ისკომ ესპანეთის მეხუთე დივიზიონში მოასპარეზე კლუბს საჩუქარი გაუკეთა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ისკომ ანდალუსიის პირველ დივიზიონში (ესპანეთის რანგით მე-5 დივიზიონი) მოასპარეზე კლუბ “ატლეტიკო ბენამიელს” საჩუქარი გაუკეთა.

“ატლეტიკო ბენამიელი” ისკოს პირველი კლუბი გახლავთ და ფეხბურთელმაც გამზრდელი გუნდისთვის მადლობის გადახდა გადაწყვიტა.

ისკომ კლუბს საჩუქრად 450 ფორმა გადასცა.

 

2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერი დაჯილდოვდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელა.

“სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა 110 ხმა მოაგროვა და ორი ხმით აჯობა უახლოეს მადევარ ლიონელ მესის. მესამე ადგილზე მადრიდელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესი გავიდა, რომელმაც 53 ხმა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ გასული ექვსი წლის განმავლობაში ამ ჯილდოს “ბარსელონას” ნახევარმცველები — ჩავი ერნანდესი და ანდრეს ინიესტა იგებდნენ.

 

ანჩელოტი: “გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ფეხბურთელების მოქმედებებით კმაყოფილი დარჩა. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ გუნდი მატჩს კარგი განწყობით შეხვდა, რამაც შედეგიც გამოიღო.

“კარგია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით. არსებულ გეგმას მივყევით და ამან გაამართლა.
კარგი თამაში გამოვიდა, საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დაცვაში ჩემი გუნდის პრობლემები კლასის ნაკლებობით არ იყო გამოწვეული, უბრალოდ ამ ნაკლის გამოსწორებაზე თავდაუზოგავი მუშაობა გვმართებდა.
პროფესიონალების გუნდი მყავს. ფეხბურთელებს ესმით, რას ნიშნავს “რეალში” თამაში.
შემტევი ფეხბურთის თამაში გვსურდა, ბურთს ვფლობდით და ფლანგებს ვიყენებდით. გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ეს ძალიან გვინდოდა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “ასი”.

 

ლუის ენრიკე: “რეალმა” გამარჯვება დაიმსახურა”

სეზონის პირველი “ელ კლასიკო” მადრიდელთა გამარჯვებით დასრულდა. “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე თვლის, რომ ეს მარცხი “ბარსასთვის” კარგ გაკვეთილად უნდა იქცეს.

“მარცხი მეტყველებს იმაზე, რომ “რეალი” ისევე ძლიერია, როგორც – ჩვენ. დღეს მეტოქე კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ეს მარცხი უნდა გავაანალიზოთ. ხან მოიგებ, ხან დღევანდელის მსგავსი შედეგით დაასრულებ მატჩს.
შეგვეძლო, ანგარიში 2:0 გაგვეხადა, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რის გამოც დავისაჯეთ.
მეტოქემ გვაჯობა და გამარჯვებაც დაიმსახურა”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ.