ინგლისსა და შოტლანდიაში მოურინიო საუკეთესოა

ინგლისსა და შოტლანდიაში მოასპარეზე 123 ფეხბურთელს შორის ჩატარებული გამოკითხვით, ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო იდეალურ მენეჯერად დასახელდა.

შეკითხვაზე, თუ ვისი ხელმძღვანელობით ისურვებდნენ თამაშს, ფეხბურთელთა უმეტესობამ პორტუგალიელის სასარგებლოდ გასცა პასუხი.

მოურინიო 48%-ით პირველზეა, მეორე ადგილზე მიუნხენის “ბაიერნის” მესაჭეს, პეპ გვარდიოლას ერგო(31%), მომდევნო ადგილებზე გასულები კი, ჟოზეს და პეპს ძალზე დიდი სხვაობით ჩამორჩებიან. “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მხოლოდ 8% მიიღო, “დორტმუნდის” თავკაცმა იურგენ კლოპმა კი 6%, “ვესტ ჰემის” დამრიგებელმა სემ ელერდაისმა 6%, ხოლო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი მხოლოდ 1%-ს დააჯერეს.

“ვესტ ჰემმა” მოიესი შეიძლება პრემიერ ლიგაში დააბრუნოს

“ჩაქუჩებმა” დაიწყეს ახალი სპეციალისტის ძებნა, რომელიც სეზონის ბოლოს სემ ელერდაისს კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ ჩაანაცვლებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ვესტ ჰემი” სემ ელერდაისს ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ უპირებს და ლონდონელებმა დაიწყეს მისი შემცვლელის ძიება.

“ჩაქუჩთა” ხელმძღვანელობა დავიდ მოიესს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას უპირებს, რომელიც ამჟამად “სოსიედადს” წვრთნის. შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი ინგლისში “ევერტონს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” თავკაცობდა.

თუმცა, თუ “ვესტ ჰემი” 51 წლის სპეციალისტს ვერ დაიყოლიებს, ისინი “ბეშიქთაშის” მწვრთნელს, სლავენ ბილიჩს მიადგებიან.

შეგახსენებთ, რომ 25-ე ტურის შემდეგ, “ვესტ ჰემი” პრემიერ ლიგაში მერვე პოზიციაზე იმყოფება.