კვირკველიას “ლოკომოტივი” “უფასთან” დამარცხდა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” სტუმრად ეწვია “უფას” და 1-0 დამარცხდა. მინდორზე 90 წუთი გაატარა კვირკველიამ და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. “ლოკომოტივს” ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ამ გამარჯვების შემთხვევაში “ზენიტისთვის” გადაესწრო და პირველ ადგილზე გადასულიყო.

თავის მხრივ დღეს რუსეთში მეორე ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშა მე-13 ტურის შეხვედრაში. “არსენალ ტულას” სათადარიგოთა შორის იყო გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, სტუმრად მისმა გუნდმა “ზენიტი” დაამარცხა.

კვირკველიას “ლოკომოტივი” მეორე ადგილზეა, გრიგალავას “ტულა” კი მეცხრეზე.

ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” “ლოკომოტივი” მიწასთან გაასწორა

დღეს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ბოლო შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა: “საბურთალომ” “ლოკომოტივი” მიიღო.

მატჩი მოულოდნელად დაიწყო და ამავე სცენარით განვითარდა. მეცხრე წუთზე ვოლკოვმა ანგარიში გახსნა და ექვს წუთში დუბლიც შეასრულა. “ლოკოს” მესამე გოლი ლამაზი დარტყმით მეოცეზე ხარაიშვილმა შეუგდო. 29-ე წუთზე ვოლკოვმა ჰეთრიკი შეასრულა. სულ მალე “საბურთალომ” მეხუთე გოლი გაიტანა: 39-ეზე შინდაგორიძე გამოირჩა.

მეორე ნახევარში, 54-ეზე შინდაგორიძემ დუბლი შეასრულა.

საბოლოოდ, მატჩი გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 29 ქულით მეექვსეზეა, “ლოკომოტივი” ოცდაათით – მეოთხეზე.

ბერიკა შუკაკიძე: “ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, სხვა ეტაპების – გმირობა”

ეროვნულ ლიგაში პირველი წრე უკვე დამთავრდა. შარშანდელი სეზონის ვიცე-ჩემპიონი, საჩხერის “ჩიხურა” არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია. იმერული კლუბი მარტის დასაწყისში ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო. ამჟამად კი, სოსო ფრუიძის შეგირდები 13 ქულით მეექვსე პოზიციაზე არიან. მათ ცხრა მატჩიდან ხუთში გამარჯევბის მოპოვება ვერ მოახერხეს. ბოლო დაპირისპირებაში, “ლოკომოტივთან”, ანგარიშით, 0:5 განადგურდნენ. “ჩიხურამ” ივლისში ევროსარბიელზე საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა საჩხერული კლუბის გენერალურ დირექტორს, ბერიკა შუკაკიძეს და განვითარებულ მოვლენებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.

– “ჩიხურა” “ეროვნული ლიგის” ბოლო ტურში “ლოკომოტივთან” განადგურდა. არა და, ამ მატჩის წინ გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რომ გეკითხათ, მათი მიზანი მხოლოდ სამი ქულა იყო. თქვენი აზრით, რამ შეუშალათ ხელი მოთამაშეებსა და მწვრთნელებს წარმატების მიღწევაში?

– მიზეზებს კონკრეტულად გეტყვით: მეორე გოლამდე სათამაშო უპირატესობის გოლად ვერგარდასახვამ, ამის შემდეგ, დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა და “ლოკომოტივის” კარგმა თამაშმა.

– იმერული კლუბი 13 ქულით მეექვსე ადგილზეა. “ლოკომოტივთან” მარცხი რომ დავივიწყოთ და ისე შევაფასოთ ამ სეზონში “ჩიხურას” გამოსვლა, დავინახავთ, რომ გუნდმა პრინციპულ მეტოქეებთან, “დინამოსთან” და “ტორპედოსთან” ერთი ქულაც კი ვერ აიღო. ქულების მოგროვებას კლუბი მხოლოდ სუსტ კლუბენთან ახერხებს (თუ არ ჩავთვლით ერთადერთს – “სამტრედიას”, რომელსაც ცუდი პერიოდი უდგას). რას უნდა დავაბრალოთ “ჩიხურას” რეგრესი და ცხრილში ნელ-ნელა უკან სვლა?

– პირველ რიგში, ჩემპიონატის ახალ ფორმატთან შეგუებას. ასევე, ამის მიზეზია თასზე გამოსვლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ევროპა ლიგის მოლოდინი (რომლის დროსაც უნდა იყოს გუნდი სათამაშო პიკზე). ასევე, წარუმატებლოების ერთ-ერთი ფაქტორია გუნდის წამყვანი ფეხბურთელების ტრამვები.

– უსტადიონობა… ეს პრობლემა, სხვა ქართულ კლუბებთან ერთად, თქვენც გაგიჩნდათ. რა მდგომარეობაშია “ივანწმინდა არენა” და დაახლოებით მაინც, როდის შეგეძლებათ საკუთარ კედლებში დაბრუნება?

– მაისის ბოლომდე ალბათ ვერ მოვახერხებთ. ბალახი შევთესეთ, მაგრამ კლიმატური პირობების გამო, მოედანი ჯერ არ არის სათანადო მდგომარეობაში.

– როგორ ფიქრობთ, ახდენს უსტადიონობა და, შესაბამისად, მუდმივი მგზავრობა უარყოფით გავლენას ბიჭების ფიზიკურ კონდინციებზე?

– ბუნებრივია. “ჩიხურა” სტაბილურია, როცა მთელი გუნდი საჩხერეში იმყოფება.

– სოსო ფრუიძე 2008 წლის ივლისიდან უდგას იმერულ კლუბს სათავეში. ეს ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდის მანძილზე “ჩიხურა” პროგრესს განიცდიდა და შარშან ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. ამ სეზონში კი გუნდი ისეთი ვეღარ არის, როგორც წინათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ფრუიძე ნელ-ნელა უკვე წურავს საკუთარ შესაძლებლობებს და წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტორიც სწორედ ესაა?

– ოთხწრიან ჩემპიონატში, პირველ წრეში არასტაბილური სტარტი პანიკის საბაბი არ უნდა გახდეს! რვა წლის ამაგი სამი თვის დროებითი არასტაბილურობის გამო, წყალში ჩაუყარო ადამიანს, დანაშაულია!

– საჩხერული გუნდი მოახლოებულ ზაფხულში ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ამ გადმოსახედიდან, რა იქნება თქვენი მიზანი?

– ერთი ეტაპის გადალახვა ლოგიკური იქნება, ამის მერე სხვა ეტაპების – გმირობა.

– ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად, თვლით თუ არა, რომ არის საჭირო გაძლიერება? თუ – კი, არის თუ არა ამის რესურსი კლუბში?

– სამწუხაროდ, ქართულ ფეხბურთში დღეს თითქმის ყველა პოზიციაზე ოსტატი ფეხბურთელების დეფიციტია. უცხოეთიდან კი საქართველოში მაღალი კლასის მოთამაშის ჩამოყვანის ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს.

– რა იქნება თქვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში?

– ტიტული არის უპირობო მოთხოვნა. ამ პირობის შესრულების ხარისხი გახდება ახალი კონტრაქტების საფუძველი.

 – და ბოლოს… რას ეტყვით ცოტათი იმედგაცრუებულ გულშემატკივარს?

– წარმტება აუცილებლად მოვა! მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მწვრთნელების!