაგს ოჯახთან ერთად VIP-ტრიბუნაზე ეპატიჟება, საიდანაც მატჩს კლუბის ხელმძღვანელები ადევნებენ ხოლმე თვალყურს.

ბექა დოგრაშვილი

რას ნიშნავს ანელკას მიერ გუშინდელ მატჩში გაკეთებული ჟესტი?

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ვესტ ბრომვიჩს“ შორის გამართულ მატჩში (3:3) სტუმართა თავდამხმელმა ნიკოლა ანელკამ დუბლი შეასრულა, ერთ-ერთი გატანილი გოლი კი უცნაური ჟესტით აღნიშნა. როგორც აღმოჩნდა, ანელკამ ფოტოზე მოცემული ჟესტი საფრანგეთის ანტისიონისტური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კომიკოს დიოდონე მბალა მბალას მიუძღვნა.

თავად ანელკამ სოციალური ქსელის მეშვეობით ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ეს ჟესტი ჩემი მეგობრის, კომიკოს დიოდონესადმი ჩემს ერთგულებას ნიშნავს“.

აღნიშნულ ჟესტს „კანელი“ ეწოდება. ზოგიერთები მას შეფარულ ნაცისტურ მისალმებად მოიხსენიებენ, ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამ ჟესტს არა ებრაელთა, არამედ ზოგადად – „სისტემის წინააღმდეგ“ აჩვენებენ. „კანელს“ ძირითადად საფრანგეთში იყენებენ, მის ფარგლებს გარეთ კი პრაქტიკულად უცნობია. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი რამდენიმე დღის წინათ ინიციატივით გამოვიდა, რომ „კანელის“ ჩვენებისთვის სასჯელი იქნას გათვალისწინებული. ამ ჟესტს იყენებდა დიოდონე მბალა მბალა, რომელიც ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. საფრანგეთში ებრაული კავშირის წარმომადგენელმა როჯერ ცუკერბერგმა მბალა მბალას სასამართლოშიც კი უჩივლა. 47 წლის კომიკოსი, თავისი პროფესიის შესაბამისად, ამ ყველაფერს არასერიოზულად უდგებოდა და ამბობდა, რომ მას ჰიტლერთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მბალა მბალა ცნობილია ებრაელთა წინააღმდეგ თავისი სკანდალური გამონათქვამებით. მისი ტვინის ნაჟურია ებრაელების სექტად ან თაღლითთა ჯგუფად გამოცხადება. მანვე მოიხსენია ჰოლოკოსტი პორნოგრაფიის მემორიალად.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ აჩვენებენ მბალა მბალა და ანელკა ერთად „კანელის“ ჟესტს. შეგახსენებთ, რომ „ვესტ ბრომვიჩის“ ფრანგი თავდამსხმელი მუსლიმია.

ბექა დოგრაშვილი