ჰაინკესი როისს „რეალში“ გადასვლას ურჩევს

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავკაცმა იუპ ჰაინკესმა დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ მარკო როისზე ისაუბრა, რომლის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ევროპული პრესა წერას არ ასრულებს.

„მე მას მადრიდის „რეალში“ გადასვლას ვურჩევდი. „ბაიერნს“ წინახასზე მსოფლიო დონის 4-5 მოთამაშე ჰყავს.

სად უნდა ითამაშოს მარკომ? თუ მისი ყიდვა 25 მილიონ ევროდ შესაძლებელია, მაშინ, ევროპის ყველა ტოპ კლუბი როისის ტრანსფერზე უნდა ფიქრობდეს“, – ციტირებს ჰაინკესს „Sky 90“.

2013 წლის საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დაასახელეს

გუშინ, ბარსელონაში საუკეთესო ესპანელი სპორტსმენები დააჯილდოვეს. გაზეთ „მუნდო დეპორტივოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე 2013 წლის საუკეთესო ესპანელ სპორტსმენად რაფაელ ნადალი დაასახელეს, რომელმაც გასული წლის ოქტომბრის თვეში ATP რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა. დამდეგ კვირას, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი ბუენოს-აირესში გასამართ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას აპირებს.

„არგენტინაში გამგზავრებას ვაპირებ, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მდგომარეობაში მექნება დაზიანებული ზურგი. თუ გამოჯანმრთელებას ვერ მოვასწრებ, ამით ტრაგედია არ მოხდება. მომდევნო ტურნირისთვის მოვემზადები.
გამოჯანმრთელების პროცესი ცოტა ჭიანურდება, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ“, – აღნიშნა გუშინდელ ღონისძიებაზე ნადალმა.

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი ფეხბურთში მიღწეული წარმატებებისთვის დაჯილდოვდა. კატალონიელმა ფეხბურთელმა სიტყვით გამოსვლისას ახლახანს გარდაცვლილი ლუის არაგონესის შესახებ ისაუბრა.

„ვთვლი, რომ ლუის არაგონესი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მის წინაშე ვალდებული ვარ. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ის ჩემი საფეხბურთო მამაა, მან მე შანსი მომცა. არაგონესის წყალობით ესპანეთის ნაკრებში ვითამაშე“, – აღნიშნა ჩავიმ.

2013 წლის საუკეთესო ესპანელ მწვრთნელად ტიტო ვილანოვა დაასახელეს, თუმცა „ბარსელონას“ ყოფილი თავკაცი ღონისძიებას ვერ დაესწრო

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი სამი კანდიდატი

ფიფამ 2013 წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსის სამი კანდიდატი დაასახელა. ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს შეეცილებიან „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი ალექს ფერგიუსონი, მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესი და დორტმუნდის „ბორუსიას“ ამჟამინდელი დამრიგებელი იურგენ კლოპი.

ეს ჯილდო 2010 წლიდან მოქმედებს და მისი მფლობელები არიან: ჟოზე მოურინიო (2010), ხოსეპ გვარდიოლა (2011) და ვისენტე დელ ბოსკე (2012).

გამარჯვებული ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და ჟურნალისტების გამოკითხვის მეშვეობით შეირჩევა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი