“ინტერი” ივან რაკიტიჩის დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, შესაძლოა, კლუბი გამოიცვალოს. El Chiringuito-ს ცნობით, ხორვატი ფეხბურთელით მილანის “ინტერი” გახლავთ დაინტერესებული.

“ნერაძური” 30 წლის მოთამაშის დამატებას ზაფხულში შეეცდება. მილანელები გათვლას იმაზე აკეთებენ, რომ რაკიტიჩს კონკურენციის გაწევა ფრენკი დე იონგთან მოუწევს, რომელიც “ბარსელონაში” ივლისში გადავა.

ივან რაკიტიჩსა და “ბარსელონას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისამდე აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას 65 მილიონ ევროდ აფასებს.

ივან რაკიტიჩმა მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

ლუჩანო სპალეტი: “ინტერის” ფანებთან ერთად მოდრიჩზე მეც ვოცნებობ”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ გუნდში ლუკა მოდრიჩის ხილვა სურს. მისი თქმით, ამ ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია.

“ინტერის” ფანებთან ერთად მოდრიჩზე მეც ვოცნებობ. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე თანმიმდევრულად მოქმედებს. ამ დონის ფეხბურთელის დამატება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მეტად სასარგებლო იქნებოდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გარკვეული დრო ჯერ კიდევ არის დარჩენილი. თუ ბოლო წუთებში ვინმეს დავიმატებთ, ძალიან კარგი იქნება”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს “სკაი იტალია”.

ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემთხვევაში, “ინტერი” სპალეტის გაათავისუფლებს

მილანის “ინტერის” წარუმატებელი შედეგების გამო ლუჩანო სპალეტის სავარძელი მნიშვნელოვნად შეირყა და მიმდინარე სეზონის ბოლოს 58 წლის სპეციალისტს შესაძლოა, პოსტი დაატოვებინონ.

“ტუტოსპორტის” ცნობით, თუ “ნერაძური” ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა დარჩება, სპალეტის კლუბიდან გაათავისუფლებენ.

სეზონის დასაწყისში “ინტერი” ტურინის “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” ლიდერობაში ეცილებოდა, თუმცა სერია А-ს ბოლო ათ ტურში გუნდმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იტალიას ოთხი კვოტა აქვს. “ინტერს” დღესდღეობით სერია А-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილი უკავია და რომის “ლაციოს” ერთი, ხოლო “რომას” ორი ქულით ჩამორჩება.

დამდეგ შაბათს “ინტერი” საკუთარ მოედანზე გათამაშების უპირობო აუთსაიდერ “ბენევენტოს” მიიღებს.

ლუჩანო სპალეტი: “ინტერის” ისტორიის შესაბამისი შედეგები უნდა ვაჩვენოთ”

ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

სპალეტიმ “ნერაძურის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“მოხარული ვარ, რომ “ინტერის” ოჯახის წევრი გავხდი. ბევრი მუშაობა მოგვიწევს. უკეთესი გუნდი უნდა გავხდეთ. კლუბის ისტორიის შესაბამისი შედეგები უნდა ვაჩვენოთ. იდენტობა მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ ამავე დროს გვინდა, რომ კარგი გუნდი ჩამოვაყალიბოთ.

კლუბის ხელმძღვანელთა ენთუზიაზმს ვიზიარებ. ისინი ამ პროექტის განვითარებას აპირებენ. ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ საქმეში არის ჩართული, ყველას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს დასახული მიზანი.

გულითადად მივესალმები ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში მრავლად არიან”, – განაცხადა სპალეტიმ.

ლუჩანო სპალეტი “ინტერს” უახლოვდება

“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შესაძლოა, მილანის “ინტერი” ჩაიბაროს. ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დედაქალაქურ კლუბს დატოვებს.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ლუჩანო სპალეტი “ინტერთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რა დროის განმავლობაშიც ჯამაგირის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს თანახმად, “ნერაძურის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სპალეტის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ორშაბათს უნდა გაკეთდეს.

შესაძლოა, სპალეტიმ “რომადან “ინტერში” ნახევარმცველები რაჯა ნაინგოლანი და კევინ სტროტმანი წაიყვანოს. მილანელები “ლიონის” შუახაზელ კორენტენ ტოლისოთიც არიან დაინტერესებულნი.

“იუვენტუსი” სპალეტის მოელაპარაკა

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მასიმილიანო ალეგრის შესაძლო შემცვლელად ლუჩანო სპალეტის კანდიდატურას განიხილავს. მიმდინარე სეზონის ბოლოს ალეგრიმ შესაძლოა, “ბებერმა სინიორას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს და ლონდონის “არსენალს” ან “პარი სენ-ჟერმენს” მიაშუროს.

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერას” ცნობით, “იუვენტუსსა” და სპალეტის შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამ უკანასკნელს “რომასთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ ტურინელებს, სპალეტის მოწვევის შემთხვევაში, რომაელებისთვის კომპენსაციის გადახდა არ მოუწევთ.

იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ლუჩანო სპალეტის მიერ დამოძღვრილ “რომას” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ “იუვენტუსს” 11 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, “რომამ” ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გააღწია და “ლიონთან” გასვლაზე გამართულ პირველ მატჩში 2:4 დამარცხდა

ინძაგის შესაძლო შემცვლელად სპალეტის კანდიდატურას განიხილავენ

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე რომის “ლაციოსთან” სამშაბათს გასამართ მატჩში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბის თავკაცის პოსტი დატოვოს.

Football Italia-ს ცნობით, ინძაგის შესაძლო შემცვლელად 55 წლის იტალიელ სპეციალისტ ლუჩანო სპალეტის მოიაზრებენ, რომელიც უკანასკნელად სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” ედგა სათავეში.

შეგახსენებთ, რომ “ლაციოსა” და “მილანს” შორის სერია A-ს XX ტურში წუხელ გამართული შეხვედრა რომაელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.