რაულის პროგნოზი ფინალურ მატჩზე

მადრდის “რეალის” ყოფილმა შემტევმა რაულმა განაცხადა, რომ დღევანდელ ფინალურ შეხვედრაში აშკარა ფავორიტი გერმანიის ნაკრებია. შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრების მეტოქე არგენტინის გუნდი იქნება.

“როგორც წესი, ფინალურ შეხვედრებში აშკარა ფავორიტები არ არსებობენ. მაგრამ, დღევანდელი მატჩი გამონაკლისია. გერმანია გამოკვეთილი ფავორიტია. მათ ძალიან ძლიერი დაცვა ყავთ. გუნდი ყველანაირად შეთამაშებული და განვითარებულია. ბრაზილიის განადგურების შემდეგ გერმანელები თამაშის რითმს არ დაკარგავენ” – განაცხადა რაულმა.

ფინალური მატჩის პრომო ვიდეო

მუნდიალი კულმინაციას აღწევს. რამდენიმე საათში ახალი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გახდება ცნობილი.

პრევიუ: გერმანია – არგენტინა

მსოფლიო ჩემპიონის ვინაობას გერმანელები და არგენტინელები გამოავლენენ. 

მსოფლიო ჩემპიონატების იტორიაში მესამედ გადამწყვეტ შეხვედრაში ურთიერთობას გერმანია და არგენტინა გაარკვევენ. 1986 წელს ტიტული არგენტინელებმა მოიპოვეს, ხოლო 1990-ში – გერმანიამ. ორივე გუნდისთვის ეს გამარჯვებები უკანასკნელი იყო მსოლიო ჩემპიონატებზე.

გერმანიის ნაკრები მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენის მთავარი შემოქმედი იყო. ნახევარფინალში ლიოვის შეგირდებმა მასპინძელ ბრაზილიას რეკორდული ანგარიშით, 7:1 სძლიეს. ასე რომ, ფსიქოლოგიური მზადყოფნის თვალსაზრისით გერმანელებს სოლიდური უპირატესობა აქვთ.

იოაჰიმ ლიოვმა უკანასკნელი ორი შეხვედრა ერთნაირი შემადგენლობით ჩაატარა. დიდი ალბათობით სასტარტო არც დღეს შეიცვლება.

ალეხანდრო საბელას შემადგენლობის შერჩევის მხრივ ვითარება უფრო რთულად აქვს. ტურნირის მსველობისას არგენტინელთა დამრიგებელმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა.

დღეს, მოედნის ცენტრში გერმანელთა შეტევების შესაჩერებლად საბელა მძლავრ სამკუთხედს, მასკერანოს, ბილიას და პერესს გამოიყენებს. ძირითადში ლავესის ნაცვლად მოსალოდნელია აგუეროს გამოჩენაც.

გერმანია – არგენტინა

სავარაუდო შემადგენლობები:

გერმანია: ნოიერი – ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰიოვედესი – ხედირა, შვაინშტაიგერი – მიულერი, კროოსი, ოზილი – კლოზე. 

არგენტინა: რომერო – საბალეტა, დემიჩელესი, გარაი, როხო – მასკერანო, ბილია, პერესი – მესი – აგუერო, იგუაინი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები ფინალურ მატჩზე:

Germany_Argentina_GEO_2

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის არბიტრის ვინაობა ცნობილია

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

42 წლის მსაჯისთვის აღნიშნულ ტურნირზე ეს რიგით მეოთხე მატჩი იქნება. მანამდე მან შემდეგი შეხვედრები განსაჯა: ესპანეთი — ჰოლანდია (1:5), ნიგერია — არგენტინა (2:3), არგენტინა — ბელგია (1:0).

რიცოლი მესამე იტალიელი არბიტრია, რომელიც მუნდიალის ფინალურ მატჩს განსჯის. 1978 წელს ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალს (1:3) სერჯიო გონელა მოემსახურა. 2002 წელს გერმანიისა და ბრაზილიის ეროვნულ გუნდთა შორის ფინალური დაპირისპირება (2:0) კი პიერლუიჯი კოლინამ განსაჯა.

ნიკოლა რიცოლი ფიფას მსაჯია 2007 წლიდან. 2011 წელს იტალიის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. 2013 წელს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა განსაჯა. პროფესიით ხუროთმოძღვარია.

გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართი ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

“ადიდასის” რეკლამა მუნდიალის ფინალისათვის

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა “ადიდასის” მიერ დამზადებული ვიდეო, რომელიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალს ეხება.

ვინ გახდება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე?

უკვე ცნობილია, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე რომელი მეკარეები იბრძოლებენ “ოქროს ხელთათმანის” მოსაგებად. კანდიდატებს შორის გერმანელი მანუელ ნოიერი, არგენტინელი სერხიო რომერო და კოსტა რიკელი კეილორ ნავასი მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ კოსტა რიკის ნაკრებმა მუნდიალის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო, კეილორ ნავასმა კი მართლაც მშვენივრად იასპარეზა. ნავასი ტურნირის მიმდინარეობისას მატჩის საუკეთესო მეკარედ სამჯერ დაასახელეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნოიერის შესაძლებლობების შესახებ თითქმის ყველამ იცის, მან გულშემატკივრების გაკვირვება მაინც შეძლო. გერმანელი კარის დარაჯი რამდენიმე მატჩის განმავლობაში მცველის პოზიციაზეც გვევლინებოდა.

რაც შეეხება სერხიო რომეროს, მან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პენალტების სერიაში, თერთმეტმეტრიანები სნეიდერსა და ვლაარს აუღო, რის შემდეგაც მისი გუნდი ფინალში გავიდა.

მოურინიო: “მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.

“ცხადია, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამის დასამტკიცებლად მას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სულაც არ სჭირდება. თუმცა, ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე არ არის”, – ამბობს მოურინიო.

ნეიმარი: “მესი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს”

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი აცხადებს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ 9 ივლისს, არგენტინამ მუნდიალის ნახევარფინალში ჰოლანდიის ნაკრები დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

“მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება დაიმსახურა. ის ჩემი მეგობარია და რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ”, – ამბობს ნეიმარი.

ვლაარის პენალტი, რომელიც სერხიო რომერომ მოგიერია, კინაღამ გოლად იქცა

9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა.

პირველად პენალტის დასარტყმელად მცველი რონ ვლაარი მივიდა. მისი დარტყმული ბურთი არგენტინელთა მეკარე სერხიო რომერომ მოიგერია:

ფიფამ არგენტინა დააჯარიმა

ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 300 ათასი შვეიცარული ფრანკით (247 050 ევრო) დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, „ალბისელესტემ“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტი დაარღვია. კერძოდ, საუბარია პრესასთან ურთიერთობის წესზე.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არგენტინელებმა მიჯრით მესამედ დაარღვიეს წესი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გუნდის მხრიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ესწრებოდა, როცა მასთან ერთად მინიმუმ კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა ნიგერიის (3:2), შვეიცარიის (დ.დ. 1:0) და ბელგიის (1:0) ნაკრებების წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ მოხდა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამდეც (0:0, პენ 4:2).

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს არგენტინის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

როგორ აღნიშნეს არგენტინაში ფინალში გასვლა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ზეიმობენ არგენტინელები არგენტინის ნაკრების მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას.

სერხიო რომეროს პენალტების სერიის დროს რჩევები ფურცელზე ეწერა

9 ივლისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში, არგენტინის ნაკრებმა ჰოლანდიის ნაკრებს პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლია.

ერთ-ერთი არგენტინული სატელევიზიო არხი ირწმუნება, რომ პენალტების სერიის დროს არგენტინელთა მეკარე სერხიო რომეროს ფურცელი თან ჰქონდა, სადაც კითხულობდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო.