ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

“ბაიერნი” “მაჩესტერ იუნაიტედისგან” გაორმაგებულ თანხას ითხოვს

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები ჟერომ ბოატენგის ტრანსფერთან დაკავშირებით მკაცრად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და “მანჩესტერ იუნაიტედთან” დათმობებზე არ მიდიან.

გერმანული ტაბლოიდი Bild-ის მიერ გავრცელებული უალესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე ოფიციალურად შესთავაზა “რეკორდამისტერს” 25 მილიონი ევრო ტრანსფერში, მაგრამ უარი მიიღო.

“ბავარიელები” მხოლოდ 50 მილიონის შეთავაზების შემთხვეაში შეელევიან ბოატენგს. თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” მისი არენდის წესით აყვანის ვარიანტის დამუშავებასაც აპირებს.

“ბაიერნის” პრეზიდენტი: “ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ არა კლუბების, არამედ სახელმწიფოების წინააღმდეგ ვთამაშობთ”

მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. საუბრისას ჰიონესი “ბაიერნის” სატრანსფერო პოლიტიკასაც შეეხო.

“ბოლო ათი წლის მანძილზე საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, თუ ჩვენ გერმანიის ჩემპიონატს ოცი ქულის სხვაობით მოვიგებთ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავვარდებით, ვამბობთ, რომ ცუდი სეზონი გვქონდა.

ჩვენ ამ ტურნირზე არა სხვა კლუბების, არამედ სახელმწიფოების წინააღმდეგ ვთამაშობთ.თუ რომელიმე კლუბი იმის გამო გაქრება, რომ სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვიტავს, ეს ჩვენ ნამდვილად არ ვიქნებით. “ბაიერნი” მუდამ იარსებებს.

ტრანსფერები? თუ კონკრეტულ პოზიციაზე სათანადო დონის მოთამაშე არ გვყავს, მზად ვართ ფეხბურთელი 50, 60 ან თუნდაც 80 მილიონი გადავიხადოთ, მაგრამ არა ისეთი გიჟური თანხა, როგორიც 200 მილიონია,” – ციტირებს ჰიონესის სიტყვებს ESPN.

“ბარსელონა” “ბაიერნთან” არტურო ვიდალის ტრანსფერს ათანხმებს

ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იწერებიან არტურო ვიდალსა და “ბარსელონას” არსებული კავშირების შესახებ. როგორც ჩანს, კატალონიელები საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები ამ ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონამ” უკვე შეათანახმა ტრანსფერის ფასი მიუნხენის “ბაიერნთან” – “ლურჯ-ბროწეულისფრები” ჩილელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.

Sport.es-ის ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია და 31 წლის ჩილელი ბარსელონაში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის.

რუმენიგე: “რონალდუს ტრანსფერი? 33 წლის ფეხბურთელში ამდენს არასოდეს გადავიხდიდით”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე სატრანსფერო ბაზარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ფასების ასეთი ზრდა “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ქმედებებმა გამოიწვია. რუმენიგე რონალდუს ტრანსფერსაც შეეხო.

“საფეხბურთო სამყაროში ფულის ასეთი ინფლაცია “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” კისერზეა,” – აცხადებს “ინტერის” ყოფილი თავდამსხმელი Merkur-თან საუბრისას.

“ნახეთ რა შეძლო “რეალმა” მაშინ, როდესაც მათი დანახარჯები მინიმალური იყო. ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად სულაც არ არის აუცილებელი გიჟური ტრანსფერების განხორციელება, ჩვენი ფილოსოფიაც სწორედ ასეთია.

რონალდუს ტრანსფერი? გამიკვირდა ანდრეა ანიელიმ ასეთი რამ რომ დაუშვა, მაგრამ “იუვენტუსის” მდგომაროების გათვალისწინებით, შესაძლებელია ამის გამართლებაც. ჩვენ არასოდეს ჩავდებდით ასეთ თანხას 33 წლის ფეხბურთელში,” – განაცხადა რუმენიგემ.

ვატცკე: “ლევანდოვსკისნაირი ფეხბურთელებისთვის ას მილიონსაც გადავიხდი”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი ჰანს-იოაჰიმ ვატცკე მზადაა, რობერტ ლევანდოვსკის დაბრუნებისთვის მიუნხენის “ბაიერნს” 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

“რობერტმა ფეხბურთის, ჩვენი ჩემპიონატისა და კლუბის შესახებ ყველაფერი იცის. მხოლოდ ასეთი ფეხბურთელების ნდობა შეიძლება. ასეთი ფეხბურთელებისთვის მზად ვარ, 100 მილიონი ევროც კი გადავიხადო.

დღესდღეობით საუკეთესო ფეხბურთელებს 50 მილიონად ვეღარ იყიდი, მათი ფასი 100 მილიონიდან იწყება.ჩვენც შეგვიძლია ამდენის გადახდა, თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიქნებით ფეხბურთელში.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, მირჩევნია თავად შევქმნათ ვარსკვლავები. “ბორუსია” ერთ-ერთ საუკეთესოა ამ საქმეში,” – დაამატა ვატცკემ.

შეგახსენებთ, რომ “ბავარიელთა” პოლონელი თავდამსხმელს ძალიან უნდა კარიერის მადრიდის “რეალში” გაგრძელება.

ლევანდოვსკი კვლავ “რეალში” გადასვლაზე ოცნებობს

რობერტ ლევანდოვსკი კვლავ არ ეშვება მადრიდის “რეალში” გადაბარგებაზე ფიქრს, თვლის რა, რომ მისი “ბავარიული” კარიერა დასასრულს მიუახლოვდა და თავისი შესაძლებლობები უკვე ამოწურა.

როგორც ცნობილი ხდება, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი უკვე იმყოფებოდა მადრიდში, სადაც “ბლანკოსის” ხელმძღვანელებს გაესაუბრა პოლონელი ფეხბურთლის ტრანსფერის შესახებ.

პრობლემას მიუნხენის “ბაიერნი” წარმოადგენს, რომელთანაც ლევანდოვსკის კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. ამასთანავე მადრიდულ გრანდს არ სურს ურთიერთობა გაიფუჭოს გერმანელ მეგობრებთან.