“წითლების” ლეგენდა: “ლივერპულს” კოუტინიო “ბარსელონაში” უნდა გაეშვა”

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდას, გერმ სუნესს ეჭვი ეპარება, რომ კოუტინიო ისეთივე მონდომებით შეძლებს თამაშს, როგორც ადრე, მას შემდეგ, რაც კლუბმა მას “ბარსელონაში” წასვლის უფლება არ მისცა.

“კლუბმა საკმაოდ გარკვევით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – ისინი კოუტინიოს გაყიდვის ვარიანტს არც კი განიხილავდნენ. მაგრამ საკითხავი ისაა, როგორი იქნება კოუტინიო მომავალ სეზონში?

გასახდელში აუცილებლად იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კოუტინიო დიდად არ მოსწონთ და ამიერიდან მას უფრო ახლოდან დააკვირდებიან.

შეძლებს კოუტინიო ისეთივე მონდომებით თამაშს “ლივერპულში”? ამაზე პასუხს მხოლოდ ის გაგვცემს. კლუბს ის “ბარსელონაში” 100 მილიონ ფუნტად უნდა გაეყიდა,” – აცხადებს გერმი.

დემბელე: “შევეცადე, მესისთვის ან ინიესტასთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა”

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა.

“ბარსელონას” თამაშებს, რა თქმა უნდა, ვუყურებდი. გამორჩეულად, ორი შეხვედრა დამამახსოვრდა. პირველი “ბარსასა” და “ჩელსის” დაპირისპირებაა. მახსოვს, როგორ გაიტანა ინიესტამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამსველლი გოლი. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ და გავესაუბრები ანდრესს.”

“ხოლო, მეორე მატჩი ისევ ჩემპიონთა ლიგიდანაა. ამ დაპირისპირებაში “ბარსელონა” “არსენალს” შეხვდა. მახოსვს, პირველ თამაშში ჩემს ამჟამინდელ კლუბს საქმე არც ისე კარგად წაუვიდა, თუმცა განმეორებით მატჩში ლიონელ მესიმ ოთხი გოლი გაიტანა. ეს ის მომენტი იყო, როცა გავაცნობიერე, რომ მესი დედამიწიდან არ არის.”

“ინიესტაზე იმას ვიტყვი, რომ ის ძალიან ელეგანტურია. მას განსაკუთრებული მოძრაობები აქვს – ანდრესი გენიოსია! “ბარსელონას” ბევრ თამაშს ვუყურე. განსაკუთრებით, სწორედ ეს ორი მოთამაშე მომწონს. შევეცადე, მათთვის მიმებაძა, თუმცა გამიჭირდა,” – აცხადებს დემბელე.

“ბარსელონამ” მუნირი “ალავესში” გაანათხოვა (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, მუნირ ელ ჰადადი მომავალ სეზონს იჯარის წესით “ალავესის” რიგებში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ესპანური გუნდების ოფიციალური ვებ-გვერდებიც ადასტურებენ.

მხარეებმა 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მიაღწიეს.

მუნირმაგასული სეზონი “ვალენსიას” რიგებში გაატარა, სადაც ის 1 სეზონით იყო განათხოვრებული. ამ უკანასკნელმა ლა ლიგის 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”

კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.

“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”

“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”

“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.

უსმან დემბელე: “ჩემში გადახდილი თანხის გამო განსაკუთრებულ ზეწოლას არ ვგრძნობ”

კატალონიური “ბარსელონას” ფრანგმა ახალწვეულმა, უსმან დემბელემ, რომელზეც საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ, კლუბთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ჩემთვის დიდი პატივია ისეთი ფეხბურთელის გვერდით თამაში, როგორიც ლეო მესია. ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. აქ იმისთვის მოვედი, რომ ვისწავლო. ბედნიერი ვარ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში რომ მოვხვდი და მინდა ახალ გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

ჩემში გადახდილი თანხის ოდენობა არანაირ ბარიერს არ წარმოადგენს, დამატებით ზეწოლას ვერ ვგრძნობ. ეს ჩემი ბრალი არაა, ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე სიგიჟეები ხდება. ამისთვის ყურადღების მიქცევას არ ვაპირებ.

ნეიმარი დიდებული მოთამაშეა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ მე მასზე უფრო ახალგაზრდა ვარ, ჯერ მხოლოდ 20 წლის ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო გავძლიერდე,” – აცხადებს უსმან დემბელე.

ტიერი ანრი: “კოუტინიო ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს”

“ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ფილიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლივერპულს” დაუბრუნდება და კატალონიაში მომავალ წელს გადავა.

“რთულია კოუტინიოს მდგომარეობაზე საუბარი, რადგანაც მე მის ადგილას არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც წასვლა მომინდა, მაშინვე დავტოვე კლუბი.

მე მას “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ, ის ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს. სუარესს წასვლა უნდოდა, თუმცა კლუბმა ის არ გაუშვა. ლუისი პროფესიონალურად მოიქცა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. ვფიქრობ, ფილიც ასეთი ტიპის ადამიანია.

შესაძლოა, მას ძალიან უნდა წასვლა, მაგრამ ვალდებულია “ლივერპულში” დაბრუნდეს – ფანებს ის ძალიან უყვარს და მასაც ძალიან უყვარს თავისი კლუბი.

დაბრუნდი, ჩაატარე კარგი სეზონი და დაელოდე, რა მოხდება მომავალ წელს. სუარესის გზას გაჰყევი,” – აცხადებს ტიერი ანრი.

პაულინიომ “ბარსელონაში” ჩატარებული სადებიუტო მატჩი შეაფასა

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა, 29 წლის პაულინიომ “ბარსელონას” მაისურით სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ პრესასთან შთაბეჭდილებებსა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

“ჩემი დებიუტით კმაყოფილი ვარ, მიხარია, რომ რამდენიმე წუთით შევძელი მოედანზე გასვლა. ბევრი უნდა ვიმუშავო, რათა გუნდში ადგილი დავიმკვიდრო და ჩემს ახალ თანაგუნდელებსაც უკეთ გავუგო.

“ალავესი” კონტრ-შეტევებზე თამაშობდა და დაცვაშიც საკმაოდ ორგანიზებულები იყვნენ. ჩემი გუნდი კი მშვიდად და თავდაჯერებულად მოქმედებდა, ეს შედეგი დავიმსახურეთ,” – აცხადებს პაულინიო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე პაულინიო “გუანჟოუ ევერგრანდის” ღირსებას იცავდა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 27 აგვისტო


სანჩესი 400 000 ფუნტიან ხელფასს ითხოვს

ლონდონის “არსენალის” ჩილელი ლიდერი, ალექსის სანჩესი კლუბისგან 400 000-იან ხელფასს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის გუნდს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს, რომლის გადაბირების სურვილსაც “მანჩესტერ სიტი” გამოთქვამს, მიმდინარე კონტრაქტი ზუსტად 12 თვის შემდეგ ეწურება.


“არსენალი” ასენსიო ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი კლუბისგან მარკო ასენსიოს ტრასნფერს ითხოვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Epress ადასტურებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი 21 წლის მარკო ასენსიოს რეგულარულ სათამაშო დროს პირდება, რისი გარანტიც მას მადრიდულ გრანდში ნამდვილად არ აქვს.


“ბარსელონა” კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულია

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერში დარწმუნებულები არიან.

როგორც იცით, “კამპ ნოუზე” თამაში თავად ბრაზილიელი ფეხბურთელის ოცნებასაც წარმოადგენს, თუმცა “ლივერპული” მისი გაშვების კატეგორიული წინააღმდეგია.


“ევერტონი” “ჩელსისთვის” ვარდის წართმევას გეგმავს

მერსესაიდის “ევერტონის” ხელმძღვანელები “ლესტერ სიტის” 40-მილიონიანი შემტევის, ჯეიმი ვარდის დამატებას აპირებენ, რომლისთვისაც ლონდონის “ჩელსიც” იბრძვის. ამ ინფორმაციას Sunday Mirror-იც ადასტურებს.

დიდი ალბათობით, ვარდი არჩევანს “ევერტონზე” გააკეთებს, სადაც მას უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას პირდებიან.


კილიანი გუნდს დაუბრუნდა – მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა?

ლიგა 1-ის ეგიდით, “მარსელის” წინააღმდეგ გასამართი მატჩამდე “მონაკოს” რიგებში გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა, კილიან მბაპე დაბრუნდა, რომელსაც საკმაოდ აქტიურად აკავშირებენ “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან.

როგორც იცით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდო ჟარდიმმა მბაპეს ლიგა 1-ის ბოლო ორ მატჩში თამაშის უფლება არ მისცა, რადგანაც ის თამაშისთვის 100 პროცენტით მზად არ იყო (ფსიქოლოგიურად), დღეს კი ის კვლავ დაბრუნდა განაცხადში.

18 წლის ფეხბურთელი “მარსელთან” გასამართი მატჩის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს უნდა შეუერთდეს, რაც მისი 150-მილიონიანი ტრანსფერის შანსებს ამცირებს.


დეულოფეუმ შესაძლოა, “ბარსელონა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს

Corriere dello Sport საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ნაპოლის” მესვეურები ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ჟერარდ დეულოფეუს ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ.

როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ნეაპოლელებმა “ნიცას” ბარიერი უნდა გაიარონ. იტალიაში გამართული პირველი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა. განმეორებითი მატჩი კი სამშაბათს გაიმართება.

დეულოფეუს “ნაპოლიში” გადასვლა კი თავის მხრივ, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერებზეა დამოკიდებული,რაც დეუოფეუს მნიშვნელოვნად შეუზღუდავს სათამაშო დროს.

ვალვერდე: “ნეიმარის წასვლა მოულოდნელი იყო, მაგრამ უნდა დავივიწყოთ”

ესპანეთის ლა ლიგაში ჩართვამდე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესასთან ისაუბრა და ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზიც განმარტა.

“ტრავმები ფეხბურთში ჩვეულებრივი რამ არის, რაც სუარესის შემთხვევაშიც მოხდა. ისიც მესმის, რომ მოსისხლე მტერთან წაგება და უტიტულოდ დარჩენა გულშემატკივრებში იმედგაცრუებას იწვევს.

მაგრამ ნეიმარის წასვლა სხვა საკითხია, ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის. ამის გამო გეგმების შეცვლა მოგვიწია, ახლა სხვაგვარად უნდა ვიმუშავოთ წარმატების მისაღწევად.

ეს უნდა დავივიწყოთ და მომავალზე ვიფიქროთ,” – აცხადებს ვალვერდე, რომლის გუნდიც პრიმერადივიზიონის პირველ ტურში “რეალ ბეტისს” მიიღებს საშინაო მოედანზე.

მესის ლა ლიგის პირველ ტურში მარტო ბრძოლა მოუწევს (კარიკატურა)

კვირას ლა ლიგა სანტანდერის პირველ ტურში კატალონიის “ბარსელონა” “რეალ ბეტისს” დაუპირსპირდება. “ბლაგურნას” ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით, ტრავმირებული ფეხბურთელები, ლუის სუარესი და ხერარდ პიკე არ ეყოლება. ასევე, კლუბი დატოვა ნეიმარმაც – ვერც ის ვეღარ დაეხმარება შეტევას გოლების გატანაში.

აღნიშნული სიტუაციიდან გამოდმინარე, ინტერნეტში ზეზოს ასეთი კარიკატურა ვრცელდება.

 

პიკემ შესაძლოა, ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ შესაძლოა, პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

ესპანელმა გუშინდელ “ელ კლასიკოში”, მეორე ტაიმის მიწურულს იგრძნო მარცხენა ფეხის დამატების კუნთში ტკივილები. როგორც გაირკვა, ხერარდს მიკროტრავმა აქვს და კუნთის დასვენების მიზნით, მან შესაძლოა, ოც აგვსიტოს აღნიშნული მეტოქის წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

აქვე გეტყვით, რომ ლუის სუარესიც არის ნახსნები შეხვედრის გამოტოვების საფრთხის წინაშე. მას მარჯვენა მუხლზე აქვს დაზიანება.