იურაი იარაბეკი: “აგრესიული და ლამაზი შეხვედრა გამოვიდა”

დღეს თბილისის “დინამომ” უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა. სტუმრად გამართულ მატჩში, დედაქალაქურმა კლუბმა უგოლო ფრე გააგორა საჩხერის “ჩიხურასთან”.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ იურაი იარაბეკის მატჩისშემდგომ კომენტარს.

“პირველ რიგში, მინდა შევაქო “ჩიხურა” და მისი მესვეურები. მათ ამ ზაფხულზე შესანიშნავი კოლექტივის შეკრება მოახერხეს, რომელიც ახალ სეზონში დიდი ძალა იქნება.”

“რაც შეეხება მატჩს, ორივე გუნდს სამი ქულა უნდოდა. ეს თავიდანვე ეტყობოდა თამაშს. შესაბამისად,  კლუბები შემტევ სტილში ასპარეზობას ცდილობდნენ. აგრესიული და ლამაზი მატჩი იყო. ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა. ვიტყოდი, რომ “დინამო”, ფაქტობრივად, ჰამზიჩის წინააღმდეგ თამაშობდა. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ სხვა მოწინააღმდეგეები არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ უცხოელი მეკარე შეუდარებელი იყო. ამ ყველაფერმა თამაშის შედეგზე იქონია ზეგავლენა.”

“პირველი მატჩი იყო და მოგებით დაწყება გვინდოდა… როცა ეს მიზანი გამოძრავებს, გოლი უნდა გაიტანო. ჩვენ ეს ვერ შევძელით.”

“ბოლოს ვიტყვი, რომ მოედანს ხარვეზები ჰქონდა. შესაძლოა, ეს ჩვენი მოწინააღმდეგის ერთგვარი ხრიკიც იყო (იღიმის, ავტ.). საბოლოოდ, კარგი შეხვედრა გამოვიდა,” – განაცხადა იარაბეკმა.

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

8 წუთში მორჩენილი სიზმარი

“ხვალ დღესასწაული გვექნება!” ამ სიტყვებით დაიწყო წინასამატჩო პრესკონფერენცია თბილისის  “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სიტყვები… ეს იყო ის, რაც ნახევრად გადაწურულ იმედის ნაპერწკალს აღვივებდა და გვპირდებოდა, რომ მომავალ დღეს გასამართი შეხვედრა ზაგრების “დინამოსთან” იქნებოდა ტკბილი სიზმარი ქართული ფეხბურთისა და თითოეული გულშემატკივრის ცხოვრებაში.

ზემოთ ნათქვამს დაემატა უჩა ლობჟანიძის დამაჯერებლად წარმოთქმული ფრაზა: “მომდევნო ეტაპზე გასვლა სრულიად შესაძლებელია, ჩვენ ეს უნდა ვირწმუნოთ”… ტკბილი სიზმარის იმედის ნაპერწკალი კიდევ უფრო გაღვივდა…

დღე დასრულდა…

ალბათ, ღამით ბევრი, როგორც მე, ფიქრობდა სულ რამდენიმე საათში გასამართ შეხვედრაზე… “2:0? კი, დიდი უპირატესობაა… მაგრამ დღეს ხომ დავინახე, როგორი შემართულები იყვნენ ჩვენი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი?” ვეკითხებოდი ჩემს თავს, “ხომ დავინახე რა განწყობა იყო ჟურნალისტებში? მედიის კრიტიკოს წარმომადგენლებშიც კი!” უცებ ლამაზი სიზმრის იმედი უფრო გამიღვივდა და რაღაც სასიამოვნო ვიგრძენი. სწორედ ამ დროს გამახსენდა გულშემატკივრები: “დღეს, სულ ოციოდე კაცი რომ იდგა და შეძახილების წარმოთქმაში ვარჯიშობდა… უსმენდი და მთელს ტანში ჟრუანტელი გივლიდა…” ვეუბნებოდი გულში საკუთარ თავს. საოცარ ხასიათზე დავდექი, თითქოს, ის 2:0 სულ გადამავიწყდა, თითქოს, ჩემს ტვინში სცენარი დაიწერა, რომლის მიხედვითაც ხვალინდელი შეხვედრა განვითარდებოდა და იმ მატჩის შემდეგ ჩვენი მოთამაშეები ნამდვილი გმირები იქნებოდნენ. დიახ! როგორც ბევრს, იმ ღამეს მეც საბოლოოდ ვირწმუნე ტკბილი სიზმრის და სხვა სიზმრებში წავედი…

თენდება… “დინამო”… თვალს ვახელ… “დინამო”… ვიღებ ტელეფონს… ვუცქერ ჩვენი ბოლო იმედის ლოგოს… მეღიმება… “დინამო”… ვხსნი სოციალურ ქსელს და პირველივე სტატიაზე, რომელიც გაყიდული ბილეთების შესახებ შეიცავდა ინფორმაციას, გადავდივარ… კარგ ხასიათზე ვდგები და უკვე წარმოვიდგენ მეტ-ნაკლებად შევსილ, მაგრამ მაინც ხალხმრავალ “დინამო არენას”, რომლის ტრიბუნებიდანაც ლამაზი სიზმრის იმედით აღვსილი გულშემატკივრები ბოლო ხმაზე ყვირიან ჩვენი გუნდის სახელს… “საოცარია! წინ, “დინამო”!” –  გავიფიქრე გულში.

უკვე დღე დაიწყო და მოუთმენლად ველი ერთ წამს – სასტვენის ხმას, რომელიც მატჩის დაწყებას გვანიშნებს. მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი გამამხნევებელი, სამოტივაციო და ცხელი გულით დაწერილი პოსტი ვნახე, რომლებსაც ჩემი განწყობა პოზიტივის პიკისკენ მიჰყავდა. იყო, ძალიან ცოტა უიმედო და, მეტიც, ბოროტულად, ბოღმიანად დაწერილი პოსტები, რომლებმაც ვერაფერი უქნა ჩემს ხასიათს; დარწმუნებული ვარ, ვერც სხვა ნამდვილი ფანების ხასიათს!

შეხვედრა ახლოვდება… უკვე შვიდის ნახევარია… სულ ცოტაც… და სიზმარიც დაიწყება! არც ერთ შემთხვევაში! არა! ეს არ უნდა იყოს კოშმარი! რომ მოვიგოთ, ევროპის ლიგის ჯგუფური ხომ ჯიბეში გვაქვს! წინ, ჩვენო გუნდო! წინ, იმედო! გავიფიქრე, დავხურე ლეპტოპი, მოვემზადე, სამუშაოდ საჭირო ტექნიკა ორ ჩანთაში მოვათავსე, აკრედიტაციები ავიღე და ჩემს მეგობართან ერთად “დინამო არენისკენ” გავემართე… მართლა გავემართე! ამაყად გავემართე! თავაწეული გავემართე! იმედის ნაპერწკალითურთ! თუმცა, რაღა ნაპერწკალი? ჩემს გულში იმედის ცეცხლი გიზგიზებდა! ლამაზი სიზმრის იმედის… წინ, “დინამო”!

შეხვედრის დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე მივედი სტადიონზე. “დინამო არენის” მისადგომები უკვე ხალხით იყო გადაჭედილი. “ამ ადმიანებსაც ის აქვთ გულში, რაც მე,” – გავიფიქრე და გამეღიმა. სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვხტი, აკრედიტაციები ჩამოვიკიდე, მეგობარს, რომელიც ტრიბუნებზე დასაჯდომად მიდიოდა, დავემშვიდობე და გამარჯვება ვუსურვე.  მე კი ამაყად გავემართე იმ კარისკენ, საიდანაც მედია უნდა შესულიყო პრეს-ლოჟაში. შევედი, ავედი კიბეებზე და მარცხნივ, სამუშაოდ განკუთვნილი მაგიდებისკენ უნდა წავსულიყავი, მაგრამ… შევყოვნდი… “ტრიბუნები, მოედანი, რომელიც ხელის გულივით, მოსჩანს…” – გავიფიქრე… “სწორედ აქ უნდა მოვახერხოთ დღეს ოცნების ახდენა!” უცებ გაშტერებული თვალები შევატრიალე პრეს-ლოჟისკენ და დავინახე ჩემი მეგობარი, Fanebi.Com-ის რედაქტორი, დიტო ჭიჭინაძე, რომელიც უკვე კომფორტულად მოკალათებულიყო მაღლა მდგომ მაგიდასთან. ავედი, მივესალმე მას და ნაცნობ კოლეგებს და მეც დავჯექი, გავშალე ლეპტოპი; თამაშზე დავიწყეთ საუბარი. “მასაც სწორედ ის სჭირს, რაც მე,” – გავიფიქრე – “მისი გულიც ლამაზი სიზრმის იმედითაა სავსე”… მესიამოვნა… “მასაც და ყველასაც!” ნელ-ნელა ტრიბუნები შეივსო, ჩვენც გავიგეთ სასტარტო შემადგენლობები, რომლის შესახებ სტატია ოპერატიულად განვათავსეთ საიტზე.

ჰოდა, ასე…

იწყება…

ფეხბურთელები მოედნაზე გამოვიდნენ… მთელი სტადიონი შეძახილებით, ტაშით, ზოგი დადუმებული, მაგრამ ანთებული თვალებით შეეგება მათ… “მიდით, რა, მიდით,” – ყველა ამას ფიქრობდა, დაახლოებით. სპორტსმენები და მსაჯთა ბრიგადა ერთმანეთს მიესალმნენ…

ჰოდა, ასეთქო…

დაიწყო… იმედია, ტკბილი სიზმარი და არა კოშმარი…

სასტარტო სასტვენზე ერთი კიდევ იქუხა სტადიონმა, შემდეგ კი ყველამ გულისყურით, წყნარად დაიწყო შეხვედრის ყურება… მატჩის დეტალურ მიმოხილვას აღარ დავიწყებ, ყველამ კარგად ვიცით რა მოხდა… მხოლოდ, მნიშვნელოვან დეტალებზე გავამახვილებ ყურადღეაბს…

გამოდმინარე იქედან, რომ მინიმუმ 2 გოლი გვქონდა გასატანი, ჩვენ შევუტიეთ. მიუხედავად ამისა, პირველად მეტოქე სუდანიმ დაგვირტყა. მახოსვს პირველი გასროლა თბილისური გუნდის მხრიდანაც. იმ მომენტში ჭანტურიშვილმა დაარტყა და თითქმის წყნარი სტადიონი, უცებ იქცა გააფთრებულ ბრბოდ, რომელიც სკამებიდან წამოხტა და თავში ხელი წაიშინა… წაიშინა, იმიტომ რომ ქართველმა მოთამაშემ საწადელს ვერ მიაღწია… ნეტავ მარტო ეს მომეტი ყოფილიყო ჩვენთვის თავში ხელის წასაშენი… ან, ნეტავ მხოლოდ ჩვენი ფეხბურთელების აცილებულ ბურთებს დავემწუხრებინეთ.. ნეტავ… ჰოდა, ეს “ნეტავ” არ გამართლდა და შეხვედრის მერვე წუთზე ჯარიმა დაინიშნა თბილისური კლუბის საჯარიმოს მისადგომებთან… ბევრმა, არაფრად ჩააგდო ეს სტანდარტი… დღეს, “დინამოს” ხომ უნდა გავეხარებინეთ? დაარტყამდა, სახიფათო იყო, მაგრამ ან ააცილებდა ან კედელს მოხვდებოდა, ან მეკარე…. მეკარეს უნდა აეღო… კი, უნდა აეღო… როგმა დაარტყა… გაიტანა… სად იდგა სკრიბე? რაც არ უნდა სასაცილო იყოს, ლამის, საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული სტანდარტის დროს, მეკარე თითქმის ცოცხალი კედლის უკან იდგა! ჰო, ჰო, სასაცილოა, სატირალი უფრო…

როგმა დაარტყა, გაიტანა და უცებ… სიჩუმე, წყვდიადი, თურმე ეს სიზმარი მხოლოდ რვა წუთი გაგრძელდა…დანარჩენი, კოშარი იქნებოდა… ზაგრების “დინამომ” გაიტანა და დაგვადუმა… იმედის აგიზგიზებული ცეცხლი, კი არ გაანელა, ერთიანად მოსპო, ჩააქრო… მოანაგავა ტკბილი სიზმრის იმედი… გაგვაჩუმა… ისე გაგვაჩუმა, რომ იმ მომენტში ადამიანებს ერთმანეთისთვისაც კი სათქმელი არაფერი გვქონდა…

საშინლად ვიგრძენი თავი… იმ მომენტში რაც გავიფიქრე, ნეტავ შემეძლოს, ავდგე და წავიდეთქო… წავიდე და აქედან რომ გავალ ყველაფერი დამავიწყდესთქო… იქნებოდა ეს ღალატი საკუთარი გუნდისთვის? არა, ეს იქნებოდა საფუძვლიანად იმედგაცრუვებული რიგითი გულშემატკივირის ქცევა, რომელსაც უბრალოდ მობეზრდა… მაგრამ იმედი ბოლოსაც არ კვდებაო და მეტ-ნაკლები შემართებით განვაგრძე თამაშის ყურება და მისი მიმოხილვის წერა… მატჩის დანარჩენი დროიდან ერთადერთი, რაც კარგად დამამახსოვრდა და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, იყო “დინამოს” ფანკლუბი, რომელიც გაუჩერებლად, შეუსვენებლად, დიდი იმედით გაჰყვიროდა შეძახილებს.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში დავმარცხდით 3:0. შეხვედრა დასრულდა და მეც “შერეული ზონისკენ” გავემართე. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს ის ადგილია, სადაც მოთამაშეები შხაპის მიღების შემდეგ გამოდიან და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობენ. მივედი აღნიშნულ ადგილზე, თან ვფიქრობდი, რა უნდა მეკითხა იმ ადამიანებისთვის, რომელბსაც შეეძლოთ, გმირები გამხდარიყვნენ და უშანსოდ დამარცხდნენ… ვფიქრობდი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე… “შერეულ ზონაში” მივედი და იქ სულ სამიოდე ჟურნალისტი იდგა. ალბათ, ფაქტობრივად, მედიის ათობით წარმომადგენლიდან, არავის ჰქონდა სპორტსმენებთან საუბრის სურვილი. სამაგიეროდ, საპრესკონფერენციო დარბაზი რომ გამოვიარე, ის იყო სავსე.

მოკლედ, დიდხანს ველოდეთ “დინამოელებს”. პირველი, ალექსანდრე ამისულაშვილი გამოვიდა… დიდი იმედგაცრუება ეწერა სახეზე…არ უნდოდა გაჩერება სასაუბროდ, თუმცა ომახიანად და ოდნავ მომღიმარი (გასამხნევებლად) სახით შევძახეთ: “ამი, ამი, ორიოდე სიტყვა და წადი…” გუნდის კაპიტანმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა, ბოლოს ისიც თქვა, რომ პოლიტიკოსივით დაპირებებს ვერ გასცემდა იმის შესახებ, თუ რა იქნებოდა ევროპის ლიგის ფლეი-ოფში და წავიდა. ასევე, დვალიშვილი და ჭანტურიშვილი გვესაუბრა… მათაც იმავე სტილში ილაპარაკეს და წავიდნენ…

ჰოდა, წავიდა ტკბილი სიზმრის იმედიც… თუმცა, ის უკვე მერვე წუთზე წასული იყო… დასრულებული იყო… დანარჩენი კოშმარი გამოდგა, წინა დღის შემართება და იმედები კი – ამაო და არარეალური…

იმედია, ტკბილ სიზმარს ფლეი-ოფში ვიხილავთ… იმედია, იმედია!

 

თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები. თავისი მატჩი ჩაატარა თბილისის “დინამომ”, რომელიც საქართველოს დედაქალაქში ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ წინა თამაში ჩვენებს ხორვატიაში 0:2 ჰქონდათ წაგებული.

შეხვედრა მასპინძლებმა დაიწყეს. “დინამოელები” სწრაფად გადავიდნენ შეტევაზე. მიუხედავად ამისა, პირველი დარტყმა ზაგრებელებმა განახორციელეს. სკრიბეს კარს საფრთხე სუდანიმ შეუქმნა მე-2 წუთზე. ამის შემდეგ, ძირითადად, ცენტრში წარიმართა ბრძოლა. პირველი დარტყმა თბილისელებმა მეხუთე წუთზე განახორციელეს. კარში, სპიჩიჩის პასის შემდეგ, ჭანტურიშვილმა გაისროლა, მაგრამ ამაოდ.

მეშვიდე წუთზე პარუნაშვილმა საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს მეტოქე წააქცია, ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც საკმაოდ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა თბილისის “დინამოს” კარში. აღნიშნული სტანდარტი როგმა შეასრულა და მან გოლი მეკარისგან ახლო კუთხეში გაიტანა. ჩვენი გუნდი საშინელ დღეში ჩავარდა. მათ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 4 გოლი სჭირდებოდათ.

“დინამომ” შეუტია და რეალური მომენტიც შეექმნა. კარში ახლოდან თავით რენე ფერეირამ დაარტყა, თუმცა ედუარდომ საოცრად ითამაშა და სასწაული ბურთი მოიგერია. ამას მოჰყვა მე-15-ზე პაპუნაშვილის საჯარიმო დარტყმა, ესეც უშედეგოდ.

ჩვენები აგრესიულად უტევნდენ. ხშირად მეტოქეს თამაშის წესის დარღვევაუწევდა ჩვენს შესაჩერებლად. მაგალითად, 24-ე წუთზე სტოიანვიჩმა პაპუნაშვილი წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის 37-ე წუთზე საშინალი წვიმა დაიწყო. ამან თბილისელებს კიდევ უფრო შეუშალა ხელი გოლის გატანაში.

29-ზე დვალიშვილი წააქციეს და სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. იგი თბილისელთა ათიანმა, პაპუნაშვილმა შეასრულა. მას შედეგი არ მოჰყოლია – ბურთი ცოცხალ კედელს მოხვდა. 34-ეზე ისევ პაპუნაშვილს ეუხეშნენ და ისევ სახიფათო სტანდარტი… ეშმაკურად გათამაშებულ საჯარიმოს შემდეგ, ამისულაშვილმა დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოს საგრძნობლად ააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს რენე ფერეირამ ყვითელი ბარათი მიიღო.

შეხვედრის პირველი ნახევრის ბოლოს ხორვატები გააქტიურდნენ. სტოინოვიჩმა, შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ, კარში დაარტყა, მაგრამ სკრიბემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. აღნიშნული სტანდარტიდან მოწოდებული ბურთი მეტოქეთა ფეხბურთელმა კარში გაუშვა და სკრიბეს მისი გამოტანა კარის ხაზიდან მოუწია.

მეორე ტაიმში ისევ ქართველები აქტიურობდნენ. შეცვლაზე შემოსულმა კიტეიშვილმა  52-ე წუთზე ძლიერად დაარტყა შორიდან, მაგრამ უშედეგოდ. 56-ე წუთზე სუდანმა ამ დარტყმას უპასუხა, თუმცა მან ანგარიშის გარზდა ვერ შეძლო. მე-60 წუთზე ისევ თბილისელებმა შეუტიეს და ჭანტურიშვილმა გაიშინა, თუმცა, ისევ და ისევ, უშედეგოდ. 64-ე წუთზე სწორედ ამ მოთამაშემ მიიღო გაფრთხილება – მაშინ, როცა სტუმრები სტანდარტს ასრულებდნენ, ცოცხალ კედელში მდგომმა ჭანტურიშვილმა არასწორად ითამაშა.

თბილისის “დინამო” აბსოლუტურ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდა. 73-ეზე ისევ უშედეგო დარტყმა – ამჯერად დვალიშვილი ცდილობდა ედუარდოს კარის აღებას.

საბოლოოდ, შეხვედრაში გოლი აღარ გასულა და თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა. ქართველები, ავტომატურად გადავიდნენ ევროპის ლიგის პლეი-ოფში.

თბილისის “დინამო” – ზაგრების “დინამო” 

                  გოლები: როგი ( მე-8 წთ),

თბილისის “დინამო”: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, შპიჩიჩი (კიტეიშვილი, 46 წთ.), ჭანტურიშვილი, პაპუნაშვილი (ალვარო, 72 წთ), პარუნაშვილი, ჯიღაური, კურიე (გელაშვილი, 46 წთ.), დვალიშვილი.

ზაგრების “დინამო”: ედუარდო, სუდანი, ჟონასი (ჩორიჩი, 77 წთ.), ანტოლიჩი, ფერნანდესი, სოსა (მატელი, 53 წთ.), სიგალი, შილდენფელდი, ბენკოვიჩი, როგი, სტოიანოვიჩი.

 

გაფრთხილებები: ლობჟანიძე (45+1 წთ.), პარუნაშვილი (7 წთ.), რენე (39 წთ.), სპიჩიჩი (45+1 წთ.), ჭანტურიშვილი (64 წთ.), დვალიშვილი (78 წთ.),  სუდანი (45+1წთ.), ჟონასი (34 წთ.), სოსა (25 წთ.), ბენკოვიჩი (66 წთ.),

 

იარაბეკი: “ხვალ დღესასწაული გვექნება”

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ზაგრების “დინამოსთან” გასამართი შეხვედრის წინა დღეს ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ვფიქრობ, რომ ხვალ დღესასწაული გვექნება, რადგან ამის კარგი შანსი გვაქვს. მეტოქეს ინდივიდუალურად კარგი მოთამაშეები ჰყავს. წინა მატჩი კარგად ჩავატარეთ, თუმცა 3-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გავუშვით. რა თქმა უნდა, ორბურთიანი სხვაობა ცუდია, მაგრამ შევეცდებით, გარგად ვითამაშოთ. ასევე, გულშემატკივრების დიდი იმედი გვაქვს.

გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს, ამიტომ ის ხვალ თამაშს ვერ შეძლებს. შემიძლია, გითხრათ, რომ ის ვენის “რაპიდში” სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.

პირველ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანიგოლის არგაშვება იყო, რაც არ გამოგვივიდა. ხვალ იმაზე მეტად აქტიურები ვიქნებით, ვიდრე ზაგრებში ვიყავით, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.

ზაგრების “დინამოს” მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა ჩვენ მათთან სათამაშოდ მზად ვართ. მთავარია, რომ ჩვენ აგრესიულად ვითამაშოთ.

ამ ეტაპზე, ჩვენი მაქსიმუმი ხვალინდელ მატჩში გამარჯვებაა. თუ ეს არ გამოგვივა, შევეცდებით, წარმატებას ევროპის ლიგის ფლეი-ოფში მივაღწიოთ.”

იურაი იარაბეკის მატჩისშემდგომი კომენტარი

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა “ალაშკერტის” ბარიერის გადალახვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“”ალაშკერტს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. ისინი სომხეთის ჩემპიონები არიან. მიუხედავად იმისა, რომ პირველი შეხვედრა მოვიგეთ დამაჯერებლად, ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, ჯერ არაფერი იყო დამთავრებული. ისინი უნდა გასულიყვნენ მოედანზე, შეეტიათ და ებრძოლათ გასატანად,როგორც ეს პირველ შეხვედრაში გააკეთეს. ჩვენ მოვახერხეთ მეტოქის კარის აღება.

“შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ არ უნდა გაჩერებულიყვნენ და კონცენტრაცია არ დაეკარგათ. სამწუხაროდ, ერთი გოლი გავუშვით, თუმცა საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს!”

წყარო: Armfotball.Com