„არსენალი“ დაეცა, ვენგერი წაიქცა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში „ლივერპულმა“ შინ ლონდონის „არსენალი“ ანგარიშით 5:1 გაანადგურა. მართალია, მატჩამდე Fanebi.com-ის მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მერსიაიდულ გუნდს ანიჭებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკვე მე-20 წუთისთვის ტაბლოზე 4-0 ენთებოდა. დიახ, საწყის 20 წუთში ოთხჯერ შეარხიეს „წითლებმა“ „მეთოფეთა“ კარი: ორჯერ მარტნ შკრტელმა, ერთხელ რაჰიმ სტერლინგმა და ერთხელ დანიელ სტარიჯმა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა დუბლი გაიფორმა. პრესტიჟის გოლის გატანა მიკელ არტეტამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოახერხა.

ამ დღეს არსენ ვენგერს მხოლოდ ეს არ ელოდა. რკინიგზის სადგურისკენ მიმავალ ფრანგ სპეციალისტს ფეხი დაუცდა, ძირს დაეცა და თავი მინის კარს დაარტყა. თვითმხილველებმა მოასწრეს და წაქცეულ მდგომარეობაში მყოფ 64 წლის მწვრთნელს ფოტოები გადაუღეს. ვენგერი ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის ოფიცრების დახმარებით წამოდგა ფეხზე. მოგვიანებით კლუბის პრესსასახურმა გაავრცელა ცნობა, რომ „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი ინციდენტს საღსალამათი გადაურჩა.

ვენგერის „არსენალმა“ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაკარგა და სიმბოლურად ამის ყველაზე კარგი გამოხატულება სწორედ ფრანგი სპეციალისტის წაქცევაა. ცხრილს ლონდონის „ჩელსი“ ჩაუდგა სათავეში (56 ქ.), „მეთოფეებმა“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლეს, მესამე კი „მანჩესტერ სიტია“ (54 ქ.), რომელიც „ნორვიჩ სიტისთან“ უგოლოდ დაზავდა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერს თასის მოგება სურს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ტოტენჰემთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენ „ტოტენჰემის“ დამარცხება გვსურს. ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების საშუალებას მხოლოდ იმ მოთამაშეებს მივცემ, რომელთაც ტრავმა აქვთ. წინ უმაღლესი დონის დერბი გველის და მას პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ. ინგლისის თასის მოგების სურვილი გვაქვს, ამიტომაც ამ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. აღნიშნული ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული და თასის მეხუთედ აწევაზე უარს არ ვიტყოდი“, – განაცხადა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კასილასი „არსენალში“?

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილასი შესაძლოა ლონდონის „არსენალში“ აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ კასილასი ამ დრომდე ვერ ახერხებს გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დიეგო ლოპესის ამოგდებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იჩენს.

გარდა ამისა, ვოიცეხ შჩესნიმ ამ დრომდე ვერ დაარწმუნა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი, რომ მასზე სრულად დაყრდნობა შეიძლება. ესპანური El Confidencial-ის ცნობით, შექმნილი მდგომარეობით იკერიც უკმაყოფილოა და ის არც მადრიდის დატოვების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას დამდეგ ზაფხულს ელიან.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის კასილასი „რეალის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავს. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი: „ბევრი რამ ნოემბრის ბოლოს გაირკვევა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთვნელი არსენ ვენგერი „ლივერპულთან“ მოგებული მატჩის მიუხედავად, დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს.

„ჩვენ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, რათა სასურველი შედეგების მიღწევა გავაგრძელოთ. სიხარულის დრო არ გაქვს. ჩემპიონატის ათი მატჩი უკვე შედგა, შესაბამისად, სეზონის ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია. 5-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, ნათელი ჯერჯერობით არაფერია. ბევრი რამ ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფეხბურთს ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერი: „სატურნირო მდგომარეობას ყურადღებას არ ვაქცევ“

„ლივერპულთან“ მატჩის წინ, ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ გუნდთა სატურნირო მდგომარეობას იგი ყურადღებას არ აქცევს.

„წინ რთული და უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, თუმცა გუნდთა სატურნირო მდგომარეობას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, რადგან ყველაფერი მოედანზე გაირკვევა. ჩვენს გუნდს ტიტულის მოგების შანსი აქვს, ისევე როგორც მერსესაიდელებს. გარდა ამისა, არის კიდევ 4-5 გუნდი, რომელსაც პრემიერ ლიგის მოგების პრეტენზია აქვს“, – განაცხადა „მეთოფეთა“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერმა მოურინიოს კვლავ ვერ აჯობა

არსენ ვენგერისთვის ლონდონის „ჩელსის“ ახლანდელი მთავარი მწვრთვნელი ჟოზე მოურინიო – ყველაზე უხერხული მეტოქეა. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ მომზადებული „არისტოკრატები“ „მეთოფეებს“ არასდროს დაუმარცხებიათ, რისი გამოსწორების შანსიც მათ ინგლისის ლიგის თასის მატჩში მიეცათ. ეს ძალიან კარგად არსენ ვენგერსაც ესმოდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირისათვის საკმაოდ საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა – ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა შორის მხოლოდ მესუთ იოზილს და ოლივიე ჟირუს არ უთამაშიათ.

მოურინიო, რომელიც თავისი გუნდის რთული კალენდრით უკმაყოფილო იყო, თავიდან ახალგაზრდა მოთამაშეების დაყენებასაც კი აპირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თავის ოპონენტს ასეთი საჩქარი არ გაუკეთა. ჟოზემ ათი ცვლილება გააკეთა, რის მიუხედავად, მისი გუნდი მაინც შესანიშნავად თამაშობდა.

სათქმელია, რომ განსაკუთრებული მომენტებით ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი გამოირჩეოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბურთის უკეთესი ფლობა „ლურჯთა“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. თავიდან კასორლამ კუთხურის კარგად შესრულება ვერ შეძლო, რის შემდეგაც „არსენალს“ ტრადიციული პრობლემები შექმნა. პირველი გოლი კარლ ჯენკინსონის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მეკარე ფაბიანსკის არც თუ ისე კარგი გადაცემა გაუკეთა, რითაც ასპილიკუეტამ ისარგებლა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პოლონელი გოლკიპერის მოტყუება არ გაუჭირდა.

მეორე ტაიმში „არსენალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ „ჩელსი“ მეტოქეს ბევრი რამის გაკეთების საშუალებას უბრალოდ არ აძლევდა. სიტუაცია არც ჟირუსა და იოზილის გამოჩენით შეცვლილა. მეტიც, ამ ორი ფეხბურთელის მოედანზე შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში მოურინიოს შეგირდებმა მეორე გოლიც აღნიშნეს, რომელიც ხუან მატამ გაიტანა.
საბოლოოდ, 0:2 და ვენგერი მოურინიოს დამარცხებას კვლავ ვერ ახერხებს.
„არსენალი“ – „ჩელსი“ 0:2
გოლები: ასპილიკუეტა 25′, მატა 66′„არსენალი“: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, ვერმალენი, კოშელნი, მონრეალი, უილშირი, რემსი (პარკი 80′), კასორლა, როსიცკი, მიაჩი (იოზილი 62′), ბენდტნერი (ჟირუ 66′)
„ჩელსი“: შვარცერი, ასპილიკუეტა, კეიჰილი, ლუისი, ბერტრანდი, ესიენი, მიკელი, დე ბრიუინე (რამირესი 68′), მატა (კალასი 90+3′), ვილიანი, ეტოო (ბა 80′)
 

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერი: „არსენალი“ ტიტულისთვის ყოველთვის იბრძვის“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთვნელის არსენ ვენგერის აზრით, მისი გუნდის კარგ სტარტს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიექცეს, რადგან მომავალში ყველაფერია მოსალოდნელი.

„კარგია, რომ გათამაშების ცხრილის ლიდერები ვართ, თუმცა ამაზე ყურადღების გამახვილებას საჭიროდ არ მივიჩნევ. ყოველთვის ტიტულისთვის ვცდილობდით ბრძოლას, ერთადერთი, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო – გამარჯვებაა. ყოველი მოგება უფრო ძლიერ გუნდად გვხდის. წინ არაერთი რთული შეხვედრა გველის, რომელიც „არსენალისთვის“ ნამდვილი გამოცდა იქნება“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

“არსენალი” ვენგერს გაუხანგრძლივებს?

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერ ლიგაში გავლილი ექვსი ტურის შემდეგ, არსენ ვენგერის შეგირდები ცხრილის სათავეში იმყოფებიან. უეფას ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, კი მათ პირველი ადგილი უკავიათ.

როგორც Daily Mirror და Daily Mail იტყობინებიან, “მეთოფეთა” ხელმძღვანელობა კლუბის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც წელიწადში რვა მილიონ ფუნტ სტერლინგიან ანაზღაურებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელები ვენგერს ახლანდელ ხელფასთან შედარებით, ნახევარი მილიონით გაზრდილ თანხას სთავაზობენ. ამრიგად, 2016 წელს ფრანგი “არსენალის” 20 წლიან თავკაცობას აღნიშნავს.

სანდრო საპანაძე

ვენგერი: „ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა „ნაპოლისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ასევე „მარსელი“, „ბორუსია“ და „ნაპოლი“ ასპარეზობენ. ყველა ეს გუნდი თავისი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებს შორის არის. ჩვენთვის წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს ვენგერი.

„არ მსურს მათემატიკური გათვლების გაკეთება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ჯგუფიდან გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულის დაგროვებაც არის საკმარისი. რთულია იმის თქმა, თუ როგორ დავაგროვებთ 0,2 ქულას, თუმცა ჩვენი მიზნები ყველასთვის ნათელია. ამიტომაც, ვამბობ, რომ საშინაო მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სახლშიც მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზური ჯიბეში გვექნება. მოდით, ხვალინდელი მატჩით დავიწყოთ. ჩვენი მიზნისკენ ეტაპობრივად მივალთ. ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არც არის, უბრალოდ, ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა ვაღწევდეთ“, – დაასრულა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვენგერი თავისი მომავლისა და სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მოსაფიქრებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.

„არ მეჩქარება. კონტრაქტი ივნისის თვეში მეწურება, ჯერ კი სექტემბერია. წინ დიდი დროა. ახლა რაიმეს დაგეგმვა საჭირო სულაც არ არის. მინდა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. შემდეგ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რა გამოვიდა, რა შეიძლება კიდევ გამოვიდეს და მიღირს თუ არა თანხმობის თქმა“, – აღნიშნა „არსენალის“ თავკაცმა.

გარდა ამისა, ვენგერმა კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ კლუბებმა იმაზე ნაკლები თანხა დახარჯონ, ვიდრე გამოიმუშავებენ. თუ გარკვეულ თანხას მივიღებთ, მოხარული ვიქნები მისი დახარჯვით. გარდა ამისა, მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვეძებთ. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბს ფინანსური შეზღუდვები ჰქონდა, ახლა „არსენალის“ მდგომარეობა ამ მხრივ უკეთესია“, – განაცხადა ვენგერმა.

„მეთოფეთა“ ფრანგმა დამრიგებელმა მესუთ იოზილის ტრანსფერის შესახებაც ისაუბრა, რაშიც „არსენალმა“ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

„სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მადრიდის „რეალის“ მხირად იოზილის გაყიდვა გარეტ ბეილის ყიდვასთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა „რეალში“. არსებობდა თუ არა ფინანსური მიზეზი ამ გადაწყვეტილების მისაღებად? შესაძლოა, არსებობდა კიდეც და ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ვინმე გაეყიდათ“, – დაასრულა ვენგერმა.

ბექა დოგრაშვილი

ბალაკმა იოზილის ტრანსფერზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი თვლის, რომ მისი თანამემამულე მესუთ იოზილი ლონდონის „არსენალში“ წარმატებას მიაღწევს.

„იოზილი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც კარიერის პიკზე იმყოფება. ის გამოჩენილი ფეხბურთელია და არა მგონია, ინგლისში პრობლემები შეექმნას.
„არსენალი“ დიდებული კლუბია, რომელმაც იოზილის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღო.
ეს ადასტურებს იმას, რომ მას საერთაშორისო დონეზე განსაკუთერებული ადგილი უკავია. ასეთ თანხას ხშირად არ იხდიან.
იმედი მაქვს, მას საქმეები კარგად წაუვა. მისი სახით პრემიერლიგას შეემატება ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკური შესაძლებლობებითა და ბურთის ფლობით გამოირჩევა“, – განაცხადა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

იოზილის დებიუტი შესაძლოა 14 სექტემბერს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგეს.

ბექა დოგრაშვილი