ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გუნდში რობენის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ევრო-2020-ისთვის გუნდში “გრონინგენის” ნახევარმცველ არიენ რობენის შესაძლო გამოძახებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ნიდერლანდებიოს ნაკრებში 37 წლის ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ ხმები განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ გახშირდა. გუშინ რობენმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, მატჩის შემდეგ კი ნაკრებში დაბრუნება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში არ გამორიცხა. სამაგიეროდ, ამას ნიდერლანდების ნაკრების თავკაცი გამორიცხავს.

“ძალიან მიხარია, რომ რობენი ისევ თამაშობს. ნაკრებში იმ ფეხბურთელების გამოძახება, რომლებსაც კლუბში თამაში იშვიათად უწევთ, კრიტიკას იწვევს. რობენმა 90 წუთი უკანასკნელად ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ ითამაშა.

არასდროს თქვა “არასდროს”, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში რობენის გამოძახებას გამოვრიცხავ. შესაძლოა, ის მზად ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის იყოს”, – ციტირებს დე ბურის სიტყვებს Voetbal International-ი.

შეგახსენებთ, რომ არიენ რობენმა სანაკრებო კარიერა 2017 წელს დაასრულა. მან ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ფორმით ჩატარებულ 96 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.

რობენი ნაკრებში დაბრუნებას და ევრო-2020-ზე თამაშს არ გამორიცხავს

ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელიც დღესდღეობით “გრონინგენში” თამაშობს, ნაკრებში დაბრუნება და ევრო-2020-ზე თამაში არ გამორიცხა.

“ნაკრებში ვითამაშებდი. ეს სახალისო იქნებოდა, მაგრამ რეალისტი და კარგ ფორმაში მყოფი უნდა იყო, უნდა იცოდე, რომ შენი წვლილის შეტანა შეგიძლია. რაც არ უნდა იყოს, ნიდერლანდების ნაკრები არის ნაბიჯი წინ. ევრო-2020-ზე თამაში ჩემი ყველაზე გაბედული ოცნებაა, მაგრამ ყურადღებით მისმინეთ, უკვე ვხედავ ხვალინდელ სათაურებს. დღეს არ ვამბობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაში მინდა, მაგრამ თუ მთავარი მწვრთნელი გამომიძახებს, დავთანხმდები”, – ციტირებს რობენის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

37 წლის არიენ რობენი მშობლიურ კლუბ “გრონინგენში” თამაშობს და დღეს ნიდერლანდების ჩემპიონატის 32-ე ტურში “ემენის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (4:0) ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2020 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება. ნიდერლანდების ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები უკრაინის, ავსტრიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები იქნებიან.

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: “მისი წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი”

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მოქმედი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა.

“გვარდიოლას დიდი თაყვანისმცემელი ვარ. შემტევი ფეხბურთი მიყვარს და პეპი ასეთი თამაშის ოსტატია. ის აქცენტს შეტევაზე და ბურთის კონტროლზე აკეთებს. ყოველ ვარჯიშზე ვმუშაობდით ბურთთის ფლობაზე და ეს მომწონდა. ჩვენ ერთ ტალღაზე ვიყავით.

საწყენია, რომ მისი თავკაცობით ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. ტრავმების, დისკვალიფიკაციებისა თუ მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო ტურნირს ყოველ ჯერზე ნახევარფინალური ეტაპიდან ვეთიშებოდით.

როდესაც გვარდიოლა “ბაიერნში” მოვიდა, მე უკვე 30 წლის ვიყავი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ამ ასაკის შემდეგ კიდევ განვვითარდებოდი. თამაშის უკეთ წაკითხვა ვისწავლე. უკეთ ვმოქმედებდი მეტოქის საჯარიმო მოედანზეც: ვხვდებოდი, როდის ჯობდა დარტყმა და როდის ჯობდა ჩაწოდება. გვარდიოლას წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი. ჩემთვის პეპი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში. “ბაიერნში” მასთან ერთად გატარებულმა სამმა წელმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა”, – რობენის სიტყვები გერმანულმა გამოცემა Socrates-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბაიერნში” უშუალოდ ხოსეპ გვარდიოლას თავკაცობით 2013-დან 2016 წლამდე თამაშობდა.

არიენ რობენს კარიერის განახლება სურს

ნიდერლანდების ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილ ფეხბურთელ არიენ რობენს პროფესიული კარიერის განახლება სურს. ამის შესახებ ნიდერლანდელმა მოთამაშემ თავადვე განაცხადა.

“თავიდან ფეხბურთი საერთოდ არ მენატრებოდა, მაგრამ შემდეგ დადგა დროს, როდესაც საკუთარ თავს ასეთ კითხევბს ვუსვამდი: “იქნებ კიდევ მეთამაშა? იქნებ ნიჭი სრულყოფილად ვერ გამოვავლინე?” დიდი სურვილი რომც მქონდეს, ჩემი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში, ეს არ მოხდება მანამ, სანამ ფეხბურთი თავის კალაპოტს არ დაუბრუნდება. ამ ვირუსის გამო ყველაფერი თავდაყირა დგას.

საბოლოო გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ დაბრუნება მართლაც მინდა. თუ კარიერის განახლების გადაწყვეტილებას მაინც მივიღებ, ამის შესახებ ზაფხულში განვაცხადებ, როდესაც მომავალი სეზონის განრიგი უკვე ცნობილი იქნება”, – აღნიშნა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე გასული წლის ზაფხულში დაკიდა. ის ახლა 36 წლისაა.

არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა 35 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა. მან გასული სეზონის ბოლოს მიუნხენის “ბაიერნი” დატოვა, რის შემდეგაც რამდენიმე კლუბთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, თუმცა, საბოლოო ჯამში, ბუცების ლურსმანზე დაკიდების გადაწყვეტილება მიიღო.

“რა თქმა უნდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა. ჯანმრთელად ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ, მაგრამ, როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეც მინდა, რომ ჯანმრთელობას გავუფრთხილდე”, – აღნიშნა რობენმა.

არიენ რობენს კარიერის განმავლობაში “გრონინგენში”, “პეესვე ეინდჰოვენში”, ლონდონის “ჩელსიში”, მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნში” უთამაშია. გარდა ამისა, მას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 96 მატჩი აქვს ჩატარებული. არიენს რობენმა უმაღლეს დონეზე 602 შეხვედრა ჩაატარა, 210 გოლი გაიტანა და 162 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას 29 ტიტული აქვს მოგებული.

რობენმა ყვითელი ბარათი 9-მეტრიანი დისტანციის გადათვლისთვის მიიღო (ვიდეო)

გერმანიის თასის ნახევარფინალში მიუნხენის “ბაიერნსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული მატჩის (2:3) 30-ე წუთზე ბავარიელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა. სანამ მთავარი არბიტრი ცოცხალ კედელს სწორ დისტანციაზე აყენებდა, არიენ რობენმა პირადად გადათვალა მანძილი ბურთამდე, რისთვისაც ყვითელი ბარათით დაისაჯა.

სნეიდერსა და რობენს ჰოლანდიის ნაკრების თავკაცის შერჩევის პროცესში მონაწილეობა სურთ

ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველებმა უესლი სნეიდერმა და არიენ რობენმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას აცნობეს, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში მონაწილეობა სურთ.

“ჩვენ უკვე 14 წელია ნაკრებში ვთამაშობთ და ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას შევატყობინეთ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესში ხმის უფლების ქონა გვინდა. ჩვენ ვიცით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს.

ლუი ვან გალი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპეციალისტია, მაგრამ ჯერ ნაადრევია კონკრეტული სახელების დასახელება”, – რობენის კომენტარს L’Equipe-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ორი დღის წინ დენი ბლინდი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

რობენი: “ამბობენ, რომ ერთი და იგივეს ვაკეთებ, მაგრამ მე განსხვავებულად თამაშს ვცდილობ”

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალის” კარში გატანილ გოლზე კომენტარი გააკეთა.

“ხალხი მუდამ ამბობს, რომ ერთი და იგივე ვაკეთებ, მაგრამ მე ვცდილობ, განსხვავებულად ვითამაშო. როდესაც “არსენალის” კარში დავარტყი, ვიცოდი, რომ ბურთი იქ გავგზავნე, სადაც საჭირო იყო. ეს ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა. ფეხბურთს სწორედ ამიტომ ვთამაშობ. ყოველთვის საჭიროა დარტყმისთვის შესაბამისი მომენტის მოძებნა”, – ციტირებს რობენის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნსა” და “არსენალს” შორის “ალიანც არენაზე” გამართული შეხვედრა ბავარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი ლონდონში, 7 მარტს გაიმართება.

რობენი: “ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა დოჰაში ჩატარებული ზამთრის შეკრება შეაჯამა და განაცხადა, რომ წელს მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

“ამ კვირაში კარგად ვიმუშავეთ. შეგვიძლია, რომ თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ვარჯიშებზე აშკარაა, რომ გუნდში ბევრმა კვალიფიციურმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი. ტემპის ასაკრებად საწვრთნელი შეკრება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, ეს ჩემი მთავარი მიზანია”, – ციტირებს რობენის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” მეტოქე ლონდონის “არსენალი” იქნება.

რობენი “ატლეტიკოსთან” მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიენ რობენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი 12 მარტის შემდეგ ლაზარეთშია. მას მარცხენა ბარძაყის კუნთი აწუხებს. მოსალოდნელი იყო, რომ რობენი გუნდთან ერთად ვარჯიშს ამ კვირაში განაახლებდა, თუმცა ბავარიელთა სამედიცინო შტაბმა 32 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი კიდევ შვიდი დღით გაახანგრძლივა.

“ატლეტიკოსთან” ჩასატარებელ მატჩში ჯერომ ბოატენგის თამაშიც საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოსა” და “ბაიერნს” შორის გასამართი პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდში, 27 აპრილს ჩატარდება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

რობენი “იუვენტუსთან” ვერ ითამაშებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გასამართ განმეორებით მატჩს გერმანული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი გამოტოვებს. “ბილდის” ცნობით, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა წინასამატჩო ვარჯიში გაციების გამო გამოტოვა და ვერც უშუალოდ შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

დღევანდელ მატჩს “ბებერი სინიორას” მხრიდან პაულო დიბალა, კლაუდიო მარკიზიო და ჯორჯო კიელინი გამოტოვებენ.

“ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

 

რობენს ლევანდოვსკისთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა, “ბაიერნი” დატოვოს

ბრიტანული გამოცემა “მირორი” წერს, რომ მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბმა არიენ რობენმა ამავე კლუბის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან არსებული კონფლიქტის გამო შესაძლოა, გუნდი დატოვოს. წყაროს ცნობით, პოლონელ ფორვარდს ჰოლანდიელ ფეხბურთელთან ერთად თამაში არ სურს, მიზეზად კი რობენის ზედმეტ ინდივიდუალიზმს ასახელებს. თავის მხრივ, ჰოლანდიელი გარემარბი ლევანდოვსკის გამო სათამაშო სტილის შეცვლას არ აპირებს.

შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება “მანჩესტერ იუნაიტედი” და მზად არის, 31 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელს კონტრაქტი შესთავაზოს. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პირადად არის დაინტერესებული რობენით, რომელსაც “ბაიერნში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.