ჩივაძე: “თუ ხვალ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ”

ხვალ, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს, შვედებმა „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრებმა კი, მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართა.
ნაშუადღევს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.
ალექსანდრე ჩივაძე: „ესპანეთთან თამაში ყველამ ნახეთ ალბათ და ამაზე ბევრს ვერ ვისაუბრებ. გვიან შევიკრიბეთ, ბოლო მომენტამდე ვერ ვასახელებდი შემადგენლობას, რადგან შესაძლებელი იყო ვინმე ტრავმის გამო გამოგვკლებოდა. გიორგი აბურჯანია ვერ თამაშობდა ყვითელი ბარათების გამო; სავიზო პრობლემების გამო ვერ ჩამოვიდა ლევან შენგელია… ტრავმების გამო ვერ გამოვიძახეთ გიორგი თევზაძე და მათე კვირკვია. ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე, როგორც იცით, ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ასე რომ, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები საკმაოდ გვაკლდა.
მართალია, ახალგაზრდული ნაკრების პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში, ცინცაძე და კაკაბაძე ახალგაზრდულ ნაკრებს უფრო გამოადგებოდნენ.
ესპანეთთან ასეთი მარცხი ჩვენმა ინდივიდუალურმა შეცდომებმა გამოიწვია… მათი გუნდი უძლიერესი ინდივიდუალისტებითაა დაკომპლექტებული. რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, ეს ძალიან ორგანიზებული გუნდია.
თუ ხვალინდელ მატჩში ჩვენ გავიმარჯვებთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსს შევინარჩუნებთ.“

საქართველოსა და შვედეთის 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი ხვალ 14:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხი არ ისურვა

ესპანეთთან ანგარიშით 2:5 წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხს მხოლოდ შეხვედრის მცირე კომენტარით შეჯამება ამჯობინა.

„გუშინაც ვთქვი, რომ თანამედროვე ფეხბურთში, თუ ფიზიკურად მზად არ ხარ, სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე საუბარი ზედმეტია. დღეს ფიზიურ კონდიციებსა და ოსტატობას შორის განსხვავება ვნახეთ. სამწუხაროდ, ბავშვური შეცდომები დავუშვით. იმდენად ცუდად ვითამაშეთ, რომ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა დამწუხრებულმა ჩივაძემ.

ევრო 2017 – 21-წლამდელთა მეტოქეები და შანსები

5 თებერვალს ნიონში გამართული წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩეპმიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 ჯგუფში მოხვდა და ურთიერთობას ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთის და სან მარინოს გუნდებთან გაარკვევს. იმავე დღეს ცნობილი გახდა საკვალიფიკაციო ეტაპის კალენდარიც. ცნობილი ისიც არის, რომ ნაკრებს კვლავ ალექსანდრე ჩივაძე უთავკაცებს, რასაც აზრდა სხვადასხვაობა მოჰყვა. ჩივაძეს გასულ შესარჩევ ციკლში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავდა… იყო კარგად ჩატარებული მატჩები და დასამახსოვრებელი გამარჯვებები, თუმცა ასევე იყო ფრედ დასრულებული და ტექნიკურ მარცხად გადაკეთებული მატჩი ლუქსემბურგთან, იყო 0-6 ჰოლანდიასთან და საბოლოოდ 5 გუნდში დაკავებული მე-4 ადგილი. არადა ამ ჯგუფში მეტის გაკეთება სავსებით რეალური და აუცილებელიც იყო… ამიტომ, მომავალ ციკლში ჩივაძეს როგროც მწვრთელს გაცილებით მეტი მოეთხოვება.

პოლონეთში გასამართი ევრო 2017 განახლებული ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 გუდის ნაცვლად 12 მიიღებს. ტურნირის საგზური 9 საკვალიფიკაციო ჯგუფის გამარჯვებულ გუნდებს პირდაპირ ერგებათ. ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი დარჩენილ 2 საგზურს პლეი-ოფში გაითამაშებს. ბუნებრივია, რომ მასპინძელი პოლონეთი გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იწყებს.

წილისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული ჯგუფი შეხვდა, რაზეც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა. გამოკვეთილი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც ასაკობრივ დონეზე ყოველთვის გამორჩეული გუნდია. ესპანელმა 21-წლამდელებმა ეს მოსაზრება გასულ შესარჩევი ციკლის ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს და საკუთარი ჯგუფი დიდი უპირატესობით მოიგეს. თუმცა, მითი მათი დაუმარცხებლობის შესახებ პლეი-ოფში დაიმსხვრა, როცა ესპანელებმა სერბებთან წააგეს და ფინალური ეტაპის საგზური ვერ მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ “ფურია როხას” ახალგაზრდულმა თაობამ გადამწყვეტი მატჩი საკუთარ კედლებში დათმო. თუმცა, ესპანელების მომავალი თაობა საკმაოდ ძლიერია და წინა ფორმაციის ნაკრების მარცხით ჩვენს შანსებზე ბუნებრივია ვერ ვიმსჯელებთ. ისევე რგორც შვედების 21-წლამდელთა წარმატების საფუძველზე ვერ ვიტყვით, რომ მათ წინააღმდეგ უშანსოდ ვართ. თუმცა, ის ფაქტი, რომ სკანდინავიელებმა საფრანგეთს შანსი არ დაუტოვეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ შვედეთში ახლაგაზრდული ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნავენ, რასაც შვედების 19 და 20 წლამდელთა ნაკრებების შედეგებიც ადასტურებს. ნათელია, რომ პირველი ორი პოზიციის მთავარი პრეტენდენები სწორედ ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებები იქნებიან.

ჩამოსაწერი არც ხორვატიის გუნდია, რომელიც ნებისმიერ ასაკში ბრძოლისუნარიანობით და ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა. ხორვატემბა გასული საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ფაზა წარმატებით დაძლიეს, პლეი-ოფში კი ინგისთან დამარცხდნენ. მათი 19-წლამდელები კი 2013/14 წლებში ჩატარებულ ოფიციალურ 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ხორვატიაში სტუმრად თამაში ტრადიციულად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

დაახლოებით თანაბარ მეტოქედ შეიძლება განიხილოს ესტონეთის გუნდი, რომელთანაც ნებისმიერ შემთხვევაში პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც 6 ქულის მოპოვება უნდა იყოს. ისევე როგორც სან-მარინოს გუნდთან, რომელთანაც გასულ შესარჩევში ლუქსემბურგთან მომხდარი ფაქტის განმეორება უბრალოდ უნდა გამოირიცხოს და ამ შემთხვევაშიც ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.

ალექსანდრე ჩივაძე: „ცხრა ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია“

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დასრულებისა და სათამაშო კალენდრის დადგენის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ალექსანდრე ჩივაძემ.

„ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. მითუმეტეს, ესპანეთს, რომელსაც ყველა ასაკში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ცხრა ჯგუფს შორის, ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია.

კალენდრით კმაყოფილი ვარ. როცა მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან და ყველაფერი შეთანხმებულად გავაკეთეთ.

რა თქმა უნდა, მუშაობას დღეიდან შევუდგებით და მარტში უკვე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა. ბატონი ოთარ გაბელია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენთან ერთად იმუშავებს“ – განაცხადა ჩივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-6 ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან-მარინოს ნაკრები გუნდები იქნებიან. ევროშესარჩევის პირველ მატჩს კი, საქართველოს ნაკრები 3 ივნისს, სან-მარინოში ჩაატარებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ალექსანდრე ჩივაძე – 59

დინამოს ლეგენდარული კაპიტანი– ალექსანდრე ჩივაძეიუბილარია. დღეს ბატონი საშა 59 წლის გახდა. დინამოს რიგებში ალექსანდრე ჩივაძე 1974 წლიდან 1987 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 425 შეხვედრაში 61 გოლი გაიტანა. არის სსრკ– ს 1978 წლის ჩემპიონი. სამგზის პრიზიორი (1976 შ.გ. 1981). ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა რვაჯერ. სსრკ– ს ნაკრების კაპიტანი, 52 ჩატარებული მატჩი და გატანილი 3 გოლი. ფიფას ორდენის კავალერი.

დინამოელები ვულოცავთ ალექსანდრე ჩივაძეს იუბილეს. ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებებს.

FCDinamo.GE

ალექსანდრე ჩივაძე: „მიხარია ახალგაზრდა ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში დაწინაურება“

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე გადასვლისთანავე, ნაკრების თავკაცმა – ალექსანდრე ჩივაძემ პრესკონფერენცია გამართა. მედიის წარმომადგენლებმა თავი სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მოიყარეს, სადაც 21-წლამდელები იცხოვრებენ მომდევნო ორი დღის განმავლობაში.

ალექსანდრე ჩივაძე: „ჯგუფში ორი თამაში დაგვრჩა. ზეგ – ლუქსემბურგთან და სექტემბერში გასვლა ჰოლანდიასთან. სამწუხაროა, რომ დასანანი ქულები დავკარგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსი ვერ შევინარჩუნეთ. ახლა, ჩვენი მიზანია მესამე ადგილზე დავრჩეთ. ამისთვის კი, დარჩენილ შეხვედრებში დადებითი შედეგების მოპოვებაა საჭირო.

რა თქმა უნდა, უპირველესად შედეგებზე და ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობდით, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაწინაურდნენ. ჩვენ კი, ამ ჯერზე 1994 წელს დაბადებული ბევრი ფეხბურთელი გამოვიძახეთ, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე უკვე დიდი გამოცდილება აქვთ. ასე რომ, ჩვენს სიაში შეგიძლიათ 10 ასეთი მოთამაშე ნახოთ.
გამოვიძახეთ გიორგი ილურიძე, თუმცა ტრავმის გამო ჩამოსვლა ვერ შეძლო, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრება შეუძლია. ჩამოვა ნიკა ძალამიძე; ნაკრებშია ნიკა ტარყაშვილი, რომელიც სტაბილურად თამაშობს ბელგიის ჩემპიონატში. გვინდოდა 95-წლიანების – პაპუნაშვილის, ჯიქიას, ცინცაძის გამოძახებაც, მაგრამ ამ დღეებში ვასიკო მაისურაძის 19-წლამდელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ თურქეთში და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ეს ბიჭები ამხანაგურ თამაშებს ითამაშებენ, რადგან სულ მალე ელიტრაუნდი ელოდებათ“.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 5 მარტს, 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე ევროშესარჩევის მატჩში ლუქსემბურგს უმასპინძლებს. მაყურებლებისთვის თამაშზე დასწრება უფასოა.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე გამგზავრების წინ მედიას შეხვდა

შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში ჩივაძის გუნდმა 2:1 მოიგო.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვერც ახლა ასცდა ფეხბურთელების ტრავმებს და შესაბამისად, გუნდი დანაკლისით მიემგზავრება.

ალექსანდრე ჩივაძე: „ხორვატიიდან ფედერაციაში წერილი მოგვივიდა, სადაც „სპლიტის“ ხელმძღვანელობა გვწერს, რომ გიორგი ილურიძე ტრავმირებულია და ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება. ამავე მიზეზით არ გვეყოლება არჩილ ტვილდიანი, აკაკი შულაია და ნიკა ძალამიძე. ძალიან გვაწუხებს ფეხბურთელთა უთამაშებლობის პრობლემაც. ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. აქვე, გეტყვით, რომ ჩვენთან ერთად იქნება ჯანო ანანიძეც.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ვფიქრობ, ძალიან მძიმე მატჩი გვექნება, რადგან მათ კარგი შემსრულებლები ჰყავთ და ისედაც, ცუდი გუნდი ნამდვილად არაა. ეს ძალიან პრინციპული ბრძოლა იქნება, რადგან ერთნაირ პოზიციებზე ვართ და შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მოვიგეთ და 18 ნოემბერს სლოვაკეთიც დავამარცხეთ, მაშინ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი საკმაოდ რეალურია. თუმცა, სერიოზულად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

იმედი მაქვს, 18 ნოემბერს, როცა გორში სლოვაკეთს ვუმასპინძლებთ, სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს. გორის სტადიონი მომწონს და მასზე არჩევანი ამიტომ შევაჩერეთ. თან, ამ დღეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც თამაშობს „მიხეილ მესხზე“ და შესაბამისად, ამანაც განაპირობა მატჩის გორში ჩატარება.“

შოტლანდიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი კი, გლაზგოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ – ზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე და მისი ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე გადავიდა

დღეს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ საწვრთნელი შეკრება დაიწყო საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი 10 და 14 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე ჰოლანდიასა და შოტლანდიას უმასპინძლებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ალექსანდრე ჩივაძემ კი, დაანონსებული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ალექსანდრე ჩივაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მატჩები გველის ახლაც და ნოემბერშიც, როცა ჯერ 14-ში შოტლანდიას ვესტუმრებით და მერე 18-ში სახლში მივიღებთ სლოვაკებს.

შემადგენლობაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა – ირაკლი ქობალიას ავადმყოფობის გამო, გიორგი ქვილითაია გამოვიძახეთ. რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ორი დღის წინ, მან თავისი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა. დღეს დავუკავშირდებით და თუ არანაირი პრობლემა არ ექნება, მასაც გამოვიძახებთ.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგ შემადგენლობას მოვუყარეთ თავი, სათამაშო პრაქტიკის უქონლობის მხრივ, რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პრობლემა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მონახაზი და გეგმა, რის მიხედვითაც ვითამაშებთ. მანამდე კი, ყველაფერი ვარჯიშზე გამოჩნდება და ამაზე ბევრს ვიმუშავებთ.

ახლა, მთლიანად ჰოლანდიაზე ვართ კონცენტრირებული. როცა შინ თამაშობ, დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ მოგებაა. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბევრ რამეს თამაშის მიმდინარეობა გვაჩვენებს.

რაც შეეხებათ ოქრიაშვილსა და ანანიძეს, როგორც იცით, შეთანხმება გვაქვს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან, რომ ჰოლანდიასთან თამაშის შემდეგ, ისინი ესპანეთში უნდა წავიდნენ, თუმცა, ვნახოთ… მათი წასვლის შემთხვევაში, გაფართოებული სიიდან ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ. მოკლედ, დღეს საღამოს, გუნდი უკვე სრული შემადგენლობით მეყოლება.“

აქვე, მეტი სიზუსტისთვის, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), ნიკოლოზ შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვირკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი)

ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), აკაკი შულაია („მერანი“, მარტვილი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური („ჩიხურა“, საჩხერე)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი)

რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქეს, ჰოლანდიის ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ხვალ ჩამოვა და პირველ ვარჯიშს საღამოს, „დინამოს“ ბაზაზე გამართავს. ვარჯიში დახურული იქნება. 9 ოქტომბერს კი, ჰოლანდიელები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს დღის 3 საათზე, „მიხეილ მესხზე“ გამართავენ, რომელიც მხოლოდ მედიის წარმომადგენლებისთვის გაიღება საწყისი 15 წუთი. ჩვენი სტუმრები მატჩისწინა პრესკონფერენციას არ გეგმავენ.

სფფ-ის პრესსამსახური