მანჩინი: “პარი სენ-ჟერმენში” მუშაობაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი”

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი კარიერის “პარი სენ-ჟერმენში” გაგრძელების შესაძლებლობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ წინადადების მიღების შემთხვევაში, ბევრს არ დაფიქრდება.

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის საუკეთესო და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კლუბია. ფრანგებმა გასულ ზაფხულს ნეიმარისა და მბაპეს გადაბირება შეძლეს, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდებული შანსი აქვს.

“პსჟ”-ს ხელმძღვანელებთან კავშირი ნამდვილად არ მქონია. თუმცა, არ ვიცი რა მოხდება მომავალში.პარიზელებს შესანიშნავი მწვრთნელი და ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, არცერთი სპეციალისტი არ იტყვის უარს იქ მუშაობაზე.

სიმართლე გითხრათ, შანსის არსებობის შემთხვევაში, პარიზში გადასვლაზე უარს არ ვიტყვი, ” – აცხადებს მანჩინი.

არგენტინელი დრიუსი იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე ფიქრობს

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, სებასტიან დრიუსი იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე ფიქრობს, რის შემდეგადაც, მას “სკუადრა აძურაში” თამაშის უფლება მიეცემა.

საკმაოდ ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Tuttosport-ის ცნობით, დრიუსი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის დანიშვნას ელოდება. ამის შემდეგ კი, ეს უკანასკნელი საბოლოოდ გადაწყვეტს, შეიცვალოს თუ არა მოქალაქეობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ზენიტის” თავდამსხმელი არგენტინის ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ წარმატებით გამოდიოდა – მას სამხრეთ ამერიკის 17-წლამდელთა და 20-წლამდელთა ჩემპიონატები აქვს მოგებული, თუმცა ძირითად ნაკრებში მისი დებიუტი ჯერაც არ შემდგარა.

“ზენიტმა” პარედესის ტრანსფერში 23 მილიონი ევრო გადაიხადა

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ ინფორმაციას “რომას” ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ტრანსფერის შესახებ.

რუსული კლუბის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, 23 წლის არგენტინელმა გარემარბმა “ზენიტთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ პარედესის ტრანსფერი სანკტ-პეტერბურგელებს 23 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც შესაძლოა, 4 მილიონიც დაემატოს ბონუსების სახით.

პარედესი “ბოკა ხუნიორსის” მიერ აღზრდილი ფეხბურთელია, რომელიც ერთ დროს “კიევოსა” და “ემპოლის” რიგებშიც თამაშობდა.

“ჩელსი” ბრანისლავ ივანოვიჩს “ზენიტში”, უფასოდ გაუშვებს

ლონდონის “ჩელსის” სერბი დამცველი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რომელიც ამა წლის 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება, “ზენიტთან” მოლაპარაკებებს განაგრძობს.

როგორც ცნობილი ხდება, ლონდონელები მზად არიან, 32 წლის ფეხბურთელი რუსულ კლუბში უფასოდ გაუშვან. ტრანსფერი კვირის ბოლომდე უნდა გაოფიციალურდეს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ “ევერტონის”, “ლესტერისა” და “ვესტ ჰემის” სამიზნის გადაბირების შემთხვევაში, “ზენიტი” ივანოვიჩს 5 მილიონ ევროს გადაუხდის წელიწადში (“ჩელსიში” ის 90 000 ფუნტს იღებს კვირაში).

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსებს სერბთან 3,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურთ.

ოფიციალურად: ვიტსელი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს

რუსული “ზენიტის” ბელგიელი ვარსკვლავი, აქსელ ვიტსელი, რომელიც ძალიან ახლოს იყო “იუვენტუსში” გადაბარგებასთან, კარიერას ჩინეთის სუპერ ლიგაში გაგრძელებს.

ასე რომ, “ბებერი ქალბატონის” ღირსების დაცვას, ვიტსელმა კვირაში 300 000 ევროიანი ხელფასი არჩია და ახლო აღმოსავლეთში გადაბარგდა. “ზენიტმა” კი ამ ტრანსფერიტ 21 მილიონი ევრო იშოვა.

ვიტსელმა, რომელსაც 70-ზე მეტი მატჩი აქვს ბელგიის ნაკრებში ჩატარებული, 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ჩინურ კლუბ “ტიანცინთან”, რომელსაც სათავეში ფაბიო კანავარო უდგას.

ვიტსელი: “იუვეში” გადასვლა? ეს მხოლოდ დროის საკითხია”

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” ლიდერს, აქსელ ვიტსელს ეჭვი არ ეპარება, რომ ის ადრე თუ გვიან “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.

DH-სთან საუბრისას, მან განაცხადა: “დიდებული რამ არის, როდესაც შენით ისეთი კლუბია დაინტერესებული, როგორიც “იუვენტუსია”.

ბევრ კითხვას ნამდვილად არ ვსვამ ტურინში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს იანვარში ან ივნისში, მაგრამ რაც მთავარია, ეს მოხდება.” – განაცხადა ბელგიელმა.

აქვე გეტყვით, რომ ვიტსელს, რომელიც “ზენიტს” რუსეთის პრემიერ ლიგის 2014-15 წლების სეზონის გათამაშების მოგებაში დაეხმარა, 76 მატჩი აქვს ნათამაშები ნაკრების მაისურით.

ლუჩესკუ: “ვიტსელი პოგბას გამოცდილი ვერსიაა”

“ზენიტის” მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ აქსელ ვიტსელი შეაქო. “შახტარის” ექს-თავკაცმა ბელგიელ ფეხბურთელის პოლ პოგბას გამოცდილი ვერსია უწოდა.

“მასსა და პოგბას შორის განსხვავებას მართლა ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც მათ განასხვავებს ასაკია. ყველამ ვნახეთ (ევრო 2016-ზე), რომ პოგბას გამოცდილება დააკლდა. ვიტსელს კი ეს პრობლემა ნამდვილად არ აქვს.

მას ნახევარდაცვაში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში. ამასთანავე, ვიტსელი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერია და ორივე ფეხის გამოყენება შეუძლია. მას კლაუდიო მარკიზიოს ნაცვლადაც შეუძლია თამაში, ასე ის გუნდის შეტევით პოტენციალს გააძლიერებს.

აქსელს წასვლა უნდა, მაგრამ ის კარგი ადამიანია და კლუბისთვის პრობლემების შექმნას არ აპირებს. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ყველაფერი მესმის.

ჩვენ შესაძლოა მისი დარწმუნება მოვახერხოთ, რომ დარჩეს. ის ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია.”

ლუჩესკუ: “ვიტსელს კლუბის დატოვება უნდა”

რუსული “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კლუბის ბელგიელი ნახევარმცველი რუსეთის დატოვებას აპირებს.

“აქსელმა კონტრაქტის შეწყვეტა გვთხოვა.” – განაცხადა “შახტარის” ყოფილმა თავკაცმა GazzaMercato-სთან საუბრისას.

“აუცილებლად უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ მე მისნაირი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი ძალიან მჭირდება, მაგრამ ფაქტია, რომ მას კლუბის დატოვება უნდა.”

ბელგიელი ნახევარმცველის გადაბირების ყველაზე რეალური შანსი ამ დროისთვის ტურინულ “იუვენტუსს” აქვს.

“სტოკ სიტი” “ზენიტს” 15 მილიონ ევროს სთავაზობს

რუსული “ზენიტის” ბელგიელი ნახევარმცველი, ალექს ვიტსელი ინგლისური “სტოკ სიტის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

ინგლისური წყაროს ცნობით, “სტოკის” ხელმძღვანელებმა უკვე გაუკეთეს ოფიციალური შეთავაზება “ზენიტს”. ინგლისელებმა რუსებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვიტსელის გადაბირებით, რომელსაც “ზენიტთან” კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, იტალიური “რომა” და “მილანიც” არის დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ვიტსელმა რუსული პრემიერ ლიგის 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა, რაც მისთვის არც თუ ისე კარგი შედეგია.

Hurriyet: ლუჩესკუმ “ზენიტთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

“შახტარის” ყოფილმა თავკაცმა, მირჩა ლუჩესკუმ “ზენიტთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ინფორმაციას Hurriyet ავრცელებს.

როგორც თურქული წყარო ავრცელებს, 70 წლის რუმინელი სპეციალისტი ამ 3 წლის მანძილზე წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ლუჩესკუმ “შახტარი” 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ამ დროის მანძილზე კი მან უკრაინულ გუნდთან ერთად 22 ტიტულის მოგება მოახერხა (მათ შორის ევროპის ლიგისაც).

ვიტსელი: ” არამგონია “ზენიტმა” ჩემს სანაცვლოდ 40 მილიონზე მეტი მოითხოვოს”

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და რუსული “ზენიტის” ნახევარმცველი, ალექს ვიტსელი რუსულ პრემიერ ლიგაში დარჩენას აღარ აპირებს და ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

“მართალია, რომ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს, თუმცა კლუბმა იცის, თუ რა მინდა მე – უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში.

ვერ ვიტყვი, რომ კლუბიდან 100%-ით წავალ, მაგრამ ჯერჯერობით არც ახალ კონტრაქტზე დაგვიწყია მოლაპარაკებები. მინდა რომ სეზონი მაღალ დონეზე დავამთავრო და ევროპის ჩემპიონატს ფორმაში მყოფი შევხვდე.

“გასულ ზაფხულს მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ კლუბთან ვაწარმოებდი, თუმცა “ზენიტმა” ჩემი შენარჩუნება მოინდომა.მაშინ ჩემი ჩამნაცვლებლის მოძებნის დრო არ იყო, თანაც კლუბი ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებოდა.

როდესაც ფეხბურთელის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, არამგონია კლუბმა მის სანაცვლოდ ბევრი მოითხოვოს. ჩემი აზრით “ზენიტი” 40 მილიონზე მეტს არ მოითხოვს.” – განაცხადა ბელგიელმა, რომელსაც “მილანს” უკავშირებდნენ.

მანუელ პელეგრინი კარიერის გაგრძელებას ესპანეთში აპირებს

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი “ვალენსიაში” გარი ნევილის ადგილის დაკავებას აპირებს, რომელიც “ღამურების” თავკაცის პოსტს ზაფხულში დატოვებს. ამ ინფორმაციას La Cuarta ავრცელებს.

როგორც იცით, ჩილელი “სიტის” ზაფხულში დატოვებს, მას კი მიუნხენის “ბაიერნის” ამჟამინდელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა ჩაანაცვლებს.

აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 62 წლის სპეციალისტის გადაბირების სურვილი ლონდონის “არსენალმა” და რუსულმა “ზენიტმა” გამოთქვა.

თუმცა პელეგრინისთვის ბრძოლაში ფავორიტი “ვალენსიაა”. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მანუელს ესპანეთში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, მას შემდეგი კლუბების თავკაცის პოსტზე აქვს ნამუშევარი: “ვილიარეალი”, “რეალი” და “მალაგა”.