შმიდტი: “ბაიერმა დამსახურებულად მოიგო”

ლევერკუზენის “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა, როგერ შმიდტმა გუშინდელი მატჩი შეაფასა.

“კმაყოფილები ვართ. ჩემმა გუნდმა პირველივე წუთებიდან აჩვენა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება შეუძლია და ამ ტურნირზე დარჩენა ძალუძს. “ატლეტიკო” რთული მეტოქე იყო, მაგრამ კარგი თამაშის ხარჯზე ყველაფერი კარგად გამოგვივიდა”.

“მეტოქე მუდმივ ზეწოლაში გვყავდა მთელი მატჩის განმავლობაში. ბიჭებმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პუბლიკას ვაჩვენეთ, რომ სწრაფი ფეხბურთის მიმდევრები ვართ. შრომისა და სწორი გადაწყვეტილებების ხარჯზე, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ”.

“ჩემპონთა ლიგაზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით, ეს დიდი ტურნირია. ამჟამად ჩვენი მთავარი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა,”-განაცხადა შმიდტმა.

სიმეონე: “გარკვეულწილად, შედეგით კმაყოფილი ვარ”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ “ლევერკუზენთან” განცდილი მარცხი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ “ლეიბებმა” მატჩი “ფარმაცევტებთან” მინიმალური ანგარიშით, 1-0 წააგეს.

“ძალიან უცნაური დამთხვევაა ის, რომ ორივე გუნდს გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. მეორე ტაიმში შანსები თანაბრად იყო. ალბათ, გარკვეულწილად, შედეგით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ პირველ ტაიმში ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მომიხდა. სხვათაშორის, “ბაიერისა” და ჩემი გუნდის სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს,”-განაცხადა სიმეონემ.

“მეტოქემ გოლის მომენტში ერთი უბრალო შეტევა განახორციელა, რომელიც დაცვის უყურადღებობის გამო გოლად იქცა. გამარჯვებული გუნდის ვინაობაზე საუბარი ჯერ ადრეა, მეორე მატჩისთვის “ლევერკუზენს” ძალიან უმნიშვნელო უპირატესობა აქვს”.

“ატლეტიკო”: “ბაიერთან” კოკეს გარეშე

მადრიდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრას, “ბაიერის” წინააღმდეგ, დანაკლისით ხვდება.

მადრიდის “ატლეტიკოს” “ფარმაცევტთა” წინააღმდეგ კოკე დააკლდება. დიეგო სიმეონეს გუნდი გერმანელებს შემდეგნაირი განაცხადით შეერკინება.

მეკარეები: მოია, ობლაკი, ჰილი.

მცველები: სიკეირა, ანსალდი, მირანდა, ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, გამესი, ლუკასი.

ნახევარმცველები: გაბი, ტიაგო, არდა, კანი, საული, სუარესი, რაულ გარსია.

თავდამსხმელები: მანჯუკიჩი, რ.ხიმენესი, გრიზმანი, ტორესი.

“ატლეტიკოს” “სევილიას” ბომბარდირი სჭირდება

კოლუმბიელი კარლოს ბაკა შეიძლება ესპანეთის ჩემპიონებს შეუერთდეს.

“ლეიბებს” ანდალუსიური გუნდის შემტევის გაფორმება 2014 წელსაც სურდათ, მაგრამ მარიო მანჯუკიჩის მოსვლის შემდეგ, ეს გეგმა დროებით მიივიწყეს.

თუმცა, Marca-ს მტკიცებით, მადრიდის “ატლეტიკო” “სევილიადან” კარლოს ბაკას აყვანას ეცდება, რომელსაც გუნდში “ახალი ფალკაოს” სტატუსი ექნება.

კარლოსი ევროპულ გიგანტში მოხვედრას დიდი ხანია ცდილობს, ხოლო დედაქალაქური გუნდი იდეალური ვარიანტია.

მიმდინარე სეზონში, ბაკამ “სევილიას” მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 12 გოლით გამოირჩა.

“ატლეტიკო”: კოკემ ვარჯიში განაახლა

“ატლეტიკოს” ნახევარმცველი, რომელიც მადრიდულ დერბიში დაშავდა, მოედანს სულ მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “ატლეტიკომ” “რეალი” 4-0 გაანადგურა, სადაც კოკემ ტრავმის გამო მოედანი მე-11 წუთზე დატოვა.

ნახევარმცველს დიაგნოზი 8 თებერვალს დაუდგინეს. გამოკვლევების თანახმად, ესპანელი მოედანს ერთ თვეში დაუბრუნდებოდა. კოკემ ვარჯიში უკვე განაახლა.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში გამორიცხულია, ხოლო მეორე მატჩში არის ფეხბურთელის დაბრუნების ალბათობა.

მიმდინარე სეზონში კოკემ “ლეიბების” მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი, ხოლო რვა შედეგიანი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ატლეტიკოს” კოკე ერთი თვით გამოაკლდა

ესპანელი ნახევარმცველი მადრიდულ დერბიში დაშავდა.

როგორც იცით, გუშინ მადრიდის “ატლეტიკომ” “ვინსენტე კალდერონზე” “სამეფო გუნდი” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, მაგრამ ყველაფერმა კარგად არ ჩაიარა.

გუნდის ძირითადმა ნახევარმცველმა, კოკემ მატჩის მსვლელობისას სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მე-11 წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.

დღეს “ფურია როხასა” და დედაქალაქური გუნდის წევრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და გაირკვა, რომ მუხლქვედა მყესის დაჭიმულობა აქვს. ფეხბურთელს დაზიანების გამო ერთი თვე გაუცდება.

“წარმოუდგენელი მატჩი იყო. გილოცავთ ყველას და მადლობა მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს, მალე დავბრუნდები,”-ასე შეაფასა გუშინდელი მატჩი და მისი ტრავმა 23 წლის შემტევმა.

აქვე დავამატებთ, რომ კოკე ავტომატურად გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩს, სადაც “ლეიბები” გერმანულ “ბაიერ 04”-ს დაუპირისპირდებიან.

ობლაკი: სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ მექნება

მოგეხსნებათ, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ჩელსიში“ დაბრუნებული ტიბო კურტუას შემცვლელად ლისაბონის „ბენფიკადან“ იან ობლაკი შეიძინა. სლოვენიელმა კიპერმა პირველი შთაბეჭდილებები ას-ის ჟურნალისტს გაუზიარა.

–         იან, პირველ რიგში, გილოცავთ „ატლეტიკოში“ გადასვლას.

–         დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩავირიცხე. ერთი სული მაქვს, ახალ თანაგუნდელებს როდის გავიცნობ. კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრებს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრე.

–         კლუბმა ტიბო კურტუას შემცვლელად გადაგიბირათ.

–         პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მაქვს გააზრებული. ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მე და „როხიბლანკოს“ სხვა კიპერები ბელგიელს სათანადოდ შევცვლით.

–         ლა ლიგაში ასპარეზობის პერსპექტივა რამდენად გხიბლავთ?

–         პრიმერა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და შეიძლება ესპანურ კლუბში გადასვლა ჩემს ახალ გამოწვევადაც ჩავთვალო. მართალია, არც პორტუგალიის პირველობაა დაბალი დონის, თუმცა აქ სხვა საფეხბურთო განზომილებაა.. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ახალ  თანაგუნდელებთან ერთად „ბარსელონასა“ და „რეალის“ დონის კლუბებთან მომიწევს არათუ დაპირისპირება, არამედ უშუალო კონკურენციის გაწევაც.

–         სასტარტოში ადგილს, მგონი, მალევე დაიმკვიდრებთ.

–         არ გეთანხმებით. კლუბში ჩემს გარდა კიდევ ორი უმაღლესი დონის მეკარე ირიცხება. კონკურენცია მძაფრი იქნება, ჩვენგან საუკეთესოს კი დიეგო სიმეონე ამოარჩევს. ჩემი უშუალო კონკურენტის, მიგენ ანხელ მოიას თამაში ნანახი მაქვს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ მექნება.

–         და ბოლოს, ყოფილ კლუბზე რას გვეტყვით?

–         „ბენფიკას“ ღვაწლი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია. „არწივებმა“ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინახეს ჩემში პერსპექტივა, კონტრაქტი გამიფორმეს და ყველა პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი მეთამაშა. მინდა  ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

 

დიეგო კოშტას ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა (ვიდეო)

გუშინ პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ,,ხეტაფე” და ,,ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ (0-2). მატჩის 84-ე წუთზე კოშტა გოლის გატანის დროს ძალიან წლიერად დაეჯახა ძელს და მუხლი გაეჭრა. ერთი შეხედვით დაზიანება ძალიან რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ გამოდგა.

,,ატლეტიკოს” ექიმებმა პირველადი შემოწმებით დაადგინეს, რომ ძვალი დაზიანებული არ არის მხოლოდ ოდნავაა გაჭრილი.

,,ატლეტიკოს” ოფიციალური Twitter-ი წერს: ,,საბედნიეროდ დიეგო კოშტას ტრამვა ძლიერი არ აღმოჩნდა. სავარაუდოდ იგი მომდევნო შეხვედრებსაც ითამაშებს”.

აქვე გთავაზობთ შეჯახების ამსახველ ვიდეოს:

სიმეონემ ჰალკს მაისური სთხოვა

საინტერესო ფაქტი მოხდა პეტერბურგში “ზენიტი” – “ატლეტიკოს” მატჩის შემდეგ. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე “ზენიტის” გასახდელში შევიდა და ჰალკს მაისური სთხოვა.

“უბრალოდ მე ძალიან მომწონს ეს მოთამაშე” –  ასე ახსნა სიმეონემ თავისი უცნაური საქციელი ტელეკომპანია “ნტვ” – ს პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 1-1 დასრულდა. ჰალკმა მოედანი უგოლოდ დატოვა.

„ატლეტიკომ“ რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანა

ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის მატჩები გაიმართება. მადრიდის „ატლეტიკო“ სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივ „ზენიტს“ დაუპირისპირდება. ესპანელები ცივი ამინდისთვის კარგად მოემზადნენ.

სითბოსმოყვარულმა მადრიდელებმა რუსეთში 600 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს: ქუდები, ხელთათმანები, საბნები, სვიტერები.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკოსთვის“ რუსული სიცივე უცხო არ არის: ამ წლის თებერვალში მადრიდელებმა ევროპის ლიგის ტურნირზე, მოსკოვში, ყაზანის „რუბინის“ წინააღმდეგ ითამაშეს. რუსული პრესის ცნობით, იმ მატჩზე ესპანელებმა 700 კგ. თბილი ტანსაცმელი ჩაიტანეს.

მატჩი „ზენიტსა“ და „ატლეტიკოს“ შორის სამშაბათს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი