ვენგერის საიუბილეო გამარჯვება

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე რაზგრადის “ლუდოგორეცი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ არსენ ვენგერის თავკაცობით ევროთასებზე ეს “არსენალის” რიგით მეასე გამარჯვება გახლავთ. ასიდან 81 შეხვედრა “მეთოფეებმა” ჩემპიონთა ლიგაზე მოიგეს, 13-ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმარჯვეს, ექსვჯერ კი უეფას თასის გათამაშებაზე მოიპოვეს გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალს” 1996 წლიდან თავკაცობს.

შამახმა ვენგერი პირობის შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა

“კარდიფ სიტის” თავდამსხმელმა მარუან შამახმა ლონდონის “არსენალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და არსენ ვენგერი პირობის დარღვევის გამო გააკრიტიკა.

“ვენგერზე, რა თქმა უნდა, გაბრაზებული ვარ, ვინაიდან ვთვლი, რომ “არსენალში” მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი.

სეზონის დასაწყისში მან მითხრა, რომ ტაქტიკურ სქემას შეცვლიდა და თავდასხმის ხაზში რობინ ვან პერსისთან ერთად დამაყენებდა, თუმცა ეს დაპირება ცარიელ სიტყვებად დარჩა. არაფერი შეცვლილა.

არსენ ვენგერმა უპატივცემულობა გამოიჩინა იმ მიზნის მიმართ, რომელიც “არსენალში” საკუთარ თავს მე დავუსახე. კარგად თამაში დავიწყე, მაგრამ ვენგერმა მე ჩრდილში მომაქცია”, – ციტირებს შამახის სიტყვებს RMC.

ვენგერი: “ზლატანის წასვლით “პსჟ”-მა დაკარგა უფრო მეტი, ვიდრე ერთი მოთამაშე”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. დღის ცენტრალური შეხვედრა პარიზში გაიმართება, სადაც “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონის “არსენალს” მიიღებს. მატჩამდე “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პარიზული კლუბიდან ზლატან იბრაჰიმოვიჩის წასვლით გუნდი საგრძნობლად შესუსტდა.

“საფრანგეთში “პარი სენ-ჟერმენი” დომინირებას აგრძელებს, მაგრამ იბრაჰიმოვიჩის წასვლით პარიზელებმა დაკარგეს უფრო მეტი, ვიდრე ერთი კონკრეტული ფეხბურთელი. ზლატანი იყო ლიდერი, კაპიტანი, რომელიც წარმოადგენდა კლუბის ამბიციას. როდესაც გუნდიდან ამ რანგის მოთამაშე მიდის, დანაკარგის ამოვსება ყოველთვის ძალიან რთულია”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს Lequipe.fr

მატჩი “პარი სენ-ჟერმენსა” და “არსენალს” შორის დღეს, თბილისი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ვენგერს ბელორუსი რუსეთში აერია

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “საუთჰემპტონის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:1) შემდეგ გუნდის მცველი ლორან კოსელნი შეაქო, რომელმაც გამათანაბრებელი გოლი გაიტანა.

“კოსელნის წინაშე ქედს ვიხრი. იგი რუსეთიდან ხუთშაბათს დაბრუნდა და უკვე შაბათს გოლის გატანა შეძლო, თან იმ დროს, როდესაც ვაგებდით. ეს ფანტასტიურია”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “ბიბისი”.

“არსენალის” ფრანგ თავკაცს ბელორუსი რუსეთში აერია. სინამდვილეში კოსელნიმ საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ბორისოვში ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ (0:0) ითამაშა.

ვენგერის სიტყვების შემდეგ ანრიმ “არსენალის” ახალგაზრდული გუნდი დატოვა

ტიერი ანრიმ ლონდონის “არსენალის” 18 წლამდე გუნდის სამწვრთნელო შტაბი დატოვა.

ლონდონური კლუბის თავკაცმა არსენ ვენგერმა ანრის ამცნო, რომ შეუძლებელია ერთდროულად მწვრთნელობა და “სქაი სპორტსზე” ექსპერტად მუშაობა და გუნდის ფეხბურთელების გაკრიტიკება. ამის შემდეგ ანრიმ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

ტიერი ანრის მიზანს უეფას A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება წარმოადგენდა. კურსის დასასრულებლად ფრანგს ახალი გუნდის მოძიება მოუწევს.

ანრი: “ცხოვრებაში ყველაზე ფასეული რჩევა ვენგერმა მომცა”

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რჩევა არსენ ვენგერისგან მიიღო. შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი ანრის 1999-დან 2007 წლამდე თავკაცობდა.

“ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რჩევა ვენგერმა მომცა. ხანდახან ვწუწუნებდი, რომ თანაგუნდელები კარგ პასებს არ მაძლევდნენ, ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფს ვერ მამჩნევდნენ, თუმცა ვენგერმა ასეთი რამ მითხრა: “მოეშვი სხვების დადანაშაულებას. კითხვა ყოველთვის საკუთარ თავს დაუსვი. საკუთარ თავს ჰკითხე, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ თანაგუნდელებმა კარგი პასი მოგცენ”. ეს რჩევა დღემდე მადგება სასიკეთოდ”, – ციტირებს ანრის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვენგერი: “თითქოს მოგება შეგვეძლო, მაგრამ გოლი გავუშვით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლონდონის “არსენალსა” და “ბარსელონას” შორის გამართული პირველი შეხვედრა ანგარიშით 0:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ “მეთოფეების” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ კატალონიელთა ბარიერის დაძლევა თითქმის შეუძლებელია.

“ბარსელონასთვის” კონტრშეტევების განხორციელების უფლება არ უნდა მიგვეცა, თუმცა სწორედ ეს ვერ შევძელით. გაკრიტიკება ადვილია, დააფასეთ ჩვენი ძალისხმევა. როცა ფიქრობ, რომ მწვერვალზე ხარ, კატალონიელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შენი განადგურება.

“ბარსელონა” დიდებული გუნდია. ჩვენ დიდი ენერგია დავხარჯეთ. რაღაც მომენტში თითქოს ვდომინირებდით, თითქოს მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ გოლი მივიღეთ და ეს არის ყველაზე საწყენი. მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ.

ამ ბარიერის დაძლევა ძალიან, ძალიან რთული იქნება, თუ შეუძლებელი არა. “ნოუ კამპზე” საბრძოლველად უნდა ჩავიდეთ”, – ვენგერის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “არსენალს” შორის განმეორებითი მატჩი 16 მარტს გაიმართება.

 

ვენგერი “არსენალთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ბრიტანული “სანი” იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. წყაროს თანახმად, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე იქნება ძალაში. ცნობისთვის, მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წელს გასდის.

არსენ ვენგერი ლონდონის “არსენალს” 1996 წლიდან თავკაცობს. ამ დროის განმავლობაში “მეთოფეებმა” სამჯერ მოიგეს ინგლისის პრემიერლიგა, ექვსჯერ დაისაკუთრეს ქვეყნის თასი და სუპერთასი. ფრანგი სპეციალისტი სამჯერ დაასახელეს პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.

 

ვენგერი: “იანვარში შესაძლოა, ერთი მოთამაშე დავიმატოთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის ტრავმირებულ მოთამაშეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მეთოფეებმა” შესაძლოა, ერთი ფეხბურთელი დაიმატონ.

“ჩვენი გუნდის ლაზარეთი ზედმეტად სავსეა. იმედი მაქვს, მალე დაბრუნდებიან როსიცკი, უელბეკი, სანჩესი, უილშირი და შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშეც დავიმატოთ. ახალი ტრავმირებული მოთამაშე არ გვყავს, ამიტომ არ ვნერვიულობ. ისევ იმავე რაოდენობის დაშავებული ფეხბურთელები რომ გვყავდეს, უბრალოდ ძალიან მცირე არჩევანი მექნებოდა”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი.

 

“არსენალს” ვენგერის მემკვიდრედ ვიეირა სურს

არსენ ვენგერს ლონდონის “არსენალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა ფრანგ სპეციალისტთან კონტრაქტის ორი წლის ვადით გახანგრძლივებას აპირებს.

ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვენგერის თანაშემწედ შესაძლოა, “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა მოიყვანონ, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. ბრიტანული გამოცემა “მირორის” თანახმად, 39 წლის ფრანგი ჯერ ვენგერის თანაშემწედ იმუშავებს, შემდეგ კი კლუბის მთავარი მწვრთნელიც გახდება.

ვიეირას სამწვრთნელო კარიერის შესახებ თავად ვენგერმაც გააკეთა კომენტარი.

“მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მწვრთნელი გახდეს. ვიეირა ახლა იმ ასაკშია, რა დროსაც კარგია მწვრთნელობის დაწყება. ყველაფერი თავად პატრიკზეა დამოკიდებული. გააჩნია, თავად მას რა სურს”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ პატრიკ ვიეირა “არსენალის” ღირსებას ცხრა წლის განმავლობაში, 1996-დან 2005 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 406 მატჩი ჩაატარა.

“არსენალის” გარდა პატრიკ ვიეირას მიმართ ინტერესი “ნიუ იორკ სიტიმაც” გამოხატა.

ვენგერი: “მთავარი ფიგურა ჩეხი იყო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ლონდონის “არსენალმა” მიუნხენის “ბაიერნი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის მეკარე პეტრ ჩეხი გამოარჩია.

“უმაღლესი ხარისხის თამაში იყო. ჩვენ დისციპლინირებულად და მჭიდროდ ვითამაშეთ. ორივე მეკარემ შესანიშნავი სეივები განახორციელა.

პეტრ ჩეხი მთავარი ფიგურა იყო. იგი გონივრულად მოქმედებდა. დღეს საღამოს მსოფლიო კლასის ორი მეკარე ვიხილეთ”, – ციტირებს ვენგერის კომენტარს BBC.

 

მოურინიო: “თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის სუპერთასზე “არსენალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:1) შემდეგ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრა, როდესაც მან “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს ხელი არ ჩამოართვა. ამ ფაქტმა სპორტულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა თავად პორტუგალიელი თვლის, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არც უნდა ჩამოართვან.

“არ მინდა, მომხდარისგან რაღაც ისტორია შევქმნა. როდესაც ქუჩაში მიდიხართ, ვალდებული არ ხართ, ყველას მიესალმოთ და ხელი ჩამოართვათ. როდესაც კლუბს წარმოადგენთ, ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა. სუპერთასის დროს ვფიქრობდი ჩემს გუნდზე, გამარჯვებულზე, “უემბლიზე”, რომელიც, ჩემი აზრით, ბოლო საფეხბურთო სტადიონია, სადაც შეგიძლია ისე არ მოიქცე, როგორც საჭიროა, თუმცა მე ვთვლი, რომ თუ მწვრთნელებს არ სურთ, ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან”, – განაცხადა მოურინიომ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.