ქართული საფეხბურთო კლუბების დიდ ნაწილს სტადიონებისა და ზოგადად დაფინანსების პრობლემა რომ აქვს, ახალი ამბავი არავისთვისაა. სამწუხაროდ, ახალი არც ისაა, რომ თითქმის არც ერთი ასეთი კლუბი სათანადო დაფინანსების ორმოცდაათ პროცენტსაც ვერ იღებს.
თბილისთან შედარებით, რეგიონებში ამა თუ იმ ქალაქის გუნდის მატჩზე საკმარისი მაყურებელი დადის, შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი ერთი გუნდის თამაშით ცოცხლობს და მისი მატჩის დადგომას მოუთმენლად ელის. თუნდაც სურათზე სავსე სტადიონის ხილვა ყოველთვის სასიხარულოა.
თუმცა, როგორ მოიქცეს მოსახლეობა, თუ მისი ქალაქის გუნდი უკვე დიდი ხანია, რაც საშინაო შეხვედრებს სხვა ქალაქში ატარებს? ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც მსგავსი პრობლემა აქვს, ხაშურის „ივერიაა“. ამჟამად ხაშურელები საქართველოს მეორე ლიგაში გამოსვლას აგრძელებენ, თუმცა საშინაო შეხვედრების ჩატარება გუნდს ბორჯომში უწევს.
თითქმის ყოველდღე „ივერიას“ ფეისბუქის გვერდზე იტვირთება სურათები, რომლებიც ქალაქის სტადიონის ამჟამინდელ საშინელ მდგომარეობას ასახავენ.
ეს სურათი ჯერ კიდევ 2011 წელსაა გადაღებული, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, სიტუაცია არც დღეს შეცვლილა და გრიგოლ ჯომართიძის სახელობის სტადიონისგან, შესაძლოა, სულ მალე მხოლოდ ნანგრევი დარჩეს:
იყო წერილი სამინისტროშიც, თუმცა პასუხად კლუბმა და გულშემატკივრებმა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანისგან მხოლოდ ის მიიღეს, რომ კლუბების დასაფინანსებლად სამინსიტროს თანხა გამოყოფილი არ აქვს და ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოვალეობაში შედის. სამწუხაროდ, მისი მოგვარება, როგორც ხვდებით, ვერც (ან არც) მუნიციპალიტეტს გამოსდის.
არაერთ სხვა ქვეყანაში პატარა ქალაქების კლუბებსაც სპონსორები ჰყავს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ამა თუ იმ კლუბის აქციების შეძენით ახალი გუნდის აშენებას ცდილობენ, რასაც, ასეა თუ ისე, შედეგი მოაქვს. ასეთ ნათელ მაგალითს ბულგარული „ლუდოგორეცი“ წარმოადგენს, რომელიც წლების წინ ქვეყნის დაბალ დივიზიონში გამოდიოდა, დღეს კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის პრემიერლიგის დონის კლუბთან თანაბრად თამაშობს. ბიზნესმენების და კომპანიების მხრიდან სპორტული კლუბებისადმი უყურადღებობა ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა. არც ისე ლამაზია, როდესაც ყველანი ქვეყანაში სპორტის დაბალ დონეზე საუბრობენ, თუმცა, ის, ვისაც, ამ პრობლემის მოგვარება ნამდვილად შეუძლია, უმოქმედოდაა.
ამავდროულად, რა კლუბების განვითარებაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს 16-გუნდიან უმაღლეს ლიგასაც კი გუნდები აკლდებიან, თანაც ისეთი გუნდები, რომლებსაც ჩემპიონატში მაღალი ადგილებისთვის ბრძოლის პრეტენზია აქვს. ასე, ცოტა ხნის წინ, „ზესტაფონი“, მწვრთნელის მსგავსად, ყველა ფეხბურთელმა დატოვა. იგივე პრობლემა ქუთაისის „ტორპედოსაც“ აქვს, „სიონი“ მესამე სეზონია ბოლნისში აღარ თამაშობს და საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სტადიონზე ატარებს, სადაც ასევე ცხინვალის „სპარტაკი“ თამაშობს.
დრო მიდის, ქართულ სპორტში არსებული პრობლემები კი მოუგვარებლად რჩება, რაც იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ხალხს სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის იმედიც აღარ აქვს. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში სპორტის დონემ საგრძნობლად აიწიოს, ყველა გუნდს სტადიონი, ინფრასტრუქტურა და საარსებოდ საკმარისი თანხა გააჩნდეს? როგორც ამბობენ, იმედი ბოლოს კვდება, თუმცა, ეს „ბოლო“, იქნებ, უკვე დადგა?