გიორგი გველესიანი:”დინამო” ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება!”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე თბილისის “დინამო” დატოვა ქართველმა მცველმა, გიორგი გველესიანმა. 25 წლის მოთამაშე თბილისურ გუნდში ათწლიანი ასპარეზობის შემდეგ, უკრაინულ კლუბში, ლუცკის “ვოლინში” გადავიდა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გველესიანს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა…

 – პირველ რიგში, რა იყო “დინამოს” დატოვების მთავარი მიზეზი?

– “დინამოდან” წამოსვლის მიზეზებზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ მინდა კონკრეტულ დეტალებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება. თბილისური კლუბი ჩემთვის გუნდზე მეტი იყო, არის და იქნება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, “დინამოდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ.

– რა მოგცათ დედაქალაქურმა კლუბმა ამ 10 წლის მანძილზე?

– აქ გატარებულმა ათმა წელმა მომცა უდიდესი გამოცდილება, როგორც ფეხბურთელს, ასევე ადამიანს. “დინამოდან” წამოსულს არსად გამჭირვებია თავის გამოჩენა და ეს სწორედ ამ კლუბის სკოლის დამსახურებაა.

– გქონდათ თუ არა ლუცკის “ვოლინის” გარდა სხვა შემოთავაზებები და რატომ აირჩიეთ ეს გუნდი?

– ახლა ყველაფერს დეტალურად გიამბობთ… როდესაც “დინამო” დავტოვე, ყოველდღე მირეკავდნენ ქართული კლუბების წარმომადგენლები და მათ გუნდებში თამაშს მთავაზობდნენ. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მაგარამ ამ ზაფხულზე გადავწყვიტე, რომ ჩემი კარიერისთვის უფრო უპრიანი უცხოეთში წასვლა იქნებოდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ლვოვის “კარპატის” წინადადება. მარტივად რომ აგიხსნათ, მათი შემოთავაზება ასე ჟღერდა: “ჩამოდი, ერთი მატჩი ითამაშე და ხელშეკრულებას გაგიფორმებთ.” ჩავედი ლვოვში, ჩავატარე შეთანხმებული შევხედრა და არ დამიტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, ისე არ მოხდა ყველაფერი, როგორც იყო დაგეგმილი, რადგან მწვრთნელი შეიცვალა გუნდში. შემდეგ იმასთანაც მომიწია თავის გამოჩენა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელმძღვანელიც მალევე მოხსნენს თანამდებობიდან და კიდევ ახალი დამრიგებელი მოვიდა. მე პირდაპირ მივედი მასთან და ვუთხარი, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მიეღო ჩემთან დაკავშირებით. მან მთხოვა, შეკრებაზე გავყოლოდი და იქ დამაკვირდებოდა; მხოლოდ ამის შემდეგ მეტყოდა, დამტოვებდა გუნდში თუ არა… მე მაშინვე უარი ვუთხარი და ლუცკის “ვოლინის” შემოთავაზებას დავთანხმდი.

“ვოლინთან” ხელშეკრულება გავაფორმე, თუმცა ველოდები, როდის მისცემენ გუნდს ფეხბურთელის ოფიციალურად დამატების უფლებას. აქვე გეტყვით, რომ უკრაინული გუნდის გარდა, რამდენიმე სხვა შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე ეს კლუბი ავირჩიე, რადგან ჩემი პრიორიტეტი უკრაინის ჩემპიონატია. აქ სეზონის განმავლობაში ბევრ ძლიერ მეტოქეს შევხვდებით და ეს ჩემს, როგორც ფეხბურთელის, განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 – რა მიზნებისთვის იბრძოლებს “ვოლინი” ამ სეზონში?

– ამ სეზონში ჩვენ მიზნად დაგვისახეს, მინიმუმ, “ევროპის ლიგის” ზონაში მოხვედრა.

 – უკრაინის ჩემპიონატში გადასვლა, თქვენი აზრით, როგორ აისახება სანაკრებო კარიერაზე?

– ჩემი აზრით, თუ აქ თავს კარგად წარმოვაჩენ, ძალიან გაიზრდება იმის შანსები, რომ ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად გამომიძახონ და ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა.

კობახიძე „დნიპროში“ ბრუნდება

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ალექსანდრე კობახიძე ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის „დნიპროში“ დაბრუნდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მირომ მარკევიჩმა ცოტა ხნის წინ გუნდის მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდა ისურვა, შესაბამისად, კლუბმა ქართველი ლეგიონერის დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც უკრაინული ტელეარხი „ფუტბოლ 1“ იტყობინება, „დნიპრომ“ კობახიძე უკვე გამოიძახა.

გასულ სეზონში ალექსანდრემ იჯარით „ვოლინში“ ითამაშა, რომლის მაისურით უკრაინის ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. „ვორსკლასთან“ ახალი სეზონის პირველ ტურში კობახიძემ გოლის გატანა შეძლო. ცნობისთვის, ხსენებული შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

კობახიძე: „გოლის გატანისას ტრაექტორიის გათვლა რთული იყო“

ჯაბა კანკავას „დნიპროსა“ და დავით ხოჭოლავას „ჩერნომორეცის“ მსგავსად, უკრაინის ჩემპიონატი ფრით სანდრო კობახიძის „ვოლინმაც“ დაიწყო, რომელმაც „ვორსკლასთან“ მატჩი 1:1 დაასრულა. ერთადერთი გოლი „ვოლინის“ მხრიდან სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა.

კობახიძემ „ვოლინის“ ოფიციალურ საიტთან საუბრისას აღნიშნული მატჩი შეაფასა.

„როდესაც გოლს ვიტანდი, ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასე დარტყმას ვაპირებდი. ასეთი დარტყმა გამოვიდა, ტრაექტორიის გათვლა რთული იყო. ვფიქრობ, რომ გოლში დიდი წვლილი თანაგუნდლეებმაც შეიტანეს. განსაკუთრებით ეს რედვან მემეშევს ეხება. მან ბოლომდე იბრძოლა, ამიტომაც მას მადლობა გადავუხადე.

ამ მატჩისთვის ბევრს ვემზადებოდით, ვიცოდით, რომ მეტოქე შეთამაშებულია და 2-3 სეზონის განმავლობაში თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს. ვფიქრობ, დღეს შესაძლებლობების მხოლოდ 50% ვაჩვენეთ. ყველანი ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩავდგეთ.

პირველ ნახევარში „ვორსკლა“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ. ალბათ, ფრე ლოგიკური შედეგია“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, მეორე ტურში „ვოლინი“ დონეცკის „შახტარს“ უმასპინძლებს.

კობახიძე “ვოლინში” რჩება

“დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუცკის “ვოლინში” იჯარის წესით მოთამაშე სანდრო კობახიძე ლუცკელთა შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბებმა საიჯარი ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე გაახანგრძივებს.

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს “დნიპროში” დაბრუნების სურვილი ჰქონდა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელს მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინულ პრემიერლიგაში 6 გოლის გატანა შეძლო.

კობახიძის “ვოლინი” დონეცკელებს დაუზავდა

უკრაინული პრემიერლიგის 26-ე ტურში “ვოლნიმა” ლუცკში დონეცკის “მეტალურგს” დაუზავდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ტრადიციულად მასპინძელთა სასტარტოში იყო სანდრო კობახიძე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმშია და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც არის. ქართველმა ამჯერადაც 90 წუთი ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო.

26 ტურში მოპოვებული 34 ქულით “ვოლინი” მეექვსე პოზიციაზეა გამაგრებული.

სანდრო კობახიძის გუნდი ვარჯიშს 12 იანვრიდან განაახლებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სანდრო კობახიძის კლუბი უკრაინული „ვოლინი“ საახალწლო არდადეგების შემდეგ ვარჯიშს 12 იანვრიდან ლუცკში დაიწყებს, სადაც 18 იანვრამდე დარჩება.

19 იანვარს „ვოლინი“ ზამთრის პირველ უცხოურ შეკრებას გაივლის. სავარაუდოდ, გუნდი პირველ თებერვლამდე თურქეთში ივარჯიშებს, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

2 თებერვლიდან 8 თებერვლამდე გუნდი ლუცკში დაბრუნდება, ხოლო 9 თებერვლიდან 22 თებერვლამდე სეზონის განახლების წინ ვიტალი კვარციანოვის გუნდი თურქეთში ბოლო შეკრებას გაივლის და ამჯერად ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

კობახიძე: „ხალხს უსამართლობა არ უყვარს“

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული „ვოლინის“ ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ხარკოვის „მეტალისტთან“ ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უკრაინული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა პირველ წრეში თავისი გუნდის გამოსვლაც შეაფასა.

„თუ გუნდის თამაშს შევაფასებთ, ვფიქრობ, პირველი წრე ცუდი არ იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ის ქულა დავკარგეთ, რომლის გადარჩენა შეგვეძლო. თუმცა, ვფიქრობ, პირველი წრე დამსახურებულ ადგილზე დავასრულეთ („ვოლინმა“, პირველი წრის შედეგად, მე-7 ადგილი დაიკავა – ავტ.). მეოთხე ადგილზე გასვლაც კი შეგვეძლო.

„მეტალისტთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მოგებას ვიმსახურებდით. მსაჯობის განხილვა არ მსურს. ყველამ დაინახა, თუ რა ხდებოდა. სჯობს, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე მხოლოდ თამაშზე ვისაუბრებ.

ჩემი თვალსაზრისით, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ, ხოლო მეორეში მოვდუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ და მეშვიდე ადგილზე ამის გამო აღვმოჩნდით. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ, სჯობდა, შეგვეტია. ამის გამო ორი გოლი მივიღეთ“.

კობახიძემ იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მატჩის ბოლოს მოედანზე შევარდნენ.

„ქომაგები სტადიონზე მოდიან და მხარს გვიჭერენ. ხალხს უსამართლობა არ უყვარს. მე არაფრის თქმა მინდა, უბრალოდ, მათაც უნდა გაუგოთ. ის, რაც მოხდა, ლამაზი არ იყო, ხალხს თავის შეკავება არ შეუძლია“.

გულშემატკივრები მოედანზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც მთავარმა მსაჯმა დიმიტრი კუტაკოვმა მეტოქის საჯარიმოსთან კობახიძის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა.

„დიახ, ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. ამ დარღვევის შედეგად, მსაჯს მეტოქისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. ზოგადად, ბევრი ეპიზოდი ძალიან საკამათო გამოდგა“, – აღნიშნა „ვოლინის“ შემტევმა ნახევარმცველმა.

კობახიძე: „ბევრი გოლის გატანა და გაშვება მირჩევნია“

„ვოლინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე უკრაინის პრემიერლიგის პრესსამსახურს გაესაუბრა.

„ოლიმპიკთან“ გამარჯვებაზე:

„რა თქმა უნდა, ამ მატჩის წინ, საბრძოლო ხასიათზე ვიყავით. „ოლიმპიკი“ თამაშით ცუდად არ გამოიყურებოდა და ასეთ მარცხს არ იმსახურებდა. საერთოდ, ეს გუნდი დისციპლინირებულია და სატურნირო ცხრილში მისი ადგილი ყველაფერზე მეტყველებს. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენ სათანადოდ მოვემზადეთ და ჩვენი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოვაჩინეთ. ასეთი გამარჯვებები მომავალში დაგვეხმარებიან“.

„ვოლინის“ მაისურით სადებიუტო გოლის შესახებ:

„ცუდი მატჩი არ ჩამიტარებია, თუმცა ეს მაინც ჩემი დონე არ იყო. უკეთესად გამოსვლაც შემიძლია, უბრალოდ, ადაპტაციაზე საკმარისი დრო დავხარჯე. შესაძლოა, გვიანია, თუმცა, როგორც იქნა, გუნდის სქემას მოვერგე“.

ნაკრებისა და კლუბის შესახებ:

„ამ მხვრივ, ყველაფერი რიგზეა. ეს უბრალო პრაქტიკაა, რადგან მსგავსი გასვლები რეგულარულად ხდება. მსგავს სიტუაციას შევეჩვიე. როდესაც ნაკრების რიგებიდან დავბრუნდი, მაშინვე დონეცკის „მეტალურგთან“ მატჩისთვის მომზადება დავიწყე“.

დონეცკის „მეტალურგზე“:

„სიმართლე რომ გითხრათ, „მეტალურგი“ თავისი სისწრაფით, კომბინირებითა და შემსრულებლებით ყოველთვის მომწონდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდეგი მეტოქე ძალიან საინტერესოა. მოგების შანსი ორივეს გვექნება, რადგან დონეცკელები ერთნაირ თამაშს ყოველ მატჩში ვერ აჩვენებენ“.

შეტევის თაობაზე:

„სჯობს, ბევრი გავუშვათ და ამადროულად ბევრი გავიტანოთ. მწვრთნელი ისე გვამზადებს, რომ ანგარიშით 0:2 მარცხს 5:7 გვირჩევნია. რა თქმა უნდა, ეს პირობითად ვთქვი. მწვრთნელი შეტევას ნამდვილად ბევრ დროს უთმობს, მას უყვარს, როცა ვიტანთ და ამ განხრით ჩვენთან ბევრს მუშაობს. ჩვენ მაშინ ვუშვებთ, როდესაც მცველებს ყველა მოთამაშე ვერ ეხმარება“.

მიმდინარე ჩემპიონატში „ვოლინის“ პერსპექტივებზე:

„ხუთეულზე ფიქრი შეიძლება. ჩემი აზრით, თუ მატჩებისთვის სათანადოდ მოვემზადებით, საჭირო შედეგს მივიღებთ“.