“დერბი დელა იტალია” ფრედ დასრულდა

იტალიის სერია A-ს XVII ტურის დასკვნითი და ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “იუვენტუსმა” მილანის “ინტერი” მიიღო. შეხვედრაში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მეხუთე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მეტოქის საჯარიმო მოედანზე ეფექტური მოძრაობით ხელსაყრელ პოზიციაზე გადაინაცვლა და კარლოს ტევესს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ამ უკანაკსნელმა კი ბურთი ახლო მანძილიდან ცარიელ კარში გადაგზავნა.

“ნერიაძურიმ” ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე შეძლო: ფრედი გუარინის პასის შემდეგ მაურო იკარდიმ “იუვენტუსის” კარის შორეულ კუთხეში დაარტყა და წონასწორობა აღადგინა.

Mauro Icardi

აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე მოედანზე გამოვიდა “ინტერში” ახლადგადასული ლუკას პოდოლსკი, რომლისთვისაც ეს სადებიუტო შეხვედრა გახლდათ.

Lukas Podolski

მატჩის 86-ე წუთზე უხეში თამაშისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან მატეო კოვაჩიჩი გააძევა.

სატურნირო ცხრილს “იუვენტუსი” 40 ქულით ლიდერობს. “ინტერს” 22 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XVII ტური:
“იუვენტუსი” — “ინტერი” 1:1 (1:0)

გოლები: ტევესი 5′ — იკარდი 64′.
გაფრთხილებები: მორატა 71′, ბონუჩი 82′ — იკარდი 66′, რანოკია 67′, დამბროზიო 75′, ჟუანი 80′, მედელი 84′.
გაძევება: კოვაჩიჩი 86′.