კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელს, ლიონელ მესის 2013 წლის ბოლო პერიოდში ტრავმები აწუხებდა, მაგრამ ის ახლა თავს კარგად გრძნობს და მოედანზე ძველებურად თამაშს ცდილობს.
16 იანვარს, ესპანეთის თასზე, „ხეტაფესთან“ გამართულ შეხვედრაში, 26 წლის არგენტინელმა დუბლის გაფორმება მოახერხა. მისი ერთ-ერთი გოლი გამორჩეული კი იმით იყო, რომ მესიმ გზად რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ბურთი კარში ზუსტად გადაგზავნა.
2013 წლის „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთმა ფინალისტმა ფიფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
– 2013 წლის განმავლობაში, წარმატებულთან ერთად, წარუმატებელი პერიოდებიც გქონდათ. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, თუმცა ცუდი ისაა, რომ თქვენ ტრავმა გქონდათ, რის გამოც გარკვეული დროის განმავლობაში უქმობა მოგიწიათ…
– დიახ, ნამდვილად უცნაური წელი გამოდგა. ტრავმა რამდენჯერმე მივიღე, რის გამოც ხშირად უქმობა მიწევდა. შეიძლება, ითქვას, 2013 წლიდან, ყველაზე ცუდი, რაც მახსენდება ისაა, რომ ტრავმებს ვიღებდი.
– მწვრთნელები, რომებსაც თქვენთან უმუშავიათ, ყოველთვის ორ რამეს ამბობენ: თქვენ ძალიან ნიჭიერი ხართ და გძულთ ის პერიოდი, როდესაც თამაში არ გიწევთ. როგორ უძლებთ უქმობის პერიოდს?
– გულწრფელად გეტყვით, უთამაშებლად ყოფნა ძალიან რთულია. როდესაც ტრავმა მქონდა, უმეტესად არგენტინაში ვიმყოფებოდი. ჩემსა და ჩემს თანაგუნდელებს შორის მანძილი კი ძალიან დიდი იყო. თუმცა ოპტიმისტი ვარ და რა თქმა უნდა, ყველაფერში ვეძებ რაღაც დადებითს.
– თქვენ როსარიოში დაიბადეთ. ყველაზე მეტად რა გენატრებათ მშობლიური ქალაქიდან?
– ყველაფერი. ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. ტრავმის დროს, სამშობლოში გატარებული პერიოდი კარგად მახსენდება.
– ახერხებდით თუ არა მშობლიური ქალაქის ქუჩებში ისე გადაადგილებას, რომ თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი არ ყოფილიყო?
– (იღიმის) ისევე, როგორც ბარსელონაში… სიმართლე გითხრათ, ქუჩებში არ დავსეირნობდი, მხოლოდ მეგობრების და ნათესავების სახლში მივდიოდი.
– „ბარსელონას“ მატჩების ყურება ტელევიზორის საშუალებით გიხდებოდათ. ამ დროს, ჩვეულებრივზე უფრო მეტად ნერვიულობდით?
– რა თქმა უნდა, ამ დროს უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მოედანზე ყოფნისას.
– ცხადია, ძალიან ბევრ ადამიანს უნდა, რომ თქვენ 2014 წელს ტრავმა აღარ მიიღოთ, მითუმეტეს წელს, მსოფლიოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს…
– ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, თავს მშვენივრად ვგრძნობ და არა მგონია, ტრავმებმა შემაწუხონ.
– მსოფლიოს ჩემპიონატი ყველასათვის განსაკუთრებული ტურნირია, ხომ ასეა?
– რასაკვირველია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ ახლა მასზე ყველა ფიქრობს.
– არგენტინის ნაკრებში ბევრი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, ამავდროულად, არგენტინელები მსოფლიოს წამყვანი კლუბების ღირსებას იცავენ. ამრიგად, თქვენი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.
– დიახ, მართალია. ამ დროისათვის, კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ვფიქრობ, სამართლიანიცაა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებს შორის გვასახელებენ. შესაძლოა, შესარჩევ ეტაპზე ყველა მატჩი ისე ვერ ჩავატარეთ, როგორც საჭირო იყო, თუმცა ნამდვილად ძლიერი გუნდი გვყავს. ცხადია, ტურნირის მოგება რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით.
– მოდით, ბრაზილიის ნაკრებზეც ვისაუბროთ. ბრაზილიელების წინააღმდეგ არაერთხელ გითამაშიათ. მათთან გამართულ რომელ შეხვედრას გამოარჩევდით?
– 2005 წელს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიელები ანგარიშით 2:1 დავამარცხეთ. ამ მატჩში გოლის გატანა შევძელი, საბოლოოდ კი ტურნირი ჩვენ მოვიგეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ კარიერაში ერთ-ერთი პირველი ტიტული მოვიგე.
– რა ხდის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ რიგით მატჩს განსაკუთრებულს?
– მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართული ნებისმიერი მატჩი გამორჩეულია. სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქმნება. თუ ჩემპიონთა ლიგა დიდებულია, მსოფლიოს ჩემპიონატი განსაკუთრებულია.
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, არგენტინის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია-ჰერცოგოვინის, ირანისა და ნიგერიის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.
– ბევრმა თქვა, რომ ჩვენ ძალიან იოლ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ ძლიერები თამაშობენ. თუ ისინი ამ ტურნირზე მოხვდნენ, ეს დაიმსახურეს.
– ბოლოს, დაასრულეთ წინადადება: „2014 წელს, ლიონელ მესი იქნება…“
– არ ვიცი (იცინის). იმედი ვიქონიოთ, „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებისათვის წარმატებული წელი იქნება. ასევე, ყველა ფეხბურთელს წარმატებას ვუსურვებ.
დიტო ჭიჭინაძე