ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.
“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.