“პარტიზანის” თავკაცი: “დილასგან” განსხვავებულ თამაშს მოველით”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. სერბები საქართველოს დედაქალაქში დღეს დილით ჩამოფრინდნენ, მატჩისთვგის თბილისშივე ემზადებიან.

“პარტიზანის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ხვალ “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს მოელის.

“გვინდა, რომ ორი მატჩის ჯამში “დილას” ვაჯობოთ. ბელგრადში დადებით შედეგს მივაღწიეთ, რაც მიზნის გასაიოლებლად მნიშვნელოვანი იყო. “დილასგან” პირველი მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით. ბელგრადში მეტოქისგან ბევრი არაფერი გვინახავს და სიფრთხილე გვმართებს.

“პარტიზანს” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის ამბიცია აქვს. იქამდე მისასვლელი გზა იოლი არ არის, თუმცა მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

მომენტების გამოყენების მხრივ პრობლემები გვქონდა, ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. პირველ შეხვედრაში უფრო მეტს ვიმსახურებდით, თუმცა ეს ფეხბურთია. შესაძლოა, გაგვიმართლა კიდეც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ სერბეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გაცილებით ეფექტიანად ვიმოქმედეთ (“პარტიზანმა” “მეტალაცი” ანგარიშით 4:0 დაამარცხა – ავტ).

ბელგრადიდან დღეს დილით ჩამოვედით. დიდი გზა გამოვიარეთ და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავით. გორამდე ჩასვლა დამატებით დროს მოითხოვდა. ჩვენი მიზანი არ იყო, რომ მთელი დრო მოგზაურობაში დაგვეხარჯა. ვიცით, რომ გორი კარგ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ადაპტაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა “პარტიზანის” თავკაცმა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

სოსიაშვილი: “ამ მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ვატარებთ, რაც დამატებითი მოტივაციაა”

ხვალ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის საპასუხო მატჩი გაიმართება. “დილას” მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დღეს მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ვიხილავთ.

“რაც შეეხება გულშემატკივარს, მათ მოწოდება არ სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ხვალინდელი მატჩისთვის სტადიონის გაივსება. ისტორიული ფაქტია ის, რომ გორის “დილა” მსგავსი მასშტაბის თამაშს საკუთარ არენაზე პირველად ატარებს, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია და პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე უჩა სოსიაშვილმა.

გეტყვით, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა ხვალ, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება და მას დანიელ სტეფანსკის ხელმძღვანელობით პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“დილა” — “პარტიზანის” მატჩს პოლონელები განსჯიან

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანს” შორის გასამართ საპასუხო მატჩს პოლონელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი 38 წლის დანიელ სტეფანსკი იქნება.

ხაზის მსაჯი: რაფალ როსტკოვსკი (პოლონეთი);
ხაზის მსაჯი: მარცინ ბონეკი (პოლონეთი);
მეოთხე მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი).

მატჩზე დასასწრები ბილეთები 5 და 10 ლარი ღირს. შეხვედრა 21 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე, 16:30 სთ-ზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“დილასა” და “პარტიზანს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბელგრადის “პარტიზანსა” და საფეხბურთო კლუბ “დილას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 14 ივლისს ბელგრადში “დილას” საგულშემატკივროდ ჩასულ ქართულ დელეგაციას დედაქალაქ ბელგრადისა და საფეხბურთო კლუბ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ საქმიან ვახშამზე უმასპინძლა და აღნიშნული შეთანხმებაც იქ გაფორმდა.
აღსანიშნავია, რომ სერბული მხარის ინიციატივით გამართულ საქმიან ვახშამს გორის “დილას” დირექტორი გიორგი ტუღუში, მხარის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და მწვრთნელთა განათლების დირექტორი გაიოზ დარსაძე ესწრებოდნენ.

მიღწეული შეთანხმების თანახმად, საფეხბურთო კლუბ “პარტიზანსა” და “დილას” შორის პერიოდულად განხორციელდება გაცვლითი პროგრამები, მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება სპორტულ და ორგანიზაციულ საკითხებში.
აგრეთვე “დილას” და “პარტიზანის” ფეხბურთელებისთვის, ისევე როგორც საფეხბურთო აკადემიის მოსწავლე ფეხბურთელებისთვის, სერბეთსა და საქართველოში განხორციელდება სპეციალური პროგრამები, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენთა გამოცდილებისა და ცოდნის ამაღლებას.
ნავახშმევს საფეხბურთო კლუბ “პარტიზანის” ხელმძღვანელობამ ქართულ დელეგაციას სტადიონის ინფრასტრუქტურა და მუზეუმი დაათვალიერებინა.

 

“დილას” პრესსამსახური

ჩემპიონთა ლიგა: “დილა” — “პარტიზანის” წყვილში გამარჯვებულის მეტოქე გაირკვა

დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა.

გორის “დილასა” და ბელგრადის “პარტიზანის” წყვილში გამარჯვებულს მეტოქედ სლოვაკურ “ტრენჩინსა” და რუმინულ “სტიაუას” წყვილში გამარჯვებული ერგო. ამ გუნდების პირველი შეხვედრა რუმინელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 28-29 ივლისსა და 4-5 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ “პარტიზანსა” და “დილას” შორის გამართული პირველი მატჩი სერბების მინიმალური გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა გორში, 21 ივილისს ჩატარდება.

 

პარტიზანი” — “დილა” (სასტარტო შემადგენლობები)

სულ ცოტა დრო რჩება უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“პარტიზანი”: ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ნ. პეტროვიჩი, ბალაჟიცი, ჩირკოვიჩი, ბრაშანაცი, ბაბოვიჩი, ნინკოვიჩი, იევტოვიჩი, უმარუ, ბოჟინოვი.
მთავარი მწვრთნელი: ზორან მილინკოვიჩი.

“დილა”: შევჩენკო, ხურცილავა, კვირკველია, კვახაძე, ნავალოვსკი, პაპავა, ფალავანდიშვილი, რაზმაძე, ილურიძე, გვალია, მარცვალაძე.
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

„პარტიზანის“ თავკაცი: „გორის „დილა“ რუსული სტილია გუნდია“

ბელგრადის „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა პრესკონფერენციაზე გორის „დილასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ერთთვიანი მუშაობის შემდეგ სეზონის სტარტს მოუთმენლად ველით. საქართველოს ჩემპიონს პატივს ვცემთ. ამ გუნდს კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია, თუმცა იგივე ამბიცია ჩვენც გაგვაჩნია. ცოტა ხნის წინ მეტოქემ სამი დახურული მატჩი ითამაშა, მაგრამ მასზე საკმარისი ინფორმაციის მოპოვება მაინც მოვახერხეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. სიტუაცია პირველი შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება. „პარტიზანს“ ხვალინდელი მატჩის შემდეგ მეორე ეტაპზე გასვლის შანსების გაზრდა სურს, მაგრამ წინ კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა გველის. პირველი თამაშის შემდეგ უფრო გვეცოდინება, თუ როგორ ვითამაშოთ.

„დილას“ რუსული სტილი ეტყობა – მოთამაშეები ბევრს დარბიან, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია, რაზეც შედეგები მეტყველებენ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ მათთან სათამაშოდ მზად ვარ. სამწუხაროდ, როგორც აღვნიშნე, „დილას“ თამაშის ყურება ვერ შევძელით.

ფაბრიციოს გარდა, ამ მატჩისთვის ყველა მზადაა. იმედია, ის შემდეგი კვირის მიმდინარეობისას დაგვეხმარება.

მსურს, ჩვენს გულშემატკივრებს მხარდაჭერა ვთხოვო. წინ საინტერესო სეზონი გველის, „პარტიზანს“ ის მიზნები აქვს, როგორიც დიდ კლუბს შეეფერება“, – განაცხადა მილინკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „პარტიზანი“ – „დილას“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

გორში “პარტიზანი” — “დილას” მატჩის ტრანსლირება იგეგმება

დღეს, 14 ივლისს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის “პარტიზანსა” და გორის “დილას” შორის პირველი მატჩი გაიმართება. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საფეხბურთო კლუბ “დილას” ორგანიზებით სერბეთიდან შეხვედრის საჯარო ტრანსლირება იგეგმება. გორის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა შეკრება 20:00 საათიდან დაიწყება. მატჩის დაწყებამდე პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ მონიტორზე ქომაგები იხილავენ კლიპს, რომელშიც ნაჩვენები იქნება საუკეთესო ეპიზოდები “დილას” მიერ ჩატარებული შეხვედრებიდან.

სამწუხაროდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სერბულ მხარესთან მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღია და დიდი ალბათობით, საქართველოში შეხვედრის ტელერეპორტაჟი არ განხორციელდება.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას ბასტიან დანკერტის ხელმძღვანელობით გერმანელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.