ყატარის მუნდიალის ახალ კალენდარს ფეხბურთელთა პროფკავშირი აკრიტიკებს

2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის კალენდარი ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფკავშირისთვის მიუღებელია. შეგახსენებთ, რომ კლიმატური პირობების გამო ტურნირი არა ივნის-ივლისში, არამედ ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. ჩემპიონატი 32-ის ნაცვლად 28 დღის განმავლობაში გაიმართება, ფინალური შეხვედრა კი 18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

“ასეთი ტურნირის ოთხ კვირაში ჩატარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ: შაბათ-კვირას ფეხბურთელები თავიანთ ჩემპიონატებში ითამაშებენ, ორშაბათს კი ნაკრებს შეუერთდებიან და იმავე დღეს ყატარში გაემგზავრებიან. ორი დღე მგზავრობას უნდა. ტურნირზე კი ოთხი, ხუთი ან შვიდი მატჩი უნდა ჩაატარონ.

არავითარი დასვენება, არავითარი მოსამზადებელი პერიოდი, ეს რაღაც სიგიჟეა. ფეხბურთელთა ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება”, – ციტირებს პროფკავშირის გენერალური მდივნის, თეო ვან სეგელენის სიტყვებს Reuters-ი.

 

2022 წლის მუნდიალი ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი, რომელიც ყატარში ჩატარდება, ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. ამ ინფორმაციას გამოცემა Sports Illustrated-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მომავალ კვირაში ფიფა ყატარს მუნდიალის შემოდგომა-ზამთრის კვეთაზე ჩატარების რეკომენდაციას მისცემს, უკვე მარტის თვეში კი ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს.

ამრიგად, მუნდიალის გამო ევროპულ ჩემპიონატებში პაუზა გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად სწორედ ნოემბერ-დეკემბერი დაასახელა.

 

ინგლისში რუსეთის მუნდიალის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდიან

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი დევიდ ბერნშტეინი 2018 წელს რუსეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოიკოტირების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, თუ ფიფაში ძირეული რეფორმები არ გატარდება, ძლიერმა საფეხბურთო ქვეყნებმა რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი უნდა გამოაცხადონ.

“მხოლოდ ინგლისი სიტუაციაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ეს სასაცილოც კი იქნებოდა. თუმცა, თუ უეფას ყველა ქვეყანა გავერთიანდებით, გაცილებით ეფექტიანი იქნება. გერმანიას, ჰოლანდიას, საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას ფეხბურთში საკმაოდ მძიმე წონა აქვთ და მათ გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატის ნორმალურად ჩატარება შეუძლებელია. ახლა ისევ რომ ვიყო ასოციაციის პრეზიდენტი, ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ქვეყნები ჩვენს პოზიციაზე გადმოგვეყვანა. ვთვლი, რომ ფიფაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი, პრეზიდენტმა ბლატერმა კი დაკავებულოი პოსტი უნდა დატოვოს. თუ ასე არ მოხდება, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ”, – ციტირებს ბერნშტეინის სიტყვებს BBC.